სელამ ალეიქუმ
აღმართში წამოვეწიე
და მოხუცს კრძალვით მივართვი
ჩვენი ქართული სალამი,
სავსე გულით და სინათლით.
ღიმილით გამოიხედა
და წრფელად გამეპასუხა,
მაგრამ იმ უცხო სალამმა
მე კიდევ ერთხელ დამსუსხა.
ის ორი სიტყვა მწველია,
ახლავს უდაბნოს ნაცარი,
არაბეთიდან მოსულა,
მოუტანია ხანძარი...
სიცოცხლე რომ შერჩენოდა,
თავისას მტერთან მალავდა
და წინაპარი მტრის სალამს
მიტომ ხმარობდა სალამად.
დღეს კი, რა ღმერთი გაგიწყრა,
რაღა გაქვს დასამალავი _
ქართული ენის პატრონმა
სხვისგან ისესხო სალამი?!
ნუ გეწყინება, ბიძია, _
უმცროსი შეგეკამათე,
მაგრამ მცოდნე რომ გყოლოდი,
შენ ხომ ამისთვის გამათბე.
შენ ხომ ამისთვის იწვალე,
სიმი ჩანგს ჩემთვის გაუბი...
შენი ქართულის ჭირიმე
და შენი ტკბილი საუბრის.
დაღმართში წამომეწია
და, როგორც ჩვენში იციან,
მოხუცმა "გამარჯობაზე"
თქვა: "გაგიმარჯოს, ბიძია".
1961