ტაო
ჯანსუღ ღვინჯილიას
ტკივილით ვტირი ბოლო კურცხლამდე,
ავსულს კი, რაგინდ მკლას და მედავოს,
არ ვარ მხედარი, მაგრამ ვუცხადებ _
ვერ მივატოვებ მაინც მე ტაოს.
ვინ თქვა _ იწყება იქ დასასრული, _
ვუვლი სიყვარულს შეუდარებელს,
ზღუდე-შრეებით შუბლდაშაშრული
მიწა შვილს შველას მემუდარება.
რა ვქნა, ხანდახან მაინც დავენდე
ჩემი ნატყვიარ სიტყვის მკეტავებს,
მაგრამ ნუ სჯერათ, ბოლოს არ ვეტყვი,
ვერ დავივიწყებ მაინც მე ტაოს.
შენ კი, მოდარდევ, თანამოკალმევ,
თუმც ვერ ვადარებთ დღეის ტაროსებს,
სანამ დარდები მთლად არ მომკლავენ,
მითხარი მაინც რამე ტაოზე.
1999