ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

შემოდგომაზე გაგვახსენდება 

ვუახლოვდები ბუხრიან ოდას,
ყორეზე ყივის შავი მამალი,
მე ნალიასთან ვიყნოსე ცოტა
ფიჩხების კვამლი, როგორც წამალი.

კვლავ მომეხვია მოხუცი დედა,
კვლავ მომიტანა ღაზლის წინდები,
მე კი დარცხვენილ თვალებით ვხედავ, _
კაბა აცვია შარშანწინდელი.

შვილებმა ვიცით მშობლების ქება,
როცა ხელთაა სავსე თასები,
მაგრამ ხანდახან არც გაგვეგება
ნამდვილი ფასი ამ დაფასების.

ხელცარიელი შევაღებთ კარებს,
გარეთ გავათრევთ მძიმე კალათებს,
დედას ვუტოვებთ მოწყენილ თვალებს,
ჩვენს თავთან თეთრად ღამეგანათევს.

წავალთ, გაგვართობს შეხვედრა სულ სხვა,
ვითომდა ლუკმა ცით გვეძლეოდეს...
და ძმაბიჭებთან სუფრაზე უხვად
დავაწყობთ ახალ სადღეგრძელოებს.
ის კი _ მშობელი, სოფელს რომ უვლის
და ჩვენი ნახვის ნატვრით ბერდება,
შემოდგომაზე ყურძნების წურვის
დროს ხელმეორედ გაგვახსენდება.


??????