ჩემი აღმართ-დაღმართები
ისე გვიყვარს ერთმანეთი,
მე და ეს გზა ერთურთს ვერთვით,
რომ გავკვეთოთ ჭირთა რისხვა
ამნაირი დღით და ბედით,
უხატია ჩემი ღმერთი
ჭოროხსა და აჭარისწყალს.
აქ ეს ჩქერი, მტვერი, კვამლი
და ყივილიც მთაში მამლის
ტკბილი არის სალამივით,
მე არ მინდა სხვა ქონება,
ამნაირი შთაგონება,
ღმერთო, მომე სანამ ვივლი.
მარად საქართველოს მადლით
და მის ტკივილებში გათლილ
რწმენით თუ ვიდოდი მუდამ,
ზოგს ეგონჯა ჩემი კარგიც,
სძულდა ზოგსაც ჩემი დარდი,
სიყვარულიც ჩემი სძულდა.
ო, აჭარავ, შენ რომ გხედავ,
ვწერ კი არა, სისხლად ვწვეთავ,
შენსას უკეთ ახლა ვხვდები...
გზები განა მაბერებენ?!
უბრალოდ, წლებს აბევრებენ
შენი აღმართ-დაღმართები.
1990