ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

წვიმის წინ 

ცაზე ახლა ღრუბლის კაცი
ჭიმავს ელვის სადავეს,
მოვა ალბათ წვიმა აწი
და ჯეჯილებს გადარევს.

მოვა ალბათ წვიმა მალე,
გააბრუებს ტაროებს,
გვალვიანი მიწა დალევს
ლაჟვარდების წყაროებს.

ყველაფერი მოვა მალე,
შენც მოჰყვები ალიონს,
რომ ღიმილით, ვით სინათლე,
ჩემმა თვალმა დალიოს.

??????