"ჟამი ესეცა წარვლის..."
იესე ბარათაშვილის ბეჭდის წარწერა.
ყველას დრო წასულა,
ჩემი დროც წავა,
ყველა მზე ჩასულა,
ჩემი მზეც ჩავა...
აქეთ ნატბეური,
იქით ნამარნალი,
ხმალი - წართმეული,
იყო... აღარ არი.
მოდი და,
ეს იყოს
მაინც საცნაური:
მომავალს ვესიტყვოთ
სიტყვით აზნაურით,
თორემ დრო წასულა,
სიცოცხლეც წავა,
ჩემი მზე წასულა,
შენი მზეც ჩავა!
1958 წ.
თბილისი