ადრეა
ისე საოცრად ნამლევა გოგო,
ისეთი მორცხვი და კაფანარა,
ვით ნაწვიმარზე მოსული სოკო...
მე ქუჩის თავში თუ გამოვჩნდები,
შენ ქუჩის ბოლოს შეუხვევ უცებ,
თუ ერთი გზა გვაქვს -
ჩვენ დამორცხვებით
და უხერხულად მივყვებით ქუჩებს.
ვდუმვართ, ნაბიჯი ვერ აგვიწყვია...
უსიტყვოდ უნდა ვუმზიროთ დღესაც -
მე, ქვევით:
შენი თვალების წყვდიადს,
შენ, ზევით:
ჩემი თვალების ზეცას.
საით წავიდეთ, რა ვთქვათ ისეთი...
რომ გაგაცილო, სად გაგაცილო?
ქუჩაში როგორ გამოგყვე გვერდით
აგრე პატარას და სასაცილოს?!
სანამ სხვა ვინმე ამას გეტყოდეს -
გეტყვი, ნათქვამი ნუ გაგაოცებს,
ნეტავ მინდოდე, ნეტავ გეტრფოდე,
ხელში აგიყვან, ისე გაკოცებ!
მაგრამ ეს გული მართალი ცამდი,
შენი ოცნების ვარსკვლავი კენტი -
ამბობს: პატარავ, შენი გზით წადი,
ჯერ სიყვარული ადრეა შენთვის!
1956 წ.