მესხი რობერტ
გაზიარება

გამოგვასახლეს 

ჩვენ გამოგვასახლეს ციდან
(თოვლი არაფერ შუაშია, უბრალოდ დაემთხვა)
დადგნენ გაფუყული პოლიციელები,
გააკეთეს დერეფანი,
და თეთრი ხალიჩის გავლით
ხელკავით ჩამოატარეს
მოხუცებულები,
ინვალიდები,
შვილმოკლული დედები,
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი,
სტუდენტები,
ახალდაქორწინებულები...
ფოტოალბომები,
სარეცხის მანქანები,
ბაზრობაზე ნაყიდი მეორადი ავეჯი...
და ოპერატორები გვიღებდნენ ვიდეოს...
და ერთადერთი მწვანე,
რომელიც ამ სიუჟეტში შემთხვევით გაერია,
იყო მინის სათამაშოებით მორთული ნაძვისხე...
- დარეკეთ მის პატრონთან? – კითხულობდა ერთი,
სხვაზე გაფიქრება რომ შეძლო...
– დავრეკეთ უკვე! – პასუხობდა მეორე...
– რაო მერე?..
– გზაში ვარო, გზაში, გზაში, გზაში...
ჩვენ გამოგვასახლეს ციდან,
საკუთარი თავებიდან გამოგვრეკეს გუშინ
და იარეთო გვითხრეს,
ასე:
პირდაპირ,
ირიბად,
მარჯვნივ,
მარცხნივ...
წრეზე,
კვადრატზე,
კუბზე...
და ლოკეთო მარილი –
საკუთარი თვალები,
თოვლში ჩარჩენილი აქა–იქ...

??????