თვალადური რთველი
ცვივა თენების ცვარი,
გამქრალა ხომლი, ჩასულა მთვარეც.
ვიღაც იძახის -
აანთეს კვარი,
გათავდა ღამე: ერთი სიზმარი ....
და გაღებული ჭრიალით კარი
უხმობს მეორე დახურულ კარებს,
იელვებს ჭრაქი -
როგორც ცისკარი,
და ორმოც ოჯახს გამოშლის გარეთ.
ისმის ყიჟინი,
იწყება რთველი,
საკრეფელებში მტევნების ცვენა.
სხვანაირია რთველში ქართველი,
როგორ ამშვენებს ქართველ ვენახს!
ბერიკაცები
მარნის კარებთან
უძღვიან ურმებს ტკბილი ღიღინით,
ახალ მოსავალს მარანი ხვდება
ღვინობისთვესი ძველისძველ ღვინით.
და ვით მდინარე
უზარმაზარი -
მარანში დინჯად შემოდის ზვარი...
ჯერ ისევ ციივა...
კოხტა ბიჭები '
წაღებს იხდიან აცახცახებით,
მრავალჟამიერ...
ზანზარებს ჭერი,
ჯერ ისევ უხოდ დგას საწნახელი.
თაროზე,
მარნის მუნჯი მდგუმრები -
ჩამწკრივებულან ქაშანურები.
ჩამომხობილნი
ჯამზე ჯამები
შეტოლებულან ვით მაჯამები.
აქ თვალადური მასპიძნლობს ეშხი,
და როგორც მთვრალი მოგზაურები
მარანში, ზვარსი და საწნახელში -
მოგზაურობენ გოზაურები
1940 წ.
თვალადი.