შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

შვილის დალოცვა 

ერთი შვილი - არაშვილი! 
ორი შვილი - ვითომ შვილი! 
სამი შვილი - მართლა შვილი 
ხ ა ლ ხ უ რ ი 


ამერიდან ნუ მოეშლება 
შენს ახალ ოჯახს სიკეთე ბევრი, 
დაგბედებოდეს პირველ მერცხლებად: 
ქალი - ივერი, 
ვაჟი - იბერი! 

ქალი, ივერი - სინაზე ერის, 
მისი ჩუქურთმა, მისი ყვავილი. 
ვაჟი, იბერი - სიმტკიცე ერის, 
მის მკერდზე ბურჯად ამოყვანილი. 

პირველი წყვილი იგულე თავნად, 
ზარდე სამშლობლოს ხარკად და სესხად, 
ხნულში სახნისის პირველ გამტანად - 
რომ სიკეთის ხეს კვლავაც მოესხას. 

დედის ხსენებას და მამის სახელს 
ნუ ამოაგდებ შენს ტკბილ ოჯახში, 
დედის სახელი ქალს დაუძახე, 
ჩემი სეხნია გაზარდე ვაჟი! 

ისე გაზარდე, ისე არწიე, 
არ გააგონო ბალღს ავქართული, 
დააფრთხიანე, დაარწივე 
სულ თავანკარით და ნაკადულით. 

ტკბილი ქართულით ენა აუცერ, 
გზა უწაღმართე, გაუძეხ გზებზე. 
საყვარელ მცნებად გულს დაუწერე:
რა ენა წახდეს, ერი დაეცეს! 

1960 წ. 
თბილისი. 

??????