პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

19 ოქტომბერი 


ტყეს ეძარცვება მეწამული ტანსაბურველი, 
გადამხმარ მიწას ეფინება ვერცხლის ზეწარი, 
გამოიხედავს უცაბედად დღე უეცარი, 
და მთების იქით იკარგება დღე სასურველი. 
ამ ჩემს სენაკში იგიზგიზე, ჩემო ბუხარო; 
და შენ კი, ღვინო, სიცივეში ერთგულო ტოლო, 
გადაეღვარე ტკბილ შარბათად ჩემ სიმწუხარეს, 
რომ მწარე ტანჯვას ერთი წუთით მოუღო ბოლო. 



ამხანაგებო, დღეს გვაქვს ჩვენი დღესასწაული. 
აღთქმული ვადა. და დღეს ჩემგან დაშორებული, 
სასიყვარულოდ თავს მოიყრის თქვენი კრებული, 
და ჭიქის ხმებით გაჩაღდება თქვენი ხმაური. 
თქვენ შეიკრებით და უეცრად აივსეთ ლხენით, 
და განახლებით გინდათ დაღლილ სულის აშვება, 
გსურთ ლაპარაკი დაუვიწყარ ლიცეის ენით 
და სიცოცხლესთან თავისუფლად გათამაშება. 

3

სულით თქვენთან ვარ, ეგ ნადიმი მსურს სანაქებო, 
აგერ გიცქერით, მკერდში გიკრავთ სულზე უტკბესებს, 
დღესასწაულზე მე ვამაყარებ მიღებულ წესებს, 
შთაგონებულსა, მომისმინეთ, ამხანაგებო: 
ოცდაათისთვის დაამზადეთ ისევ სკამები. 
დასხედით ისე, ვით იყავით წინათ ჩვეული, 
და მოვიგონოთ ჩვენი წმინდა სახლის წამები, 
როცა ხარისხით გვქონდა სკამი ამორჩეული. 



მინერვის პაჟი მეთაურად უნდა გვეყოლოს, 
სპარტანულ სულით, მომხიბლავი, გასაკვირელი, 
ისევ ვოლხოვსკი, მეგობრებო, დაჯდეს პირველი, 
ბროგლო, ან დანზას, ან მე ალბათ დავსხდებით ბოლოს, 
ვიზრუნოთ კიდევ სანადიმოდ არ მოსულ ძმებზე, 
მათთვის ადგილი ცარიელი დარჩება მარად, 
ისინი მოვლენ: თარეშობენ აწყვეტილ ზღვებზე, 
ან ცაცხვის ჩრდილში მოწყობილან მდუმარედ, წყნარად. 

5

და გაკვეთილებს ზეპირობენ მშრალს, აბეზარებს, 
შეექცევიან დამალულად რომანს სხვანაირს, 
ან იგონებენ სატრფიალო ვნებიან შაირს 
და იმავე დროს ივიწყებენ შუადღის ზარებს. 
ისინი მოვლენ. და ჩვენს სუფრას მოუსხდებიან
და თავის ჭიქას აავსებენ მჩქეფარე ღვინით, 
აშლილ ხოროში როცა ხმები გაცეცხლდებიან, 
ჩვენი პეონიც დაიგრგვინებს ისევე ლხენით!



ოცნების ჯარო! მეგობარი არავინ არი,
ვისთანაც ღვინომ დამავიწყოს მე განშორება, 
ვისაც პოეტი წმინდის გულით ეამბორება, 
რომ თან უსურვოს მას ცხოვრება მოუწყინარი. 
ვსვამ მარტო ღვინოს: საშინელის ამაოებით 
ვიძახი, მაგრამ მეგობარი არ მოდის ძველი, 
ვერ გავიხარებ ნაცნობ ხმების მოახლოებით 
და ჩემი სული ჩემთვის ძვირფასს არავის ელის. 

7

ვსვამ მარტო ღვინოს: მეგობრები ახლა ნევაზე 
მე მიმართავენ დღეობას და ემზადებიან: 
ნუთუ ყველანი სანადიროდ ჩამოსხდებიან? 
გაკლიათ ვინმე სათვალავში, გამოწვევაზე? 
ვინ არ მოვიდა? ვინ დასტოვა თქვენი კრებული? 
ვინ გაიტაცა ცივ ქვეყანამ გაფითრებული? 
ვისი პასუხი ვერ მიიღეთ ძმობის ძახილზე? 
ვინ არ მოვიდა? ვინ დასტოვა თქვენი კრებული? 

8

ბავშვურ თმიანი არ მოვიდა ჩვენი მგოსანი 
ცეცხლის თვალება . . . მომღერალი ტკბილი ხმიანი: 
მას საფლავს ჰფარავს ახლაც სურო სქელფოთლიანი 
და მას გვინახავს იტალია ლაჟვარდოვანი. 
არვინ ამოჭრა მის საფლავზე ცივ ასოებით 
რუსულ ენაზე ორიოდე სიტყვა კეთილი, 
სალამს ვერ იგრძნობს იქ მოწყენით და სასოებით 
უცხო მხარეში დაკარგული ჩრდილოეთელი. 



ხარ მეგობრებში - სადაც ძმური ცეცხლი ანთია, 
დაუდგომელო საყვარელო უცხოელ ცათა, 
თუ გადალახავ ძველებურად ტროპიკს შანთიანს 
ან ჩრდილოეთის ყინულებმა შემოგანათა. 
გადააბიჯე შენ დიდ ხომალდს ოკეანისას, 
არჩეული გზა შენთვის გახდა ზღვა იმ წამიდან, 
ძვირფასო შვილო დიდ ტალღების და გრიგალისა! 

10 

პირველყოფილი ალი შენში ვერ ჩაქრებოდა, 
თუმცა გაქვს ბედი დაბურდული და უცნაური; 
სიამოვნება და ლიცეის აურზაური 
მშფოთვარ ტალღებში შენ ყოველთვის გენატრებოდა. 
ზღვიდან გვიცქერდი, ჩვენი ძმობა და სიყვარული 
შენს ბავშვურ სულში შეინახე იმედის ფარად, 
ხომ არ გვაშორებს - შენ ამბობდი - ხანგრძლივად, მარად 
ჩვენ ერთმანეთთან ჩვენი ბედი, ბედი ფარული. 

11

ამხანაგბო, ჩვენი დასი უტკბილესია! 
ის როგროც სული უკვდავია და მარად მთელი - 
თავისუფალი, უზრუნველი და შეუხრელი, 
იგი გამტკიცდა, როცა მუზათ ხმები გვეწვია. 
ბედის ბრძანება არ გვაშინებს და სულ ერთია 
ყველი მხარე, ყოველი მზე და ზეცის თაღი. 
ქვეყნიერება ჩვენთვის მართლაც უცხოეთია, 
მაგრამ სამშობლოდ მიგვაჩნია ლიცეის ბაღი. 

12 

მხრიდან მხარეს მდევდა ჩემი ბედის ქუხილი, 
დიდხანს ვიყავი გახლართული ბედის ბადეში, 
ახალ ძმობაში, იქნებ ჩქარში და უცაბედში 
დასასვენებლად შევიტანე ჩემი წუხილი. . . 
ახლოს ვიგრძენი ნაღველი და მუხანათობა, 
როს სხვა მეგობრებს დავეწაფე გუის ერთობით 
და დავაპირე ალერსიან სულით დანდობა, 
მათი პასუხი იყო სავსე უკუღმართობით. 

13 

ამ ყრუ სოფელში, შეჩვეული მარტოდ წამებას, 
ამ უდაბნოში, ქარში, როცა ცივად ბნელოდა, 
მე სიხარული უტკბილესი თურმე მელოდა: 
აქ ჩავეკონე, მეგობრებო, მე თქვენს სამებას. 
მიტოვებული, განწირული პოეტის ბინა, 
ო, პუშჩინ ჩემო, შენ პირველად მოდი და ნახე. 
შენ დამავიწყე, მარტოობამ რაც მომივლინა, 
იმ დღეს მიეცი შენ ლიცეის დღეობის სახე. 

14

რად არ გაიხსნა მაშინ შენთვის ჩემი კარები,
ჩვენო კაზაკო, ფიცხი რომ ხარ, მაგრამ კეთილი, 
რად არ აავსე ჩემი ბინა გამოკეტილი 
შენ მეგობრული ნათელ შუქის აელვარებით. 
ჩვენ ტრფიალების სამსხვერპლოზე მიგვქონდა ერთად 
ჩვენი პრიველი სიყვარულის ჩუმი ზვარაკი, 
ერთი ქალისთვის გატაცებულ გულებით ძგერდა 
სამივე ტოლი, სამივე ძმა და ამხანაგი. 

15 

ბედნიერება ბავშვობიდან არ გერიდება, 
მიიღე ქება - ვერც ფორტუნას სინათლე ცივი 
შენ სულს ვერც ცვლის თავისუფალს - და მზიურ სხივით 
ისევ უნათებს ამხანაგებს შენი დიდება. 
სხვა კვალი მოგვცა ჩვენ ცხოვრებამ სიმკაცრით სავსემ, 
სიმწიფის ზღვარზე დავიფანტეთ ჩვენ უბედურად, 
მაგრამ შემთხვევით გნახე სოფლის ძველ შარა გზაზე 
და გადავკოცნეთ, ჩავეკარით ერთმანეთს ძმურად. 

16

როცა დამატყდა ბედი ავი და სამრისხანო, 
ყველასთვის უცხო, დავრჩი ობლად და საცოდავი, 
ქარიშხლის წინ მე დავღუნე მორჩილად თავი, 
შენ მოგელოდი, - შენ პერმესის ქალთა მისანო, 
და მოდი კიდეც - აგზნებული გახდა სტუმარი, 
ო, დელვიგ ჩემო, გააღვიძე ულხინეს ხმებით 
ცეცხლი ჩემს გულში ჩამქრალი და დიდხანს მდუმარი, 
და ჩემი ბედი მოვიხსენე მე ისევ ქებით. 

17 

ჩვენ ბავშვობიდან შევეჩვიეთ ლექსად გალობას, 
და აღელვება განვიცადეთ ჩვენ საოცარი; 
ჩვენი ბავშვობის ორი მუზა იყო მლოცავი, 
გვეფერებოდა უტკბილესი მათი წყალობა. 
უკვე მიყვარდა მე მაქებარ ხმის გაგონება,
შენ კი ამაყი სულისათვის მხოლოდ მღეროდი, 
ცხოვრებისათვის მე ვფლანგავდი ჩემს შთაგონებას, 
შენ კი მალავდი მადლს სიჩუმის ნელი ჩეროთი. 

18

პოეტის ხვედრი ვერ მოითმენს სულმოკლეობას, 
მშვენიერება უნდა იყოს მუდამ ძლიერი. 
მაგრამ სხვას გვირჩევს ჭაბუკობა მუდამ ცბიერი, 
შევეხარებით ჩვენ ოცნების ხმიან დღეობას. . .
წუთით ვჩერდებით - გვიან არის! აღარ გვიცდიან 
წარსულის დღენი, წარსულის კვალს ხავსი მოედო. 
ვილჰელმ, ორთავეს ჩვენ ეს ხშირად გამოგვიცდია, 
ხომ ჩემო ძმაო ხორციელო, ჩემო პოეტო. 

19 

დრო არის, დროა! ჩვენი სულის მწარე წვალებად 
არ ღირს ქვეყანა; დავივიწყოთ ჩვენ შეცდომები, 
შევმალოთ სადმე ცხოვრება და ჩვენი ნდობები! 
გვიანო ძმაო, მეგობარი გენაცვალება - 
მოგელი, მოდი: აიბეჭდოს ჩვენს სახეებზე 
ის სიხარული, ძველ ცეცხლად რომ მოგვეკიდება, 
ვილაპარაკოთ კავკასიის მშფოთვარ დღეებზე 
და მოვიგონოთ სიყვარული, შილლერ, დიდება. 

20 

ჩემთვისა კმარა . . . მოილხინეთ, შესვით დარდები! 
ნუღარ ექნება, მეგობრებო, ნადიმს ნაპირი; 
დაიმახსოვრეთ თქვენ პოეტის ხმა პირდაპირი, 
ერთი წლის შემდეგ თქვენს კრებულში მეც მოვვარდები; 
გაივლის წელი, მოვალ თქვენთან, გადაგეხვევით, 
რამდენი ცრემლი, რამდენი ხმა დატრიალდება, 
რამდენი თასი ამართული იქნება ზევით. 

21 

პირველი თასი, სავსე ღვინით, სავსე სრულებით, 
უნდა დავლოცოთ ჩვენი ძმობის სამარადისოდ. 
ქება ლიცეის - ეს სასმური მას მივათვისოთ
ბრწყინვალე მუზის დალოცვით და განკარგულებით. 
დალოცე მუზა, ბავშვობა და ოქროს წუთები, 
შავი მაგიდა, ამბოხება საღამოების, 
ლექსიკონები, დიდ სახელთა გასათუთება, 
ლიცეის ბრძენთა შენიშვნები, მზე იმ დროების. 

22

ილხინეთ, სანამ მეგობრები თქვენთან არიან. 
მაგრამ ვაი, რომ გვიმცირდება ჩვენი კრებული; 
ზოგი მოგვიკკვდა, სხვა მარტოა მიტოვებული, 
ბედი გვიცქერს და ვჭკნებით; დღენი მიიჩქარიან, 
ნელა ვცივდებით, იღუნება ჩვენი მხნეობა, 
შენ კი ახლო ხარ, აღსასრულის დღევ უკუღმართო. . . 
ვიღას ერგება, რომ ლიცეის დიდი დღეობა 
გადაიხადოს სიბერეში სულ მარტოდმარტო. 

23 

ძმა უბედური! ყველასათვის მეტი, გარეშე 
ახალ მოდგმაში. ჩარჩენილი გულის ცხელებით, 
მოაგონდება ჩვენი ძმობა, ჩვენი თარეში, 
დაფარავს თვალებს მოცახცახე თავის ხელებით . . . .
წუთის სალხინოდ - მწუხარებით გულგაგმირულმა 
მან გაატაროს ის დღე ხელში ღვინიან თასით, 
ისევ როგორც მე - მე ტუსაღმა და განწირულმა, 
სულ უზრუნველად გავატარე ეს დღე ძვირფასი. 

1825

??????