პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

დღეს გიაური თუ ხოტბას ამბობს... 

დღეს გიაური თუ ხოტბას ამბობს
სტამბოლზე, ხვალე ქუსლით სილაში 
მთვლემარ გველივით გათელავს სტამბოლს, 
წავა, დასტოვებს სტამბოლს ავადმყოფს, 
ჩასძინებია საფრთხის წინაშე. 

სტამბოლმა დაჰგმო ქადაგი თვისი;
აღმოსავლური სიმართლე რისხვით
ჩანთქა მაღრიბმა, ძველ მუხანათმა,
სტამბოლმა ცოდვილ სიტკბოებისთვის 
ხმალს და ლოცას მთლად უღალატა. 
გადაჩვეულა ოფლის მღვრელ ომსაც 
და ღვინით თვრება ვედრების დროსაც.

არა აქვთ რწმენა, წმინდა ალური;
სასაფლაოდან ცოლები ქვეყნად 
გზავნიან ბებრებს. გზებით ფარულით 
ბებრებს ჰარემში კაცები შეჰყავთ, 
და საჭურისი თვლემს მოქრთამული. 

სტამბოლს არა ჰგავს არზრუმ მთიანი, 
ჩვენი არზრუმი მრავალგზიანი; 
ბილწი სიამე ვერ გვართობს, ვერა, 
და არ ამოგვაქვს ურჩი ფიალით 
გამრყვნელი ღვინო, ცეცხლი და ჟღერა. 

ჩვენ ვმარხულობთ და სუსხის მთოველი
წყურვილს გვიკლავენ მზა შადრევნები. 
ბრბო უშიშარი და უნდობელი - 
ომში მიჰქრიან ჩვენი მხედები;
ჩვენი ჰარემი მიუწვდომელი - 
საჭურისები ერთგული მარად 
და ცოლიანი სხედან მორჩილად წყნარად.

1830

??????