პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

ზღვას 

მშვიდობით, ჩემო ლაღო სტიქია!
უკანასკნელად ჩემ თვალთა წინა 
შენი ზვირთები ცისფრად მიჰქრიან, 
შენც მედიდური მშვენებით ბრწყინავ. 

როგორც მეგობრის ჩუმი სახელი, 
მისი ვედრება და ჩუმი კვნესა, 
შენი ხმაური, შენი ძახილი
გამოთხოვების წუთებში მესმა. 

ჩემი წადილის და სულის ზღვარო! 
შენს ნაპირებთან ლხენად მოსული, 
ვიყავი მარტო, უმეგობარო, 
ერთის სურვილით გარემოცული. 

მიყვარდა სმენა ნამდვილ ხმებისა, 
უფსკრულის ბგერა, ჟღერის ზმანება, 
შენი სიწყნარე დაბინდებისას 
და შემდეგ ისევ ატორტმანება. 

მორჩილი ნავი მებადურისა 
შენ ააცურე წყნარ ნეტარებით, 
მას იმედი აქვს ჩუმ სადგურისა: 
მაგრამ შენ ქარმა გაგაგულისა 
და იძირება გემთა ჯარები. 

ვერ დავაღწიე აქამდე თავი 
ჩვენი მაბეზარ მიწის ნაპირებს, 
ჩაკვდა სურივილი მოსალოცავი, 
და შენს ტალღებში პოეტის ნავი 
ვერსად გაპარვას ვერ დააპირებს. 

მელოდი, მიხმე. . . ამაო ნებით 
ჩემი სურვილი ჩავკალი დარდში, 
და შერკინული ძლიერი ვნებით 
ისევ ნაპირის ამარა დავრჩი. 

არ ღირს წუხილად! სად ნახავს ბინას
ჩემი უდარდელ მგზავრობის აფრა? 
შენს უდაბნოში მელოდა წინათ 
ერთი საგანი ქცეული ზღაპრად. 

კლდე - ეს დიდების ურჩი საკანი, 
სადაც სიცივის სიო დგებოდა, 
რადგან ამ ქვეყნად პირველთაგანი 
ნაპოლეონი ნელა კვდებოდა. 

მან განისვენა წვალებით. . . მაგრამ 
მალე მეორე, მისივე კვალად, 
როგორც გრიგალის ხმაური გაქრა, 
ფიქრის ქურუმი გამოგვეცალა. 

თავისუფლებით დატირებული 
მოკვდა მეორე გვირგვინოსანი, 
აშალე შენი ტალღის კრებული 
ის იყო, ზღვაო, შენი მგოსანი. 

მას შერჩა შენი დიდების დაღი, 
შენ იყავ იმის გულში მდგომელი, 
შენსავით ქუში, ძლიერი, ლაღი, 
შენსავით მუდამ დაუდგრომელი. 

დაობლდა მიწა. . . რა ვქნა, თუ ძნელად 
მე ზღვაში ლელო გამიტანია. 
ბედის სასწორზე ერთი ვართ ყვლა, 
სად სიკეთეა, იქ უკვე მცველად
ან განათლება, ან ტირანია. 

მშვიდობით, ზღვაო, ვიხარო უნდა, 
რომ ბედმა შენთვის მეხოტბედ დამსვა. 
და ოღონდ, ოღონდ მესმოდეს მუდამ
შენი გუგუნი საღამოს ჯამსა. 

მდუმარ უდაბნოს და მწვანე ტყეებს 
მე შევუერთებ ნაჩუქარ ლხენას. 
შენს მყუდრო უბეს, შენს მაღალ კლდეებს 
სინათლეს, ჩეროს, ტალღების ენას. 

1824

??????