პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

რუსლანი და ლუდმილა 

ზღვისპირაა მწვანე მუხა შრიალებს, 
მას ოქროს ჯაჭვი ჰკიდია მკერდზე. 
და ბრძენი კატა, კაცზე ჭკვიანი, 
თითქოს იმ ჯაჭვზე რაღაცას ეძებს. 
ხან მღერის მშვიდად, ხან თვალებს ნაბავს
და ყვება რამე უცნაურ ამბავს. 

სასწაულები ხდება იმ ტყეში:
ბარდებში ელავს ეშმაკის ეშვი. 
ტოტებზე ზის და კისკისებს ალი 
და არნახლი მხეცების კვალი 
უცნობ ბილიკებს აზის დაღივით, 
ქარი კი მწარედ კვნესის დაღლილი. 
და იქვე ქოხი დგას, მარტოსული, 
ოჩოფეხებით ტყეში მოსული 
და იმ წყვდიადში ძლივს გადარჩენილს 
არც კარები აქვს და არც ფანჯრები. 
გარინდულ ქვებზე შიშინებს ქაფი 
და აწყდებიან უკაცურნ ნაპირს 
განთიადისას თეთრი ტალღები. 
და ოცდათი რაინდი მშვიდად 
აბჯარასხმული ამოდის წყლიდან 
ზღვაში შეძენილ ბიძის თანხლებით. 
იქ უფლისწული, გზად მიმავალი, 
აყტვევებს მეფეს მთელი ამალით. 
ხოლო გრძნეული, ქარზე ფრთამალი, 
ტყეების ზემოთ გარინდულ ცაზე 
მიაფრენს დევგმირს, წუხილით სავსეს. 
სიმარტოვეში სწუხდ დედოფალიც
და რუხი მგელი, ვით მეგობარი, 
ემსახურება, დაუზარელი. 
და კუდიანის მძიმე როდინი, 
კლდიდან მოგლეჯილ შავი ლოდივით, 
დაბორიალობს ბნელში წვალებით. 
ხოლო კაშეი, წყვდიადის მეფე, 
სიზმარში ხედავს კვლავ ოქროს შხეფებს, 
გულში იხუტებს ოქროს ფიალებს. . . 
იქაც რუსული სული ტრიალებს. 
მეც მიგემია იმ კუთხის ქარი, 
მუხაც მინახავს ზღვის პირას მდგარი, 
დამილევია წყალიც და თაფლიც 
და იმ ბრძენ კატას უთვალავ ზღაპრით
მეც გავურთივა. თუმცაღა ერთი 
დამამახსოვრდა, მკითველო, შენთვის. 
 


პირველი სიმღერა 
 


თუმრე ძალიან დიდი ხნის წინათ 
დიდი თავადი მზე - ვლადიმირი 
იხდიდა ქორწილს და იჯდა ლხინად 
გაბრწყინებული მზით და ღიმილით. 
ის ათხოვებდა უმცროს ქალიშვილს 
თავად რუსლანზე და თან ხალისით 
გზას ულოცავდა ნეფე-დედოფალს, 
ამწყალობებდა ასულს დედობას. 
ხოლო წინაპრებს სმაცა და ჭამაც 
დინჯი უყვარდათ და ვერცხლის თასებს 
ცვლიდნენ ვეება თიხის ჯაები, - 
ქაფქაფა ლუდით თუ ღვინით სავსე. 
ლხინი კი დუღდა და მთელი ღამე 
იტვირთებოდა ხორაგით ტაბლა. '
მსახური უხმოდ ავსებდა ჯამებს 
და თავს უკრავდა მაგიდას მდაბლად. 

გამხიარულდა თანდათან ლხინი. 
თანდათან ყველას გაეხსნა ენა. 
უცებ სიმღერა გაისმა, ტკბილი, 
და მომღერლისკენ მობრუნდა ყველა. 
ხმა კი ირხევა მწვანე რტოსავით 
და ბაიანი, ტკბილი მგოსანი, 
ნეფე-დედოფალს აქებს და ლოცავს, 
ვარდი ამოსდის ყელიდან მგოსანს. 

ხოლო რუსლანი ცახცახებს ვნებით. 
ვერ ილხენს, როგორც ილხენენ სხვები. 
ნაზი მეგობრის სურვილით იწვის. 
ოხრავს და ბრაზობს და აღარ იცის, 
ვით შეიკავოს ვნება ძლიერი 
და დაბნეული კაცის იერით 
იწიწკნის ულვაშს და წუთებს ითვლის, 
გამოლევია ძალ-ღონე თითქმის, 
ზის მაგიდასთან სამი ჭაბუკი, 
სამი რაინდი - სამი ქარბუქი, 
ზის მაგიდასთან დამწუხრებული, 
დავიწყებიათ სავსე თასებიც 
და დიდებულთა ლაღი კრებულიც, 
აღარ იტაცებთ ლხინი სავსებით. 
არც ბაიანის ხმა ეყურებათ, 
მთლად მოწამლულა მათი გუნება
სიძულვილის და ტრფიალის შხამით. 
სამი მეტოქე შფოთავს რუსლანის, 
დრო კი მიხოხავს ისევ კუსავით, 
წელიწადივით გრძელდება წამი. 
და მოღუშული ზის სამეული: 
ერთი - როგდაი, გმირი რჩეული, 
ხმალს მინდობილი მთელი არსებით, 
მან გაუზარდა კიევს საზღვრები. 
მეორე რაინდს ჰქვია ფარლაფი, 
იგი როგდაის არ ჰგავს არაფრით, 
ვერ არის ხმალში კარგი სარდალი, 
მაგრამ ქეიფში არ ჰყავს ბადალი. 
ხოლო მესამეს რატმირი ჰქვია, '
მთლად ყმაწვილია ხაზართან ხანი 
და როცა სხვები სასმისებს ცლიან, 
მას ლუდმილასკენ გაურბის თვალი. 
და ვნებიანი ფიქრებით სავსეს 
მწუხრის ღრუბელი აწვება თავზე. 
სამივეს ფარავს იმ ღრუბლის ჩრდილი, 
გამწარებია სამივეს ლხინი. 

და, როგორც იქნა, დამთავრდა ისიც, 
ხმა მოემატა ხორხოცს და სიცილს. 
ლუდმილამ მორცხვად დახარა თავი. 
ხოლო რუსლანმა სანატრელ ყვავილს 
აღტაცებული შეავლო თვალი 
და კვლავ მოედო ტრფიალის ალი. 
ბნელმა მოიცვა შემოგარენი, 
ზეციდან მოწყდა წყვდიადის ზვავი, 
და თაფლით მთვრალმა ბოიარებმა 
მასპინძელს მდაბლად დაუკრეს თავი. 
სიძე ზეიმობს, ბედის მლოცველი, 
ვნებით დამწვარი და დაქანცული
და ეფერება უკვე ოცნებით 
სიმშვენიერეს მორცხვი ქალწულის. 
ხოლო თავადმა ფარული სევდით 
მამაშვილურად დალოცა წყვილი, 
მკერდზე მიიკრა სიძეც და შვილიც, 
სხვა არაფერი არ უთქვამს მეტი. 
და აი, რუსლანს ლამაზი ცოლი
საწოლზე აჰყავს მთრთოლვარე ხელით. 
ჩააქრეს ცეცხლი, გაფრინდა ბოლი, 
და ღამის სანთლებს აჩაღებს ლელი. 
აჰა, ასრულდა იმედი ტკბილი, 
სიყვარულს მოაქვს თავისი ძღვენი 
და ეჭვიანი სამოსი ფრთხილად 
ეცემა ნოხზე. გული კი მღერის. 
ყური დაუგდეთ, იქნებ თქვენც გესმით, 
როგორ იზრდება კოცნა ფიცივით, 
თანდათან როგორ სუსტდება კვნესა 
ბოლო სიმორცხვის. . . აი, ისინი 
მინებდნენ ვნებას. და სწორედ მაშინ 
გამოჩნდა ელვის ცახცახა თითი, 
იჭექა მეხმა და შემკრთალ სახლში 
გადაეფარა ყველაფერს ბინდი. 
მოწყდნენ ღრუბლები, როგორც მხედრები, 
შიშით ათრთოლდნენ სახლის კედლებიც 
და გაირინდა ბნელში რუსლანიც, 
თვალს არ აჭყეტდა მთვარე ბუსავით. 
უცებ დაბნელდა, როგორც ღუმელში, 
ჩაკვდა ყოველი, შეწყდა ხმაური, 
და იმ წყვდიადში და სიჩუმეში 
ორჯერ გაისმა ხმა უცნაური. 
და უცებ, კვამლში გამოხვეული, 
წამით გამოჩნდა შავი სხეული. . .
და ყველაფერი დაწყნარდა ისევ, 
რუსლანს კი ოფლმა დაასხა პირზე. 
ხელს აფათურებს წყვდიადში თრთოლვით, 
ოფლი ჩამოსდის შემკრთალს წურწურით. 
საწოლი მოჩანს, როგორც კუნძული. 
მაგრამ . . . ოხ, ღმერთო! ლამაზი ცოლი 
მოუტაციათ და როგორც კვამლი 
გამქრალა მისი გზაცა და კვალიც. 
მოუტაცია უჩინარ ძალას, 
სარკმელში მხოლოდ ხეები ჩანან. 

ოხ, მეგობრებო, მართლა ძნელია, 
როდესაც ვიწვით ამაო ვნებით. 
ცხოვრებაც თუმცა მოსაწყენია, 
მაინც ვარსებობთ ბუნების ნებით. 
მაგრამ მე სიკვდილს ვარჩევდი ისევ, 
თუ ჩემი ცრემლის და სევდის მიზეზს 
ამდენი ტანჯვის და ძებნის მერე 
ბოლოს და ბოლოს მოვხვევდი ხელებს, 
მაგრამ მაშინვე თუ დავკარგავდი 
მას, რაც ოცნება იყო აქამდის, 
ოხ, მეგობრებო, მაშინ უდაოდ 
მეც დავხუჭავდი თვალს სამუდამოდ. 

ხოლო რუსლანი კვლავ ცოცხალია, 
თუმცა სიკვდილი უნდა ძალიან. 
მთელი სასახლე ფეხზე დამდგარა, 
კრიჭა შეკვრია დიდს თუ პატარას. 
"სად არის ჩემი ლუდმილა, სადა?"
ყვირის თავადი და სიძის გარდა 
მთელ ეზოს ესმის. "შვილებო, ძმებო!
სინდისი ახლაც არ მოგცემთ ნებას, 
რომ მომიწამლოთ ბებერს გუნება, 
ნუ დაივიწყებთ ძველ ერთგულებას, 
თქვით, ვინ იქნება თქვენში მდევარი, 
ვის გიჭრით თვალი და სატევარი. 
და რადგან ქმარმა ვერ მოუარა, 
მე ჩემს ლუდმილას, ვნახავ თუ არა, 
კვლავ ვაქორწილებ და ახალ სიძეს 
ჩემი მამულის ნახევარს მივცემ. 
შვილებო, ძმებო, ჩქარა მდევარი! 
ვის გიჭრით თვალი და სატევარი!" 
"მეო! - რუსლანმა თქვა, სევდით სავსემ. 
"მეცო!" - სამივემ იყვირეს წამსვე
და აუყვავდა იმედის ვარდი 
ტანბრგე როგდასის, ფარლაფს და რატმირს: 
"ახლავე ცხენებს მოვახტებითო, 
ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებითო, 
ნუ დამიბრმაებ ცრემლითო თვალებს 
თავადის ქალსო მოგვრითო მალე". 
თავადს იმედი მიეცა ისევ, 
გადაეფარა სინათლე პირზე 
და იდგა მათკენ ხელგაშვერილი, 
ასე უძრავად იდგა ძელივით. 

ოთხივე ცხენებს მოახტნენ მყისვე, 
ხოლო დაბნეულ რუსლანს კი ისევ, 
უცებ დაკარგულ სატრფოზე ფიქრი
უჯიჯგნის სხეულს და უხმოდ მიჰქრის. 
ფიცხი ცხენები მიჰქრიან მტვერში, 
ცხენების ფეხქვეშ მინდორი ხვნეშის. 
მიჰქრიან დნეპრის ნაპრის გასწვრივ, 
უჩინარდება ცხენიც და კაციც 
და აღარც ჩანან უკვე სრულებით, 
მაგრამ თავადი ისევე იცდის 
და თავის თავიც იქ ეგულება, 
ფიქრით რაინდებს მიჰვება ისიც. 

გაოგნებული და დაბნეული 
რუსლანი სმენად იყო ქცეული. 
ფარლაფი რუსლანს უკან მისდვდა 
და თუმცა ხეპრე იყო ისედაც. 
მთლად ამრეზილი უცქერდა ახლა. 
მტვრით ჰქონდა სავსე ცხვირიც და ხახაც 
და თან ამბობდა: "როგორ გგონიათ, 
მალე შევხვდები, ნეტავ, გოლიათს? 
მაშინ იქნება აბა, სეირი, 
სისხლი დადგეა ველზე ტბორებად. 
ჩემო ქურანავ, ჯერ არხეინად 
ირბინე, გზები ნუ გეშორება".
რატმირს იმედით გული ევსება 
და ფიქრში უკვე ეალერსება 
ლამაზ ლუდმილას და მთვრალმა ამით 
უნაგირზედაც იცეკვოს ლამის. 
ჯერ ყმაწვილია ხაზართა ხანი, 
არ ყოფნის ქვეყნის სიგრძე და განი. 
ხან ოთხით მიჰყავს ფეხმარდი ცხენი, 
ხან ერთ ადგილზე აწვალებს დაღლილს, 
ყალყზე აყენებს ძლიერი ხელით, 
უფრო და უფრო უმოკლებს აღვირს, 
მერე კი მისი ულაყი, სწრაფი, 
ქედებზე ისევ ქარივით გარბის. 
ხოლო როგდაი მოღუშულია,
ფიქრს ისცემია იგი სრულიად, 
აფიქრებს ბნელის მოცული ბედი, 
მისჩერებია სივრცეში წერტილს. 
კვლავ მორევია ეჭვი და შხამი 
და თავადისკენ გაურბის წამით 
ზიზღით და რისხვით აღვსილი თვალი, 
სახეზეც აზის წუხილის კვალი. 
მთელი დღე ერთად მიდიან ასე 
ერთი გზის მგზავრნი და მეტოქენი. 
გამუქდა დნეპრის ცისფერი ხაზი, 
ბინდმა აავსო ღრულბის დოქები, 
უკვე წყვდიადი გამეფდა სრული. 
და აი, ძველი და გაცვეთილი 
გამოჩნდა კიდეც გზაჯვარედინი. 
"აქ გავიყაროთ და ყველამ ჩვენთვის 
ვეძებოთ ჩვენი გზაცა და ბედიც". 
თქვეს და ცხენებმაც მეტი ხალისით 
ამოირჩიეს გზები თავისით. 
რუსლან, რას ფიქრობ, ან რას მოელი 
ამ სიჩუმეში და სიბნელეში?
ვერ მოიმწყვდიე ბედი ხელებში, 
იქნებ სიზმარი იყო ყოველი. 
ისწორე ჩაჩქანს, მაგარს და მძიმეს, 
და ხელზე იხვევ მოშვებულ აღვირს, 
სულში კი ცეცხლი უქრება იმედს, 
რწმენაც გამქრალა და უკვე დაღლილს 
ნაბიჯით მიგყავს მინდორზე ცხენი. 

მაგრამ უეცრად განათდა ბნელი, 
გამოჩნდა მღვიმე და ტინის თაღი, 
ბუნების გამრჯე ხელით ნაკვეთი, 
თავზე დაადგა სასოწარკვეთილს. 
და მან შენიშნა ჯერ სანთლის ალი, 
მერე კი მოხუცს შეასწრო თვალი. 
წიგნს კითხულობდა მოხუცი იგი, 
წინ ედო დიდი და ძველი წიგნი. 
თვითონ კი, ჩუმი და წვეროსანი, 
ზღაპრული იყო გარემოსავით. 
"მობრძანდი შვილო! - მოხუცმა რუსლანს 
ასე მიმართა. ხმა ჰქონა თბილი. - 
წელს ოცი წელი შესრულდა ზუსტად 
რაც აქ ვარ, მაჭკნობს სიბერის ჩრდილი. 
მაგრამ გავძელი და შენდა ბედად 
ასრულდა, რასაც მიგრძნობდა გული. 
ჩვენ მხოლოდ ბედმა შეგვყარა ერთად, 
დაჯექ და კარგად დამიგდე ყური. 
ჩვენ ერთნაირი გვქონია ბედი, 
არც შენ ყოფილხარ მთლად ბედნერი, 
შეგცვლია სულიც, ხმაც და იერიც, 
რადგან ლუდმილა აღარ გყავს გვერდით. 
მაგრამ სიცოცხლეს ნუ ეთხოვები, 
ბედა გიმუხთლა მხოლოდ დროებით. 
რაც გწამდა, ისევ იწამე იგი, 
და შენი მძლავრი ხმლითა და მკერდით
გააპე ბნელი და წყვდიადს იქით 
იხილე შენი კუთვნილი ბედი. 

შენი შერცხვენა, ჩემო რაინდო, 
ავი გრძნეულის ბრალია მხოლოდ. 
ის თვალშეუწყვდომჯ კლდეებსი ცხოვრობს 
და, რა თქმა უნდა, არც შენ დაგინდობს. 
სადმე ლამაზი ქალი თუ ნახა, 
თავის საზარელ კლდეებში აჰყავს. 
ჩერნომორია მისის სახელი, 
მისი მომრევი ანდა მნახველი
ჯერ არ მინახავს, მაგრამ შენ ბოლოს 
ნახავ იმ ბებერ ჯადოქრის სოროს 
და შენი ხელით მოკვდება ისიც.
მეტს კი არ გეტყვი, თუმცა რაც იცი - 
საკმარისია. და ნუ გადადებ, 
შენ გაბარია ბედის სადავე".

ჩვენი რაინდი მოხუცის ფეხთით 
გახარებული დაეცა მყისვე. 
გულიც გაცოცხლდა და ლაღად შეხტა, 
მზე ამოვიდა თვალებში ისევ. 
მოითქვა სული, მაგრამ მასინვე 
სევდის ღრუბელი მოაწვა თვალებს. . .
"მე ვიცი, შვილო, შენ რაც გაშინებს, 
მაგრამ მაგასაც მოგირჩენ მალე, - 
თქვა და განაგრძო მოხუცმა ისევ: 
მე მივხვდი შენი შეკრთობის მიზეზ, 
შენ შეგაძრწუნა გრძეულის ვნებამ, 
მაგრამ, ძვირფასო, მომეცი ნება, 
რომ დაგამშვიდო, რადგან სრულიად 
ის ამ საქმისთვის უსუსურია. 
მას შეუძლია ჩაყლაპოს ქარი, 
ისე დაუსტვენს, რომ თვითონ მთვარეც 
აცახცახდება. მაგრამა ბუნება 
ყველა გრძნეულზე უფრო მკაცრია. 
ისიც ამაოდ ედიდგულება, 
რადგან ცვედანი რაღა კაცია. 
რა შეუძლია ჭაღარა ცვედანს 
ეჭვის და შურის და ზიზღის გარდა, 
და ისიც ბრაზით ცახცახებს კართან, 
თავის მშვენიერ ტყვეებს რომ ხედავს. 
ის არის მხოლოდ მტანჯველი მათი. . .
მაგრამ, ძვირფასო, ეს ღამეც გადის 
და ამ საუბარს ჯობია ძილი, 
რომ საბრძოლველად მზად იყო დილით". 

რუსლანი ხავსზე გულაღმა წვება 
ჩაფერფლილ ცეცხლთან და ცდილობს ძილში 
გადაივიწყოს განცდილი შიში, 
მაგრამ რაღაცა არ აძლევს ნებას. 
ამაოდ წვალობს, ბორგავს და შფოთავს, 
ბოლოს კი ამბობს: "იქნება ვცოდავ, 
მაგრამ არაფრით არ მეძინება 
და, თუკი შენმა გულმაც ინება, 
მომეცი ნება, რომ კვლავ ავუბა 
გული და სული შენს ტკბილ საუბარს. 
და თუ შემინდობ კადნიერ კითხვას, 
ისიც მითხარი, რაც ჯერ არ გითქვამს. 
რა გქვია, ვინ ხარ ასე კეთილი, 
ან რატომა ხარ გამოკეტილი 
ამ ბნელ მღვიმეში, ან უდაბნოში
ვისი ან რისი ნებით აღმოჩნდი".

ამოიოხრა მოხუცმა მწარედ 
და სთქვა: "არსებობს პირქუში მხარე
და მას სახელად ჰქვია ფინეთი, 
შორსაა იგი და არც იმედი 
აღარ მაქვს მისი ხელახლა ნახვის, 
იქ იყო ჩემი ზეცაც და სახლიც. 
იქ ფეხშიშველა ვმწყევსავდი ნახირს
და ჩემი იყო მუხრანის ჩრდილიც 
და ნაკადულიც, სუფთა და გრილი. . .
უაკ დამდევდა ქარი მწივანი 
და სიღარიბის ყველა წვრილმანი 
იქ განივცადე. მიწის ალერსიც 
იქ განვიცადე ყველაზე მეტი. 
მაგრამ ცხოვრება იმ სიწყნარეში 
ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემთვის. 

ერთ ჩვეულებრივ სოფელში მაშინ 
ცხოვრობდა ნაზი გოგო ნაინი, - 
ვით სიმარტოვის უცხო ყვავილი, 
ოცნებასავით ცხოვრობდა ხალხში. 
და ერთხელ, როცა ისევ მთელი დღით 
მივდევდი ნახირს და მივდენიდი, - 
მიშრილადებდა ჩემს წინ ნაკადი, - 
მე ის დღე ნათლად მახსოვს აქამდის. 
მდინარის პირად იჯდა ლამაზი 
და გვირგვინს წნავდა თვალმშვენიერი. 
ბიძგი ვიგრძენი გულში ზლიერი 
და მოვინდომე მზესთნ თამაში. 
ნაინი იყო ის ტურფა ქალი, 
ვეღარ მოვწყვიტე თავხედი თვალი, 
ფერი არ ჰქონდა მის ხელში ყვავილს 
და სამუდამოდ დავღუპე თავი. 
სამაგიეროდ სულით ვიცანი 
გრძნობა დიადი და საფიცარი. 
სულში გაჩაღდა ვარსკვლავთ კრებული 
და სამუდამოდ დამედო ჯაჭვი: 
სიხარულით და მზით დაწყებული, 
დამთავრებული დარდით და ტანჯვით. 

ასე გავიდა წლის ნახევარი. 
ვთვალე წუთები და საათები. 
ვერ მომირჩენდა ტკივილს ვერავინ 
და მეც გავანდე გულში ნადები. 
მან მოუსმინა ჩემს შემკრთალ ტკივილს, 
მაგრამ ამაყი იყო ბუნებით, 
თავს იღმერთებდა და მითხრა ცივად: 
”მე არ მიყვარხარ, მწეყმსო, სრულებით!”

გამიველურა სული წუხილმა, 
წაღმა დაბრუნდა ჩემი ბორბალი. 
ვეღარ მშველოდნენ ძველი მუხები 
და ვერც მწყემსური თამაშობანი. 
მე გულს მიჭკნობდა სევდის ნაღველი 
და გადავწყვიტე დამეგდო მალე 
ჩემი მშობელი კუთხე და მხარე, 
მისი მინდვრები და სანახები. 
გადამეცურა ზღვათა მორევი, 
შემომეკრიბა გარს მეომრები, 
შემეკრა რაზმი მძლავრი და ძმური 
და მუხთალ ბედთან არ დარიდებით 
შემემკო თავი გმირის დიდებით 
და მომეხიბლა ნაინის გული. 
ბევრი აღმოჩნდა ხალხში ჩემფერი, 
ხიფათისა და ოქროს მძებნელი. 
სისხლმოწყურებულ ხმალთა ჟღრიალი 
და თავაწყვეტიულ ნავის ჭრიალიც 
პირველად მაშინ გაისმა ჩვენში. 
კვლავ დამიბრუნდა იმედის შუქი. 
ავხსენით ღუზა. ჩავბერეთ ბუკი 
და ზღვაც დაგვნებდა ოხვრით და ხვნეშით. 
ჩვენ ათი წელი ვიქნიეთ ხმალი, 
მტრის სისხლით ვღებეთ თოვლი და წყალი. 
ხმა ირხეოდა, რომ ჩემი შიშით
ძრწოდნენ მეფენი ტახტების ჩრდილში. 
და ყოყლოჩინა მათი რამზებიც 
თავგზას კარგავდნენ ჩვენთან სავსებით. 
ჩვენ კი ვიბრძოდით ლაღად და გულით, 
ძღვენსა და ნადავლს ზუსტად ვიყოფდით, 
დამარცხებულებს ვიღებდით ძმურად, 
გვერდით ვისვამდით და ვქეიფობდით. 
მაგრამ ეს სული, ნაინით სავსე, 
ღრეობისა თუ ბრძოლის ღრიალშიც 
ჩუმად ნაღვლობდა მშობლიურ ცაზე, 
იტანჯებოდა ტრფობის იარით. 
და ვთქვი: გვეყოფა, ნუღა დავრჩებით, 
სხვებსაც ვაკმაროთ სისხლი და შიში 
და ჩამოვკიდოთ მძიმე აბჯრები 
ჩვენი ქოხების სანატრელ ჩრდილში. 
ვთქვი და აჟღერდნენ წამსვე ნიჩბები, 
წამოიშალნენ ჩემი ბიჭები 
და სიხარულით გულდაშხეფილნი 
მშობელ ყურეში ლაღად შევრფინდით. 
დასრულდა ბევრი მშფოთვარე ღამე, 
სხეული გაძღა გზით და იარით 
და პაემანის ნანატრი წამი 
ჩემთვისაც დადგა გულის ფრიალით. 
სანატრელს ფერხთით დავუგდე ხმალი, 
რომელსაც ადრე ძვლებზე ვლესავდი, 
მივართვი ოქრო, ვერცხლი და ლალი, 
მე კი, სურვიით და ვნებით მთვრალი, 
მის წინ ვიდექი მორჩილ ტყვესავით. 
შურით დაბერდნენ სოფლის ქალები, 
მთლად დაებრიცათ საწყლებს თვალები, 
ის კი ამაყი იყო ბუნებით, 
დაძლია ყველა ფანდი ცდუნების 
და საკუთარი სინათლით სავსემ 
ისევ უგულოდ მომიგო ასე: 
”მე არ მიყვარხარ, გმირო, სრულებით!” 

რუსლან, უცხოა შენთვის ტრფიალი 
უარყოფილი და განდევნილი. 
ათვალწუნების მკაცრი იარა 
სულში ფათურობს ტლანქი ხელივით. 
შენ კი ნამდვილად გქონია ბედი: 
მასაც უყვარხარ, - რა გინდა მეტი. 
მოყოლის თავი აღარ მაქვს, შვილო, 
ანდა რა გითხრა მე ამის გარდა. 
ახლაც კი, თუმცა ჩრდილი ვარ, ჩრდილი, 
უკვე მისული სამარის კართან, 
იმ სატანჯველით ვცხოვრობ აქამდის 
და როცა წარსუსლ ვიხსენებ ხოლმე, 
ჩემი ცხოვრების დამღლელს და მომრევს, 
წვერებზე დამდის ცრემლის ნაკადი. 

მაგრამ მისმინე: ჩემს სამშობლოში, 
ზღვისა და ქარის ცივ საუფლოში, 
მეცნიერება არსებობს ერთი. 
იქ მარადიულ სიჩუმეს ერთვის 
ტყეთა წყვდიადი, ქარი კი ხვნეშის
და ისმის დამპალ ნეშოს სისინი. 
კუდიანები ცხოვრობენ ტყეში, 
ეუფლებიან სიბრძნეს ისინი, 
დაფარფატებენ, როგორც ჩრდილები, 
სმენა გახსნილნი და თვალსწრაფები. 
და მათ სურვილებს ემორჩილება 
გულიც და კუბოც და ყველაფერი. 

და უარყოფილ ვნებებით სავსემ 
მეც გადავწყვიტე, რომ ჯადოქრობით 
გამეხსნა სატრფოს გულის ბოქლომი 
და მიმეღწია მიზნისთვის ასე. 
მეც მივაშურე ტყეების წყვდიად, 
ქვეყნის სულივით ვრცელსა და დიადს. 
სხვა ყველაფერზე ავიღე ხელი 
და ჯადოქრების კერიის ბოლით 
მეც გავიმურე და ბევრი წელი
ვმეცადინეობდი ჯადოქრებს შორის. 
და აი, დადგა ნანატრი წამიც,
მკაცრ საიდუმლოს ჩავწვდი ბუნების, 
გამომეცვალა ხმაც და გუნებაც, 
შევიგრძენ ძალა წყევლის და შხამის, 
ნაინი, უკვ ჩემი ხარ, ჩემი! 
ასე ვფიქრობდი და გულის ცემით 
ჩემს დიდ სიყვარულს ვადგამდი გვრიგვინს, 
მაგრამ მაცდური აღმოჩნდა იგი. 
წამიერ შვებით განთებული 
მივნებდი სურვილს მთლი სხეულით, 
მაგრამ ნამდვილად გამარჯვებული 
კვლავ ბედისწერა იყო, წვეული. 

და ისევ მთვრალი ჩეი ოცნებით, 
აღტაცებული განსაცდელ ტრფობით, 
ვეძახდი სულრებს და ვერც კი ვგრძნობდი, 
რას მიმზადებდნენ ეს შელოცვები. 
მე ვბუტბუტებდი ლოცვად ქცეული, 
ნამდვილ კუდიანს როგორც შეჰფერის. 
მეც გავხდი მკაცრი და მტაცებელი 
და ჩერნომორის ძმა ღირსეული. 
მაგრამ ჩავუთქვი ფიქრი თუ არა,
ტყეებს ქუხილმა გადაურა, 
ქარბუქმა მორთო ვაი და ვიში 
და ფეხქვეშ მიწაც ათრთოლდა შიშით, 
გაჩნდა გრიგალიც, ზღვებზე ნარბენი, 
და დამისკუპდა წინ დედაბერი. 
ძლივს უფარავდა ტანს ძონძეული, 
თვითონაც ლანდად იყო ქცეული, 
ზურგზე მოეგდო ვეება კუზი, 
ცივი თვალებით ჩამხედა სულში. 
შიშის მომგვრელი იყო სურათი, 
მეც უკვე სიმწრის ოფლში ვცურავდი. 
და ვაცეცებდი თვალს აქეთ იქით, - 
ნაინი იყო, რაინდი, იგი. 
ისევ გამეფდა სულში წყვდიადი, 
ავთრთოლდი, როგორც ქარში ფურცელი,
თან არ მჯეროდა, როცა ვუცქერდი, 
მერე ავტირდი და ავღრიალდი. 
ოხ, ნუთუ შენ ხარ ჩემი ნაინი, 
მიუწვდომელი და მშვენიერი! 
რომელმა ძალამ ან რანაირად 
დაგიმახინჯა ასე იერი. 
ნუთუ ამდენი წელი გავიდა, 
რაც ამოვიგდე შფოთი თავიდან, 
და ჩემი ვნების უარმყოფელი
დავტოვე სატრფო, მზე და სოფელი. 
”ბევრიო?. . . თუმცა ადვილად ითქმის, 
უკვე ორმოცი წელია თითქმის. – 
თქვა დედაბერმა ღვარძლით და გესლით, - 
სამოცდაათი წლისა ხარ, გესმი? 
ასე ერთბაშად გაფრინდნე წლები, 
ჩამოჭკნენ ჩვენი გაზაფხულები 
და ჩვენც დავბერდით ბუნების ნებით, 
მაგრამ არ ვდარდობ მაინც სრულებით. 
მე, რა თქმა უნდა, ის აღარა ვარ, 
შენ ვისი ჩრდილიც გედგა კარავად. 
ის აღარა მაქვს, რაც ადრე მქონდა, 
და კუზიანიც ვარ, ალბათ, ოდნავ. 
მე აღარ შემრჩა უცხო თვალისთვის 
არც სილამაზე და არც ხალისი. 
სამაგიეროდ, უჩუმრად გეტყვი, 
კუდიანი ვარ, წყვდიადის ეტლი!” 

და ასეც იყო, რად გინდა ფიცი, 
მხოლოდ სიკვდილის ვიყავ მსურველი, 
და მთლი ჩემი ჭკუით და სიბრძნით 
მის წინვიდექი, როგორც სულელი. 
და რატომ მოხდა ახლაც არ ვიცი, 
მისნობამ მაინც შეძლო თავისი. 
სულ არ გამეგო იგი ნეტავი, 
რადგან ჭაღარა ღვთაება უკვე 
ვნებით აღვსილი იყო ჩემდამი 
და მიშტერებდა გაყინულ გუგებს. 
ხმა გათოშილი სამარის თოვლით, 
მეფიცებოდა სიყვარულს თრთოლვით, 
მე კი ვიდექი გაოგნებული, 
სულს მიკაწრავდა ხრინწი ბებრული, 
კალთას მიჭერდა ხმელი ხელებით
და თან თავისას ფქვავდა ხველებით: 
”პირევლად ახლა ვიგრძენი გული, 
ჩემო ერთგულო, და მწამს, რომ ისიც 
სიყვარულისთვის ფეთქავს და იცის 
ტრფიალის ფასი, და ტრფობის წყლული 
მასაც აწვება, ვით მძიმე ლოდი. 
მიშველე, ჩემო ძვირფასო, მოდი!” 
გადმომიშალა გულში ნადები, 
ჩამომახია ჯუბის კალთები 
და თან, მიწიერ ალერსს უჩვევი, 
კოცნას ცდილობდა მყრალი ტუჩებით. 
შიშმა დამიხშო სმენაც და თვალიც, 
გულში გამიქრა იმედის კვალი,
და რომ ვერ შევძელ მეტის ატანა, 
გამოვექეცი ბებერ სატანას. 
გამომეკიდა ფეხდაფეხ ისიც. 
ქვეყანა შესძრა წყევლით და რისხვით: 
”ჰოი, უღირსო, მიჯნურად გთვლიდი, 
შენ შემიშფოთე სამყარო მშვიდი, 
შენ შეაშფოთე ჩემი სანთელიც 
და სიქალწულის ზეცაც, ნათელი. 
გაზიდე ჩემი სულის მადანი 
და ახლა ვნების ქარით ანცემი 
აღარ გინდივარ? - აი, კაცები, 
ღალატით სუნთქავს ყველა მათგანი, 
შენ შემაცდინე უმანკო კრავი 
და მეც შენს ნებას მივანდე თავი. 
მაგრამ აქამდე თუ მაწვალებდი, 
ახლა მიფრთხილდი! ქურდო ქალების!” 

ასე დავშორდით და იმის მერე 
ვცხოვრობ ამ მტანჯველ სიმარტოვეში, 
და ამქვეყნიურ ხმებსა და ფერებს 
დიდიხანია უკვე მოვეში 
უკვე მეძახის ჩემი საფლავიც, 
მთავრდება ჩემი მწარე ამბავი. 
მაგრამ დედაბერს იმ ძველი გრძნობის 
სულსი აქამდე შემორჩა კვალი, 
და სიყვარულის ნათელი ალი 
ბოლოს შეცვალა ზიზღით და მტრობით. 
შენც მოერიდე იმ გრძნეულს ყველგან 
და მეტს, ძვირფასო, ნურაფერს მკითხავ. 
წუხილიც წავა როდისმე ჩვენგან, 
ქვეყნად წუხილიც არ რჩებ დიდხანს”.
ჩვენი რაინდი ისმენდა ხარბად 
კეთილ მოხუცის მწუხარე ამბავს. 
არ აშორებდა თვლებს შუქიანს 
და ღამის წასვლა არც გუგია. 
და აი, ისევ ბრჭყვიალებს დილა, 
მზეც ამოსულა და უკვე თბილა, 
მთლად გამოცვლილა ქვეყნის იერი. . .
რაინდიც ადგა და მადლიერი 
მოხუც ჯადოქარს გადაეხვია. 
მერე უნაგირს, მკვრივს და კეხიანს, 
მოახტა სწრაფად და დაუსტვინა, 
და ცხენიც თითქოს პატრონს უცდიდა, 
ჭენებ-ჭენებით გავიდა ველზე, 
მზემ კი სხივები ჩაკიდა დეზებს
და წამოწია თავი ბექობმა, 
ხოლო მოხუცმა ჭაბუკ მეგობარს 
ხმა დაადევნა: ”გზა მშვიდობისა! 
შენი სიმართლე ატარე ფარად 
და შენი ცოლი გიყვარდეს მარად”. 

 


მეორე სიმღერა 
 


მოტრიფალენო შულის და ომის
ვეღარასოდეს ვერ მორიგდებით. 
მტრობით მთვრალები ერთმანეთზ ზომავთ 
და მხრებს იმძიმებთ მკაცრი დიდებით. 
და თუ ქვეყანას ისვ აშეშებს
თქვენი ზეიმის ხმა შემზარავი, 
მაინც არა გყავთ ხელის შემშლელი, 
გულიც არ წყდება თქვენზე არავის. 
თქვენ კი, პარნასის მთების არწივნო, 
რომლებმაც კალმით შეცვალეთ შუბი, 
ეცადეთ ხალხი არ გააცინოთ 
გაუთავებელ შფოთით და ჩხუბით. 
თქვენ კი, მიჯნურნო, რგად გახსოვდეთ, 
რომ ბრაზი დიდი ცოდვა თქვენთვის. 
იცხოვრეთ მშვიდად და არასოდეს 
არ მოუღეროთ ერთმანეთს კეტი. 
და ვისაც ბედი არგუნებს ბოლოს 
ტურფა ასულის გულს და სინაზეს, - 
ის მშვენიერი იქნება მხოლოდ 
ყველაფრისა და ყველას ჯინაზე. 

ბრმა წინათგრძნობით გაოგნებული 
როგდაი ნელა მისდევდა ბილიკს. 
ტყეში დუმილი იდგა მეფური, 
ხეებს ეძინათ ხანგრძლივი ძილით. 
ის კი ღრმა ფიქრებს მისდევდა ისევ, 
კვლავ მრისხანება ეხატა პირზე. 
უსისინებდა ბოროტი სული 
და აყოლილი უცნაურ სურვილს 
მიბუტბუტებდა თავისთვის ასე: 
”მოგკლავ!. . . ყველაფერს დავიმხობ გზაზე. . .
რუსლან! . . . ჩემს ძალას გაიგებ მალე. . .
ცრემლით დაითხრის ლამაზი თვალებს. . . ”
და რაკი აჰყვა ზრახვას საშინელს, 
შემოაბრუნა ცხენიც მაშინვე. 

ამასობაში ჩვენს მამაც ფარლაფს 
ერთი პირობა ეძინა უკვე 
და ახლა გზისთვის იკრეფდა ძალას, 
ზედიზედ ნთქავდა ვეება ლუკმებს. 
წყაროსთან იჯდა და წყლის ხმაურზე 
შეექცეოდა მსვიდდ საუზმეს. 
უცებ, რას ხედავს: ვიღაცა მისკენ 
ცხენს მოაგელვებს. და ფარლაფს მყისვე
თავზარი დასცა უცხო მხედარმა. 
დასთმო აბჯარიც და პურ-მარილიც, 
ცხენი გააკრა მიწას ქარივით, 
გაკურცხლა უკან მოუხედავად. 
მაგრამ ფეხდაფეხ მოჰყვება ისიც 
და მოღრიალებს, როგორც ნასვამი: 
”თუ გავხდი შენთან შეხვედრის ღირსი 
წაგაგდებინებ თავს გოგრასავით”. 
უცნობი მოსძახის ასე 
და მან როგდაი შეიცნო ხმაზე. 
და მთლად გაფუჭდა საბრალო მაშინ, 
სიკვდილის სუსხი გაუჯდა ტანში. 
ასე კურდღელი გაურბის მწევარს, 
თავის ყველაზე საშინელ მდევარს. 
ზურგზე დაიწყობს, საწყალი, ყურებს 
და მწევარს ტყეში ნაკვალევს ურევს. 
მზე იყო უკვე საკმაოდ ცხელი 
და სადაც თოვლი იდო აქმდე, 
იქ გამდნარ თოვლის მღვრიე ნაკადებს 
გადაესერათ ხრამებით ველი. 
ქურანაც ხრამთან შეჩერდა წუთით, 
ქარს მოუქნია თამამი კუდი, 
ერთხელ გაღეჭა რკინის აღვირი 
და გადაფრინდა ხმრამზე, დაღლილი. 
ხოლო მშიშარა მხედარი ხრამში 
თავქვე ჩაეშვა ჩაშლილ ხიდივით 
და საბოლოოდ დარწმუნდა მაშინ, 
რომ გარდუვალი იყო სიკვდილი. 
ხმრამთან მოაგდო როგდაიმ ცხენი, 
მახვილიანი აღმართა ხელი, 
”მოკვდი, ლაჩარო!” - შსძახა მჭახედ 
და რა იხილა ფარლაფის სახე, 
ჩამოუვარდა ხელი თავისით, 
უცებ წაუხდა ბრძოლის ხალისი 
და ამ საოცარ სურათის მნახველს 
მთლად დაუღრიჯა სიბრაზით სახე. 
გაოცებული დ რისხვით სავსე 
კვლავ გაიტყუა იგი მინდორმა, 
გულზე სკდებოდა, მაგრამ თვითონაც 
ეცინებოდა საკუთარ თავზე. 
მერე ის მთასთან დედაბერს შეხვდა, 
ნაომარს ყველა ქართან და მეხთან. 
გზა მოეჭამა მას თავის წილი 
დ ახლა სული ეჭირა კბილით. 
სიბერის კუზით მიწამდე მოხრილს 
ხელში ეკავა ცახცახა ჯოხი, - 
ჩრდილოეთისკენ მიმართა იგი 
და სთქვა ჩიფჩიფით: ”ეძიე იქით”. 
ხოლო როგდაი აღელდა ისევ 
და ხიფათისკენ გაიჭრა მყისვე. 

ისევ ხრამშია ფარლაფი ამ დროს, 
არ ელის საშველს და ვეღარც ნატრობს. 
ტალახში წევს და ფიქრობს თავისთვის: 
რა მემართება, სად ვარ, არ ვიცი. . .
ნუთუ კვლავ მხრებზე მაბია თავი? 
სად გქრა ჩემი მეტოქე, ავი? 
და ამ ფიქრებით დაღლილს და სავსეს 
უცებ ვიღაცა წაადგა თავზე. 
”ადექ, ჭაბუკო, - სთქვა დედაბერმა, - 
უკვე მშვიდობის ქარმა დაბერა. 
ჰა, ჩამომართვი შენი მერანი, 
ხელს ვეღარ გახლებს ახლა ვერავინ”.

ხოხვით ამოძღვარა ფარლაფი მაღლა, 
მაგრამ საკმაოდ ფრთხილობდ ახლაც. 
ტალახზე მუცლის დატოვა კვალი, 
გარემოს მორცხვად მოავლო თვალი, 
კვლავ დაუბრუნდა ახალგაზრდობა 
და გაუგზავნა უფალს მადლობა.
”მერწმუნე, - ისევ სთქვა დედაბერმა, - 
ჭკვიანურია ლუდმილას ძებნა, 
მაგრამ მე და შენ არა გვაქვს ნება, 
ვერც შევძლებთ ასე მაღლა აფრენას. 
სახიფათოა გზებზე წანწალიც, 
საკუთარ თავზეც ხომ გაქვს ნასწავლი, 
ამიტომ კარგად დამიგდე ყური, 
გადაივიწყე დროებით წყლული
და შინისაკენ გაბრუნდი უმალ, 
შენს ტკბილ მამულში მოყუჩდი ჩუმად, 
სხვა ნურაფერი ნუ გეფიქრება, 
ლუდმილაც მალე ჩვენი იქნება. 
სთქვა და მაშივნე უკვალოდ გაქრა. 
ჩვენი ფარლაფი გაოცდა, მაგრამ 
წინდახედულად მოიქცა ისევ: 
შეეშვა თავის მგზავრობის მიზეზს, 
დათმო ცხოვრება ხიფათით სავსე 
და სანატრელი თავადის ქალიც 
გადაივიწყა გულწრფელად წამსვე 
და ოცნებაში შეავლო თვალი 
თავის მამულის დიდებულ მუხნარს, 
ჩიტებით სავსეს, მშვიდსა და უღრანს. 

ამასობაში რუსლანი ისევ 
შეუსვენებლად თავის გზას მისდევს 
და შეჩვეული ფიქრებით ელტვის 
ამ შორი გზების ერთადერთ წერტილს. 
თან ამბობს: ”ნუთუ წყლულს ვერ შევუხვევ 
ჩემი დაღლილი სულის მეუღლეს? 
ნუთუ ვერ ვიგრძნობ შენს ნათელ მზერას, 
ნუთუ ვერასდროს დამიტკბობ სმენას? 
იქნებ გრძნეულის მუდმივი ტყვე ხარ 
და ვეღარ გნახავ, ვეღარ და ვეღარ. 
იქნებ იქ დაჭკნეს შენი ქალობა, 
იქნებ იქ შეწყდეს შენი გალობა, 
იქნებ მეტოქემ მომასწროს მოსვლა, 
ძვირფასო, იქნებ ყვლაზე შორს ვარ? 
არა და არა! . . . ჯერ მიჭრის თვალი 
და ხელთ მიპყრია ერთგული ხმალი”. 

ერთხელ ჩვენს რაინდს, საღამო ჟამზე, 
მდინარის პირას მიჰყავდა ცხენი. 
სდუმდა მიდამო ჩრდილებით სავსე, 
ცაც ძველებურად ვერ იყო ვრცელი. 
გაიზუზუნა ისარმა უცებ, 
გამოაცალა სიჩუმეს ფუძე 
და საომარი აბჯრის ზრიალით 
ვიღაც მხედარი გამოჩნდა ველზე. 
ხელში ეჭირა შუბი ფრთიანი 
და ცხენს ფერდებში აჭერდა დეზებს. 
”შესდექო!” - რუსლანს შესძახა მჭახედ. 
ვერ გაარჩია რუსლანმა სახე. 
ხმალზე დაიდო ძლიერი ხელი 
და მოაბრუნა სტუმრისკენ ცხენი. 
ის კი ყვიროდა: ”ხომ დაგეწიე! 
სად არ ვიყავი, სად არ გეძიე. 
ბევრი მწუხარე წუთები ვთვალე 
და ბევრი დღე და ღამე ვასწორე. 
ახლა კი მიწას გაგაკრავ მალე
და იქ ეძებე შენი საცოლეც”.
რუსლანი უცებ ათრთოლდა ბრაზით: 
მაშინვე იცნო მომხდური ხმაზე. 

ჩემო მკითხველო, ის რაინდები 
ცოტა ხასნ მარტო დავტოვოთ ასე. 
შენც დაგეღალა კითხვისგან თვალი 
და საათებიც სწრაფად მიჰქრიან, 
მაგრამ საბრალო თავადის ქალზე 
დიდი ხანია არ გვიფიქრია. 

მე მოგიყევი, თუ იმ ბნელ ღამით, 
როდესაც ერთი წამით ინათა, 
ნაზი ლუდმილა, ვით ფოთლის ჩქამი, 
წყვდიადში როგორ გაუჩინარდა. 
როცა გრძნეულმა საბრალო ქალო 
წმინდა სარეცელს მოწყვიტა ძალით 
და გახვეულმა ნისლში და კვამლში 
თავის საზარელ მთებს მიაშურა, 
ლუდმილამ გრძნობა დაკარგა მაშინ, 
გრძნეულს მიადო თავი ბავშვურად 
და წამის მერე ნაზი ასული, 
ათრთოლებული და ფერწასული 
და მოწყვეტილი ქმარსა და მიწას, 
უკვე გრძნეულის ციხეში იწვა. 

ვიდრე ამ ამბავს ლექსად დავწერდი, 
ერთხელ სურათი ვნახე ასეთი: 
მხდალი საქათმის მამამთავარი 
და სულთანივით ამპარტავანი, 
დედალს დასდევდა ჩემი მამალი. 
თავის სანატრელს დასდევდა მზეში, 
მოიგდო კიდეც ვნებიან ფრთებში 
და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქორი, 
თურმე ჩვენს ეზოს ზვერავდა შორით. 
და ქათმის ძვლებზე კლანჭის მლესავი 
დააცხრა საწყალ მსხვერპლს ელვასავით. 
მერე კი ისევ შეკრა კამარა 
და საკუთარი ბედის ამარა
ცაში აღმოჩნდა უცებ დედალი. 
და ამ საზარელ დღის შემხედვარი 
სულ უშედეგოდ სწუხდა მამალიც. 
უმწეო მოდგმის შთამომავალი. 
და სიმწრის ოფლით მთლად გალუმპული 
ქარმა წაიღო ჭრელი ბიუმბულიც. 

უგრძნობლად იწვა თავადის ქალი, 
ვერ გაახილა ვერაფრით თვალი, 
ვერ მოიბრუნა ვერაფრით გონი, 
ჩაბნელებული წყვდიადის ბოლით. 
დილამდე იწვა, საბრალო, ასე, 
დილით კი გონზე მოეგო ისევ 
და გაურკვეველ წუხილთ სავსეს 
გადაუარა სინათლემ პირზე. 
და სიზმრებიდან გამოქცეული, 
ქმრისკენ მიიწევს ნაზი სხეულით. 
სულს სასურველი წყურვილი უვსებს, 
”სადა ხარ?” - ჩურჩულებს და გული უცემს, 
მაგრამ შიშისგან ქვავდება უცებ: 
ვერ ცნობს დარბაზის ჭერსა და ფუძეს, 
სხვაა საწოლიც და სასთუმალიც. . .
და ამ უცნაურ სახლის სტუმარი 
თვალებს აცეცებს გაოცებული. 
ირგვლივ სიმდიდრე ბრწყინავს მეფური: 
საწოლზე ყრია ყუთებალიშები, 
მოხატულები უცხო ნიშნებით, 
და იაგუნდით მოჭედილ კართან 
კიდია ნაზი ბუმბულის ფარდა. 
და სასაკმევლე თასების წყება 
საკუთარ ბოლში ჩნდება და ქრება. . . 
მაგრამ, მკითხველო, თუ მომცემ ნებას, 
ამ მდიდრულ სურათს დავუსვამ წრტილს. 
ან რა ფასი აქვს სიმდიდრეს ჩვენთვის, 
თუ მეგობარი აღარ გყავს გვერდით. 
ხოლო ლამაზი ქალწული ჩვენი, 
იდუმალ ტყეთა შემკრთალი შველი, 
ყველა სახოტბო სიმღერის ღირსი 
და ყველა სულის თროთლვა და რხევა, - 
ჩაცმული იყო იმ ღამეს ისე, 
ვით ჩვენი დიდი ბებია ევა. 
თვალმშვენიერი და საამური, 
ჩაცმული იყო, როგორც ამური, 
ჩაცმული იყო, როგორც ბუნება
და აჭარბებდა ყველა ცდუნებას. 
ასე იცვამდა ხალხი ოდითგან 
და ნუ გამიგებს ვინმე ხუმრობად, 
თუკი მე მართლა მწყინს, რომ მოდიდან
მთლად გამოდევნეს ეს ჩაცმულობა. 
უცებ თავადის ქალის წინაშე, 
როგორც ჯადოსნურ სარკის მინაზე, 
გამოჩნდა სამი ნაზი ასული, 
პირმშვენიერი და თმადაწნული. 
სამივე ჯობდა სიტურფით ყვავილს, 
სამივემ მდაბლად დაუკრა თავი. 
მერე კი ერთმა ნიავზე ჩუმად 
უცხო ქვეყნიდან მოფრენილ სტუმარს
ოქროს დალალი დაუწნა უმალ 
და მიწიერი სინათლით სავსეს 
ლალის გვირგვინი დაადგა თავზე.
მერმე ეახლა მეორე ქალი, 
ვერ გაუსწორა იმანაც თვალი, 
ლაჟვარდისფერი მიართვა კაბა
და მიეტმასნა ქსოვილი ხარბად 
სიმშვენიერეს ცათა შესაფერს. 
თხელი მანდილი მოაქვს მესამეს, 
აუტანია მანდილიც ვნებას 
და შემკრთალ მკერეზე ცახცახით წვება. 
ხოლო ქოშბი, მონების მსგავსად, 
ყველაზე უფრო დიდ საოცრებას, 
ყველაზე უფრო მტანჯველ ოცნებას, - 
ლუდმილას ფეხებს კოცნიან ნაზად. 
და სანამ რთავენ ლუდმილას ასე, 
ვიღაცა მღერის მხიარულ ხმაზე, 
მაგრამ ვერაფრით ვერ აღწევს მიზანს, 
რადგან ლუდმილას არც კაბა უნდა, 
არც იაგუნდის თუ მარჯნის გუნდა 
და არც მძივები ძვირფასი ქვისა. 
მაცდური სარკეც ამაოდ ხატავს 
მის სილამაზეს და მორთულობას, 
მაინც არ ჰყვება იგი ცდუნებას, 
არავინ არ სურს სიკვდილის გარდა. 
ვინც ამ საქმეში ჩახედულია, 
დამეთანხმება, ალბათ, სრულიად, 
რომ მართლა ცუდად ყოფილა საქმე, 
თუკი ასეთმა ლამაზმა ქალმა, 
თუნდაც ამხელა წუხილით მთვრალმა, 
ასე გულცივად გადადო სარკე. 

აი, ლუდმილა კვლავ მარტო დარჩა. 
არ იცის რა ქნას, საშველი არ ჩანს. 
სად არის, ნეტავ, ან რა მოელის, 
დუმილს მოუცავს ირგვლივ ყოველი. 
სარკმლიდან თეთრი მინდორი ჩანდა, 
ქვეყანა თოვლში ჩაძირულს ჰგავდა, 
და მოსაწყენად ერთფეროვანი 
წყვდიადში თვლემდა მთები კლდოვანი. 
არ ცახცახებდა კერიის კვამლი, 
არ ეტყობოდა თოვლს კაცის კვალი, 
არც მონადირის თამამი ბუკი 
არ ღრიალებდა გარინდულ მთებში. 
მხოლოდ ხანდახან დაღლილი ქარი, 
სიჩუმითა და სიცივით მთვრალი, 
გადაირბენდა მინდორზე ხვნეშით, 
აეშლებოდა თოვლს თეთრი ბეწვი, 
აღმოხდებოდა ოხვრა ხეობას 
და გაძარცული ტყე ირხეოდა 
დასალიერთან ჭაღარა ზეცის. 

კვლავ აიფარა ხელები თვალზე 
შეშინებულმა ლუდმილამ წამსვე 
და მიაშურა გარინდულ კარებს, 
დე, ყველაფერი დამთავრდეს ბარემ!
კარი სიმღერით გაიღო უმალ 
და დიდებული წალკოტი სტუმარს 
შემოეხვია მწვანე რტოებით, 
სავსე სინათლით და მყუდროებით. 
უფრო მდიდრული და უფრო ვრცელი, 
ვიდრე არმიდას ბაღები ძველი, 
უფრო ლამაზი, სავსე და ლაღი, 
ვიდრე თავრიდის თავადის ბაღი. 
ხასხასებს მოლი ჯერ ხელუხლები
და შრიალებენ მშვიდი მუხები, 
მზეზე ბრჭყვიალებს პალმა და დაფნა, 
ბორგავს ჭადარი და როგორც აფრა
მიუშვერია ქარისთვის ტოტი. 
და ფორთოხალი, ვით ოქროს ზოდი, 
მწვანე ფოთლებში მაცდურად ელავს, 
და გაზაფხულის სილაღი ღელავს, 
ვრცელი ჭალაკიც, ბორცვის და მოლიც, 
და ყვავილების ფერადი ბოლი 
მშვიდად ირხევა მაისის ქარში. 
სივრცეს ედება ფოთლების ტაში. 
ხმას უკანკალებს გრძნობა დიადი 
და ათრთოლებულ რტოთა წყვდიადში 
თავის სიყვარულს გალობს ბულბული. 
და შადრევნები მშვიდი დუდუნით 
ებჯინებიან ღრულბლებს კისრებით 
და ბრჭყვიალებენ მარად ფხიზლები. 
განბანილები გრილი შხეფებით, 
შადრევნის ირგვლივ დგანან კერპები. 
თვით ფიდიასიც, ვისი სახელიც
ბრწყინავს ყველაზე მყარი დიდებით, 
გაოცდებოდა მათი მნახველი 
და ჩაქინდრავდა თავს მორიდებით, 
მარმარილოზე ბორგავს ჩანჩქერი
და თვალჩაუწვდომ უფსკრულს ჩასცქერის, 
და მარგალიტის ნათლი შხეფით 
იტვირთებიან მდუმარე ქვები. 
ჩრდილში ფეთქავენ, როგორც გულები, 
რულმორეული ნაკადულები 
და ყოველ მხარეს გაფანტულები 
გამვლელს უხმობენ ფანჩატურები, 
და მოცურავენ მწვანე აფრებით 
სიგრილის მყუდრო თავშესაფრები. 
დაქრის ნიავი ნაზი და თბილი, 
ირგვლივ დუმილი მეფობს უჩვევი 
და აწყდებიან ვარდის ბუჩქები
ალმასის სილით მოფენილ ბილიკს. 
მაგრამ ზღაპრულად მდიდარი ბაღი
უფერულდება ლუდმილას თვალში 
და ყვავილებით დატვირთულ ქარში 
მიჰყვება სულის იდუმალ ძახილს. 
ამაზრზენია სიმდიდრე მისთვის, 
ვერ შეუხედავს საბრალოს მზისთვის, 
არც ფოთლის ესმის და აღარც ჩიტის
და მიდის ასე, მიდის და მიდის. 
სახეზე დასდის ცრემლები მწარე. 
საით წავიდეს ან რომელ მხარეს, 
და მწუხარებით მოღრუბლულ თვალებს 
უგულოდ ცისკენ აღაპყრობს ხოლმე. 
უცებ მიადგა ბობოქარ მორევს. 
მორევზე იდო მაღალი ხიდი. 
ლუდმილამ ტუჩზე მიიდო თითი, 
თითქოს განზრახვა გაუჩნდა უცებ. 
აჩქარდა, გულიც ხმამაღლა უცემს. 
ხიდის ქვეშ ქვებზე იმსხვრევა წყალი, 
წყალს გადაჰყურებს საბრალო ქალის, 
თავის დახრჩობას აპირებს, ალბათ, 
თავბრუ ეხვევა და სუნთქვას ხარბად 
და გულზე მჯიღებს ქვითინით იცემს. 
ბოლოს კი. . . გზაზე გამოდის ისევ. 
გამოელია ლუდმილას ძალა, 
დიდხანს ირბინა საბრალომ მზეზე. 
მოთენთა სიცხემ და აღარც მალავს, 
”დროაო!” - ამბობს და ჩეროს ეძებს. 
ჩამოჯდა კიდეც. არ ჩანს არავინ.
და უცებ ჩრდილი დაეცა თავზე
და აღიმართა დიდი კარავი, 
შრიალითა და სიგრილით სავსე. 
წინ გაეშალა სუფრა მდიდრული, 
მზეზე გაბრწყინდა ბროლის ფიალა 
და უჩინარმა ქნარმა მიდამო 
ათასნაირად ააწკრიალა. 
გაოცდა ჩვენი თავადის ქალი, 
მდიდრულმა სუფრამ მოსტაცა თვალი, 
მაგრამ ცდუნება დასძლია უმალ 
და გაიფიქრა თავისთვის ჩუმად: 
”თუკი სასურველს ვერაფერს ვხედავ, 
თავი რიღასთვის ვიცოცხლო ნეტავ?
წყეული იყოს გრძნეული ვნება, 
რამაც ჩამაგდო ამ მტანჯველ ცეცხლში. 
ლუდმილას მხოლოდ სიკვდილი შეცვლის, 
მტკიცეა მისი გულიც და ნებაც. 
რაში მჭირდება მე ეს კარავი, 
ან ეს სიმღერა გულის მზარავი. 
დე, ეს სადილიც ქცეულა შხამად”. 
გაიფიქრა და . . . შეუდგა ჭამას. 

ადგა თუ არა თავადის ქალი, 
კარავიც, სუფრაც და ტკბილი ქნარიც 
მაშინვე გაქრა. . . და ძველებურად 
ისევ დადუმდა ბაღი მეფურად. 
ლუდმილა ბაღში მარტოა ისევ, 
ჩიტების ბოლო სიმღერას ისმენს, 
ნაზი ჭალების ცქერით ერთობა, 
დავიწყებია კარგიც და ავიც. 
და აი, მთვარეც! ღამის დედოფალს 
ღრუბლიდან ფრთხილად გამოჰყავს ნავი 
გამოარღვია წყვდიადი მთვარემ 
და ბორცვზე მიდო ბრჭყვიალა თავი. 
უკვე ლუდმილაც ძლივს ახელს თვალებს, 
გამოლევია ძალ-ღონე ყვავილს. 
და უცებ იგი ვიღაცის ხელმა
მაღლა ასწია, ნელა და ნელა, 
და მართლა დაღლილ ყვავილის მსგავსად 
სასახლისაკენ წაიღო ნაზად. 
და აი, უკვე სასახლეც ბრწყინავს 
და ის საწოლზე ეშვება ფრთხილად, 
ხოლო საწოლი ცრემლის და დარდის 
მოფენილია საღამოს ვარდით. 
ისევ გამოჩნდა სამი ასულიც, 
თვალმშვენიერი და თმადაწნული, 
და ამ ჯადოსნურ სასახლის სტუმარს 
ძვირფასი კაბა გახადა უმალ. 
ოღონდ ამ ენაწართმეულ ქალებს, 
სევდით დაღლილებს და ბედზე მწყრალებს, 
უჩირაღდნებდა თვალს სიბრალული 
და თანაგრძნობის სხივი მალული. 
ლუდმილა ღამის პერანგში დარჩა 
და მიეხუტა ბალიშის ფარჩას. 
ქალებმაც თავი დაუკრეს უმალ 
და გაიკეტეს კარები ჩუმად. 
მაგრამ ლუდმილას დაუფრთხა ძილი, 
კვლავ წამოდგა წუხიის ჩრდილი, 
მთლად გაეყინა შიშით ხელები, 
მართლაც არავინ არ ჰყავს მშველელი. 
უფრო დაძაბა თვალიც და სმენაც, 
იკავებს სუნთქვას და გულის ცემას 
და მოლოდინით დაბნეულ თვალებს 
ვეღარ აშორებს საზარელ კარებს. 
და აი, მართლაც გაიღო კარი, 
გამოჩნდა მკაცრი ზანგების ჯარი, 
მოაბიჯებენ და როგორც ძღვენი 
ბალიშით მოაქვთ ჭაღარა წვერი. 
კუზით მოხრილი და ერთი მუჭა, 
ბალიშს ამაყად მოჰყვება ჯუჯა. 
მშვენიერ ტყვისკენ მოდის და ჩქარობს 
გონჯი და ჩია და კრუხის პალო. 
მასვე ეკუთვნის ეს დიდი წვერი. 
ტყვესთან საამურ შეხვედრას ელის 
და განსაცდელის სიამით სავსეს 
წოწოლა ჩაჩი ახურავს თავზე. 

აი, სარეცელს მიაპყრო თვალი, 
მაგრამ წამოხტა თავადის ქალი 
და დაიკივლა ისეთი ძალით, 
რომ მსახურების ზვიადი ჯარი 
დამფთხალ ჯოგივით არივ-დარია. 
და თვით გრძნეულიც, ქალიპარია, 
უკვე გაქცევას ცდილობს და ხვნეშის, 
მაგრამ გაება საკუთარ წვერში
და დაახეთქა იატაკს კეფა, 
ხოლო ზანგების წყება და წყება 
მრისხანე ბატონს ფეხებით თელავს, 
გაოგნებული შიშისგან ყველა. 
დარბიან, კედლებს ეხეთქებიან, 
ძირს ეცემიან და ძლივს დგებიან. 
ბოლოს შიშისგან მთლად დალეული 
ჯუჯა ბატონის უშნო სხეული 
შავ იღლიებში ამოიჩარეს, 
გადააჭარბეს ქარის სიჩქარეს, 
მიაწყდნენ ვერცხლით მოჭედილ კარებს 
და გამოცვივდნენ ღრიალით გარეთ. 
შიშმა ყველანი გააუნდილა, 
ჩაჩი კი ხელში შერჩა ლუდმილას. 

ჩვენ კი რაიდნებს მივხედოთ ახლა,
ხომ გახსოვთ, როგორ შეხვდნენ ისინი? 
უკვე ბნელოდა და სადღაც ახლოს 
ისმოდა მხოლოდ ტალღის სიცილი. 
ორლოვსკი, ფანქარს მოკიდე ხელი 
და ხელჩართული ბრძოლა დახატე. 
ცხენების ფეხქვშ ბობოქრობს ველი, 
გაგრძელებულა ბრძოლა აქამდე. 
გადაუყრიათ უკვე შუბები, 
დაკოჟრებიათ ბრაზით შუბლები. 
აბჯრებზე ელავს ოფლი და სისხლი 
და ეწურებათ გულები რისხვით. 
გადამსხვრეულან ხმლებიც ვადაში 
და ამ მრისხანე ბრძოლის ღადარში 
მთლად დაბზარულან მძიმე ფარები. 
და ერთმანეთზე გადახვეულნი 
ახლა ერთმანეთს ჭამენ თვალებით. 
შეერთებია სხეულს სხეული, 
გადაჭდობია ხელებს ხელები. 
მტვერში ცქმუტავენ ფიცხი ცხენები, 
დაჭიმულია ძარღვი და კუნთი. 
წელიწადივით გრძელდება წუთი. 
მეტოქის მკერდზე ცახცახებს მკერდი. 
დღეს გადაწყდება ორივეს ბედი. 
ერთ-ერთმა, მისი კეთილმყოფელი, 
აქ უნდა დასთმოს წუთისოფელი. 
და აი, ჩვენმა რაინდმა მაშინ 
მეტოქეს ხელი ჩაჭიდა მხარში 
და ააგლიჯა უნაგირს ძალით 
და გალახული ხორცი და ძვალი 
გადაისროლა ღრიალა ხრამში. 
”მოკვდიო!” - თანაც ჩასძახა ასე 
მისდამი შურით და ღვარძლით სავსეს. 

ჩემო მკითხველო, შენც მიხვდი, ალბათ, 
ვინ იყო ჩვენი რუსლანის მსხვერპლი, 
ვინ შეუერთდა წყვდიადს და ზღაპარს, 
ვინ დაიფარა მტვრითა და ფერფლით. 
როგდაი იყო, მკითხველო, იგი, 
შეუპოვარი და შლეგი ჯიქი. 
ხიფათისა და სისხლის მძებნელი, 
ნამდვილ მეომფარს როგოც შეჰფერის. 
კიევლების დიდი ნუგეში
ასე დამთავრდა სიჭაბუკეში. 
მან დიდხანს ძებნა რუსლანის კვალი, 
გზადაგზა დიდხანს აცეცა თვალი, 
მაგრამ ჭიდილი შურის და რისხვის 
საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. 
ხრამში ბორგავდა მდინარის წყალი, 
ხოლო იმ წყალში ცხოვრობდა ალი 
და მან მიიღო როგდაის გვამი, 
კოცნით მოწმინდა შუბლიდან შლამი, 
გამოაფხიზლა წყალთა სიცივით
და ჩაითრია ფსკერზე სიცილით. 
და ამის მერეც, ძალიან ხშირად, 
ხალხი შიშისგან ვერ ჭამდა სადილს, 
თუ გაივლიდა მდინარის პირას 
უზარმაზარი რაინდის ლანდი. 
 


მესამე სიმღერა 
 


ჩემო ლექსებო! ნუ ემალებით 
კეთილის მსურველ მეგობრებს ჩრდილში, 
მაინც მოგაპყროთ შურმა თვალები, 
გადიდებული ღვარძლით და შიშით. 
მე, რა თქმა უნდა, კამათი არ მსურს, 
არც გავამჟღავნებ ამ ამბავს არსად, 
თუ რად ვეძახი ლუდმილას ქალწულს 
და ამავე დროს - თავადის ქალსაც. 
რა ვუპასუხო, არ ვიცი თვითონ, 
შურით და ღვარძლით სავსე კრიტიკოსს. 
ის ჩემს შეცდომებს განიცდის თითქოს 
და სურს, რომ ცოცხლად გამომიტიროს. 
შენ კი, მკითხველო, თუკი თვალი გაქვს, 
ყველაფერს თვითონ შეამჩნევ უმალ. 
მე ისიც მყოფნის, რომ მართალი ვარ 
და ვცხოვრობ ჩემთვის, ცალკე და ჩუმად. 
და შენც გამიგებ, ალბათ, კლიმენა, 
შენ ხომ ყოველთვის გესმოდა ჩემი, 
შენც ხომ გიმსხვერპლა მკაცრმა ჰიმენემ. . .
და აი, ისევ ეცემა ცრემლი 
ჩემს ცოდვილ ლექსებს. . . და ოხრავ ისევ, 
სიმორცხვის ალი გედება პირზე 
შენ კი ეჭვების ბუდევ დ დედავ, 
ელოდე რისხვას, ახლოა იგი 
და სინანული ამურთან ერთად 
შურისძიების გიმზადებს გვირგვინს. 

ქედებზე უკვე ბრწყინავდა დილა,
ქვეყანა თვალებს ახელდა ფრთხილად. 
მაგრამ სასახლე ჯერ სდუმდა ისევ, 
თითქოს ბოქლომი დაედო პრიზე. 
ჯუჯასაც კრიჭა შეჰკვროდა ბრაზით, 
ირგვლივ ეხვია მონათა დასი 
და უვარცხნიდნენ მუნჯი კაცები 
წვერსა და ულვაშს ძვლის სავარცხლებით. 
და როგორც ნამდვილ ბატონს შეჰფერის, 
აფაქიზებდნენ ნელსაცხებლებით. 
მხრებზე მოეგდო დილის ხალათი, 
ბრაზს იკავედა ძალისძალობით, 
უქუდოდ იჯდა და რისვხით სავსეს
სხივი დაცა მოტვლეპილ თავზე. 
უცებ, ყველასთვის მოულოდნელად, 
ფრთიანი გველი, კაცის ოდენა, 
ღია სარკმელში შემოჟღრიალდა 
და ჩერნომორის საწოლს მიადგა. 
მერე დაბნეულ დამხვედურთ თვალწინ 
ნაინად იქცა ურჩხული მკაცრი. 
”გესალმებიო, - მიმართა ბატონს, - 
თაყვანს გცემდიო ჩემს ძმასო მარად, 
დღემდე სახელით გცნობდიო მარტო, 
ვატარებდიო შენს სახელს ფარად. 
დღეს კი ხიფათმა შეგვაერთაო, 
შენს თავზე რისხვის ღრულბეს ვხედავო, 
გაგვჩენიაო სერთო მტერი, 
გავუმართოდო ერთმანეთს ხელი. 
შენს შეგინებულ და ტანჯულ დასო 
შურისზიების წყურვილი მკლავსო”. 

აუციმციმდა ჩერნომორს თვალი, 
ტკბილი ღიმილით მოთაფლა ქალი. 
ხელიც კი მისცა და უთხრა მშვიდად: 
”ჩემო ნაინი, მეც ძლიერ მინდა, 
რომ ვიმეგობროთ ყოველთვის ასე, 
ეს მეგობრობა მე ძალით მავსებს
და იმ ყრუჩუნა და ჩერჩეტ ფინელს 
დავაკრეჭინებ სიმწრისგან კბილებს. 
არ გაჩენილა ჩემი მომრევი, 
ყველას ამოვდებ რკინის სადავეს 
და შენც იცოდე, რომ ჩერნომორი 
ამ წვერს ვინმე არ მომჭრის ძირში
არ შემაწუხებს არაფრის შიში, 
არც არაფერი არ მეფიქრება, 
ლუდმილა მარად ჩემი იქნება, 
რუსლანს კი მხოლოდ სამარე ელის”. 
და კუდიანმაც დაუკრა კვერი: 
”სამარე ელის! სამარე ელის!” 
მერე კვლავ ზიზღი აიკრა პირზე 
და სამჯერ დაჰკრა იატაკს ფეხი. 
და უცნაური მანჭვით და გრეხით, 
გველად ქცეული, გაფრინდა ისევ. 

დროზე ეწვია გრძნეულს გრძნეული, 
კვლავ დაუბრუნდა ჯუჯას ხალისი, 
კვლავ აუთრთოლდა ვნებით სხეული 
და გაეღიმა კიდეც თავისთვის. 
თითქოს უეცრად მოეხნა ტვირთი
და მოუშუშდა მტანჯველი წყლული. . .
და გადაწყვიტა: მშვენიერ ტყვისთვის 
ფეხქვეშ გაეგო წვერიც და გულიც. 
და საზეიმოდ მორთულმა ჯუჯამ 
კვლავ ლუდმილასკენ გასწია ურჩად. 
ჩამოაყოლა ოთახებს თვალი, 
ვერსად ვერ ნახა თავადის ქალი. 
მერე კი ბაღში გავიდა იგი, 
გადაიხედა მესერის იქით, 
გაჩხრიკა ყველა კუთხე და ტევრი 
და აღმა-დაღმაც ირბინა ბევრი. 
დიდხანს აცეცა დამფრთხალი თვალი,
ვერც ქალი ნახა, ვერც მისი კვალი. 
ვერ აღწერს ენა მის შეძრწუნებას, 
მთლად მოეშხამა გრძნეულს გუნება
და როგორც ქარი ათრთოლებს ფოთოლს, 
ისე ათრთოლდა და აკანკალდა, 
დარბოდა, მაგრამ ცოცხალს არ ჰგადა, 
მერე კი უცებ ღრიალი მორთო: 
”მონებო აქეთ, მონებო, ჩქარა! 
ახლა მჭირდება მე თქვენი შველა. 
ან მომინახეთ თავადის ქალი, 
ანდა ამ წვერით მოგახრჩობთ ყველას!” 

ჩემო მკითხველო, ახლა კი გეტყვი, 
სად გაქრა ჩვენი თავადის ქალი. 
ბავშვივით გულწრფელს, ნაზსა და კეთილს, 
არ მოუხუჭავს იმ ღამეს თვალი. 
გრძნეულის ქუდი მიეკრა მკერდზე
და მომხდარ ამბის ახსნას ცდილობდა, 
და მთლი ღამე საკუთარ ბედზე 
ხან იცინოდა და ხან ტიროდა. 
მას აცინებდა ყველაზე მეტად 
ჯუჯა ბატონის მხდალი ბუნება, 
ხოლო სიცილი და შეძრწუნება 
ვერ თავსდებიან ვერასდროს ერთად. 
მაშინვე ადგა თავადის ქალი, 
როგორც კი სხივი მოადგა სარკმელს, 
და უნებურად მოსტაცა თვალი 
კედელთან მდგარმა მაღალმა სარკემ. 
სულ უნებურად მისწვდა დალალებს, 
რომლებიც შიშველ მხრებს უმალავდნენ. 
გამოიჩინა შროსანა მხრები 
და უნებურად დაიწნა თმებიც. 
მერე კი სკამზე, საწოლის გვერდით, 
გუშინდელ კაბას შეასწრო თვალი. 
ჩაიცვა. ოხვრა აღმოხდა სევდის 
და კვლავ ატირდა თავადის ქალი. 
ოღონდაც სარკეს, წუხილით სავსე, 
არ შორდებოდა არც ერთი წუთით
და უნებურად მოირგო თავზე
ჯუჯა გრძნეულის წოწოლა ქუდიც. 
რა უნდა მოხდეს ბოლოს და ბოლოს, 
ან როგორ უნდა გასთქვან კედლებმა. . .
ის კი ჩვიდმეტი წლისაა მხოლოდ, 
რომელი ქუდი არ დაამშვენდება. 
და დაბზრიალდა ლუდმილა უცებ, 
ქუდმა დაიპყრო იგი მთლიანად: 
გვერდზე მოიგდო, კეფაზეც, შუბლზეც 
და მერმე წაღმა შეატრიალა. 
უცებ ლუდმილა სარკიდან გაქრა. 
შეკრთა საწყალი, არ იცის, რა ქნას. 
შეატრიალა ქუდი და ისევ 
გამოჩნდა სარკის კრიალა პირზე. 
კვლავ შეაბრუნა - კვლავ გაქრა სადღაც, 
მოიძრო - ისევ სარკის წინ დადგა. 
”ძალიან კარგი, ჩემო ბატონო, 
ახლა ჩემს ნახვას ნუღარც ნატრობო. 
აქიცინე წვერიც და კუდიც, 
მე კი ვიძინებ მშვიდადო ამ ღამ. . .” 
სთქვა და გრძნეულის წოწოლა ქუდი 
ჩამოიფხატა მაშინვე წაღმა. 

ახლა კი რუსლანს მივხედო ისევ, 
მარად შემართულს, მხნესა და ფხიზელს. 
გადაივიწყე, მკითხველო, წუთით 
ავი გრძნეულის წვერიც და ქუდიც. 
ჩემმა რაინდმა იმ ბრძოლის მერე 
ტყე გაიარა ჩუმი და ბნელი 
და როცა გასცდა ჩათვლემილ ტევრებს, 
ბრჭყვიალა ცის ქვეშ გამოჩნდა ველი. 
ველი სავსეა ყვითელი ძვლებით: 
ლავიწის, ბეჭის, კეფის თუ ყბების. . .
უკვე დამცხრალა ბრძოლის ხანძარი 
და რიყესავით ბრყინავს აბჯარი. 
გაჟანგულ ფარზე დამჯდარა ყვავი 
და მუზარადში ჩამპალა თავი, 
ხმალს შერჩენია უხორცო ხელი. 
იქით აღვირი აგდია ცხენის, 
აქეთ სველ მიწას კაპარჭი კოცნის 
და გოლიათის მთლიანი ჩონჩხი 
ბორცვს შერჩენია, როგორ ღრუბელი, 
და ხეებივით დგნან შუბები, 
შემოხვევიათ ფათალოს ხელი. 
დუმილს მოუცავს სიკვდილის ველი. 
ჩქამიც არ ისმის არავითარი. 
საღათას ძილით სძინავს მიდამოს. 
მზე კი ამ სურათს დასცქერის მშვიდად 
გაჩახჩახებულ და მაღალ ციდან. 

ამოიოხრა რაინდმა მწარედ, 
ჩონჩხებს მოავლო მწუხარე თვალი. 
”მითხარ, მინდორო, რომელმა ქარმა 
შემოგაჩეცა ამდენი ძვალი? 
ვისმა მერანმა გაგთელა ასე? 
ვისი ვარსკვლავი ჩაბნელდა ცაზე? 
ვინ მოიპოვა სახელი გმირის? 
ვინ შეირცხვინა სიკვდილით პირი? 
მინდორო, ახლა რაღად ხარ ჩუმად, 
ამდენი რამე თუ გაქვს ნანახი, 
რად მოგიშვია მკერდზე დუმილის 
და დავიწყების მკაცრი ბალახი? 
იქნებ მეც საშველს ტყუილად ვეძებ, 
იქნებ ტყუილად მივყვები ფიქრებს 
და უსახელო ბორცვზე ან ველზე 
რუსლანის კუბოც დაიდგეს იქნებ. 
და იქ ასრულდეს მისი იმედიც, 
მისი სურვილიც, გზაც და სანთელიც. . .
და ბაიანის მქუხარე სიმებს 
სიტყვაც არ ჰქონდათ მასზე სათქმელი? 

მაგრამ რაინდებს ჭირდეგათ ხმალი, 
მკვრივი აბჯარი და მუზარადი. 
რუსლანიც ეძებს და მისი თვალი 
აბჯრის გორებზე ნელა გადადის. 
იმ უკანასკნელ ბრძოლაში იგი 
უიარაღოდ დარჩა სრულებით, 
ამიტომ დროზე შეწყიტა ფიქრი, 
თვალით მოსინჯა ორლესულები. 
ველს გაეღვიძა, ატყდა ჟღრიალი, 
რკინას მიაწყდა რკინა მტვრიანი, - 
ისევ გაცოცხლდა თითქოს ლაშქარი. 
ფარიც იპოვა, ბუკიც, ჩაჩქანიც, 
და თუმცა ხმლებში იდგა ყელამდი, 
ვერ შეარჩია მაინც ვერაფრით: 
ამ ტრიალ ველზე სივკდილმისჯილებს 
ზოგს სიგრძე აკლდა და ზოგს სიმძიმე. 
ის კი არ იყო დონდლო და ზანტი 
და არც დღევანდელ რაინდებს ჰგავდა, 
მოჩხრიკა ყველა ბუჩქი და ბარდი, 
ბევრი ეძება და ბევრი სცადა. 
დიდხანს იარა რაინდმა ასე, 
მერე კი თორი მოირგო ტანზე, 
ფოლადის შუბიც აიღო გრზელი 
და მიატოვა მდუმარე ველი. 

ამასობაში დაღამდა კიდეც, 
გადაეფარა მიდამოს ბინდი. 
თანდათან ფერი წაერთვა მინდვრებს, 
გამოჩნდა მთვარეც, თეთრი და მშვიდი. 
გამოჩნდა მთვარე, მშვიდი და მორცხვი
და ჩვენმა გმირმა შენიშნა ბორცვი, 
ბორცვზე კი თითქოს ვიღაცას სძინავს, 
სძინავს და ძილში საზარლად ხვრინავს. 
არ დაბნეულა გმირი სრულებით, 
ბორცვს დაკვირვებით შეავლო თვალი. 
ცხენმა კი შიშით ცქვიტა ყურები 
და ერთ ადგილზე აცქმუტდა მხდალი. 
და მთვარის მშვიდი შუქით ნაბანი 
ყალყზე დაუდგა თეთრი ფაფარი. 
არ აშორებდა დიდი მანძილი, - 
ბორცვი ხვრინავდა ბნელში კაცივით. 
გამოიკვეთა თანდათან ბორცვი, 
ფერკმრთალმა მთვარემ შეასხა ხორცი. 
აღწრა მიჭირს და მაინც ვბედავ, 
რუსლანი ნამდვილ სასწაულს ხედავს: 
ჩვენი გულადი თავადის თვალწინ 
უზარმაზარი თავი დევს კაცის. 
ცხენი ადგილზე გაქვავდა შიშით, 
იმ თას კი სძინავს და ხვრინავს ძილში. 
დამდგარა, როგორც ზვინი ზვიადი, 
გარემოცული მუნჯი წყვდიადით 
და მუზარადის ცახცახა წვერით
ცას ებჯინება მინდვრების მცველი. 
შეფიქრიანდა მისი სტუმარი, 
უცებ გამოტყვრა, ახალი ჭირი 
და სურს, როგორმე დააფრთხოს ძილი, 
გაურკვეველი და იდუმალი. 
შემოუარა თავს ყოველ მხრიდან, 
ათვალიერა დიდხანს და მშვიდად. 
მერე ნესტოში შეუყო შუბი
და შეიჭმუხნა მძინარეს შუბლი. 
გამწარებულმა და აცრემლილმა 
ერთი ისეთი დააცემინა, 
რომ არ გსმენიათ არსად იმგვარი. 
დაცემინებას მოჰყვა გრიგალი, 
ათრთოლდა ველი, ხოლო მთებიდან
ღრიალით მოწყდნენ მძიმე ლოდები, 
ულვაშებიდან და წარბებიდან 
წამოიშალნენ ბუკიოტები, 
გამოეღვიძათ ჩათვლემილ ჭალებს, 
მიაწყდა ეხო ოთხივე მხარეს, 
ცხენმა ჭიხვინი მორთო გაბმული 
და გვერდზე გახტა მკერდგაქაფული 
დაფეთდა, როგორც გაუხედნავი, 
ძირს გადმოაგდო ლამის მხედარი. 
და უცებ თავმა შესძახა რაინდს: 
”საით მოდიხარ, სულელო, საით! 
დაუფიქრებლად გაბრუნდი უკან, 
არც კი მეყოფი, თავხედო, ლუკმად”. 
მაგრამ ამაყად მოხედა გმირმა 
და გააქვავა ადგილზე ცხენი. 
”შენ ხომ არ იცი, რაიდნო, ვინ ვარ, 
არ მოგიწვდება ჩემამდე ხელი”. –
განრისხებული ბრდღვინავდა თავი, - 
”რას დაწანწალებ მინდორში ღამით. 
აბა, აქედან მოცოცხე მალე, 
ხომ ხედავ ძილი მიხუჭავს თვალებს” 
მოკრა თუ არა ამ სიტყვებს ყური, 
ბრაზით ათრთოლდა რუსლანის გული 
და მედიდურად მიუგო მაშინ: 
”თუმცა მინდორზე მთასავით დგახარ, 
ტვინის ნასახიც არ გიდევს თავში. 
მე არ ვტრაბახობ და თვითონ ნახავ, 
რომ არ დავრჩები არავის ვალში”. 
მთლად გაიბერა ის თავის რისხვით, 
თვალებში უცებ მოაწვა სისხლი, 
შუბლზე აუხტა ორივე წარბი, 
პირზე მოადგა დორბლი და ქაფი. 
ვერ მოერია ბრაზსა და წუხილს, 
გამოუვარდა ყურიდა ბუღი 
და, როგორც ავდრის შავმა ღრუბელმა, 
გაბერა ყბები და შეუბერა. 
ატყდა გრიგალი, გავარდა მეხი, 
დაეშვა წვიმის და სეტყვის სვეტი. 
წინ ვეღარ წარდგა მერანმა ფეხი, 
დახარა თავი, დაძაბა მკერდი. 
ვერ მიაწვდინა რუსლანმაც ხელი, 
ირგვლივ წყვდიდი გამეფდა სრული 
და გაარიდა ქარიშხალს ცხენი, 
რომ ოდნავ მაიც მოეთქვა სული. 
კვლავ შეუტია და კვლავ ამაოდ, 
ქარში მიიწევს და მიქანაობს, 
ვერ მიაკარა ვერაფრით თითიც, 
გადაეწურა იმედი თითქმის. 
სამაგიეროდ თავი ხარხარებს, 
უთანასწორო ბრძოლა ახარებს:
”რაინდო, საით? მოიწი აქეთ. 
რა მოგივიდა, რაშია საქმე. 
ნუ გადაყვები მწუხარე ფიქრებს, 
როგორმე რთი შემომკრა იქნებ 
და გამახარო ეს ბერიკაცი, 
სანამ შენს მერანს გასძვრება ქანცი”. 
თან კი უყოფდა საზარელ ენას. 
რუსლანს წაერთვა თვალიც და სმენაც, 
სულში ჩაუდგა ღრუბელი ქუფრი 
და დაემუქრა შორიდა შუბით. 
მერე კი სტყორცნა და, როგორც სხივი, 
ბნელში გაბრწყინდა ფოლადი ცივი, 
ეძგერა ენას და შავმა სისხლმა 
მდინარესავით იფეთქა უცებ 
და შეურყია ტრაბახას ფუძე, 
ხოლო ტკივილმა, ბრაზმა და რისხვამ 
გამოაშტერა თავი მთლიანად, 
გონი წაართვა მწარე იარამ, 
ლანძღვის ხალისიც წაუხდა უმალ 
და მიაჩერდა ჩვენს რაინდს ჩუმად. 
ასეთი რამე ახლაც, წინათაც 
მე ჩვენს სცენაზე ბევრჯერ მინახავს, 
გონებას ასე კარგავს სტვენისგან 
ცუდი შეგირდი მელპომენისა. 
მას არაფერი არ ახსოვს მაშინ 
და გოგნებულს დაცინვის ტაშით 
ენა ებმება და თავდახრილი 
ხალხის წინაშე დგება ბალღივით. 
რუსლანიც ამას უცდიდა მხოლოდ, 
მოესწრო კიდეც, ბოლოს და ბოლოს, 
ქორივით წამსვე მისკენ გავარდა, 
თათმანიანი ხელი გამართა 
და ერთი ისე შემოჰკრა ყბაში, 
რომ ვარსკვლავები ათრთოლდნენ ცაში. 
საბრალო თავიც უცებ გაბრუვდა, 
გადაბანცალდა და გადაბრუნდა
და მის ნადგომზე გამოჩნდა ხმალი, 
ააბრჭყვიალა ფოლადის თვალი. 
და გაუხარდა რუსლან ბავშვურად, 
წამსვე დასტაცა სანატრელს ხელი, 
შემართა კიდეც და ფრენა-ფრენით 
კვლავ დაგორებულ თავს მიაშურა. 
სურს მოასხიპოს ყური და ცხვირი, 
გადააჩვიოს ლანძღვას და ყვრილის. 
მაგრამ უეცრად მოესმა კვნესა, 
აატირებდა ის კვნესა კლდესაც. 
და მან ნელ-ნელა დაუშვა ხმალი; 
უცებ გაუქრა სიბრაზის კვალიც, 
გაუქრა ბრძოლის ჟინიც და ვნებაც, 
ასე მინდორში ყინული ქრება, 
როდესაც ცხელი სხივებით სავსე 
მზე დააცხრება საბრალოს თავზე. 

- ”შენ გამინათე გონება, გმირო, - 
თავს შეეცვალა ხმაცა და კილოც, - 
შენმა მარჯვენამ მაჩვენა ნათლად, 
რომ დამნაშავე ვიყავი მართლა. 
და დღეის იქით მონა ვარ შენი, 
რაინდს კი სუსტის შენდობა შვენის 
და შენც, რაინდო, იყავს სულგრძელი, 
შენ არც კი იცი, რას გავუძელი. 
ერთ დროს, ძმობილო, მეც ვრაინდობდი, 
მამაცი ვიყავ, მტერს არ ვინდობდი, 
ქათმებში შეჭრილ მიმინოს ვგავდი, 
მართლაც არ მყავდა ტოლი და ფანდი. 
და სანამ ჩემი ძმა გაჩნდებოდა, 
მე დავცქეროდი ყველას ზემოდან. 
ოხ, ჩერნომორის ბრალია მხოლოდ 
ამ სატანჯველის თავიც და ბოლოც. 
მან შეარცხვინა ოჯახი ჩვენი. 
დედის მუცლიდან გამოჰყვა წვერი 
და დაბადებით ჯუჯას და ჩიას 
ჩემი სიმაღლე ახრჩობდა შურით. 
მე შევხაროდი ქვეყანას მზიანს, 
რადგან უბრალო ვიყავი სულით. 
ის კი ჭკვიანი იყო ქაჯივით 
და სული ღვარძლით ჰქონდა დაჭრილი. 
ბრაზით იმტვრევდა წყეული თითებს, 
ბოლოს და ბოლოს შევჯავრდი კიდეც. 
საუბედუროდ, იმ ქაჯს და შეშლილს 
საბედისწერო ძალა აქვს წვერში. 
იმ წვერს ატარებს წყეული ფარად, 
ვერც ეკარება ვერავინ შიშით 
და უვნებელიც დარჩება მარად, 
თუ არ შეაჭრის ის წვერი ძირში. 
და აი, ერთხელ, ერთ წყეულ დილას 
გამიხმო გვერდზე და მითხრა ფრთხილად: 
აღმოსავლეთში, წყნარი ზღვის პირას, 
ჯურღმულიაო და ჩვენდა ჭირად 
ლოდი ადევსო იმ ჯურღმულს თავზე 
შავმა წიგნებმა მითხრესო ასე, 
რომ იმ ჯურღმულში მახვილი დევსო, 
ის ჩაგვიქრობსო ორივეს მზესო, 
ასე უნდაო ჩვენს წყეულს ბედსო. 
ვიღუპებითო შენცა და მეცო, 
აღარ ვარგივართ დარდით და შიშით, 
შენ თავს მოგჭრისო ის ხმალი ძირში, 
მე კი - წვესაო. და ვითონ თქვიო, 
თუკი მოსმენილს ზღაპრად არ თვლიო, 
იმ ხმლის ჩაგდება გსურს თუ არაო, 
ოღონდ სიმართლეს ნუ დამალავო.
”წავედით ძმაო საითაც გინდა, - 
ჯუჯას მაშინვე მივუგე მშვიდად, - 
გული ტყუილა გიწუხს და გტკივა, 
თუ გინდა ქვეყნის კიდემდე მივალ”. 
ვეება ნაძვი გავიდე მხარზე 
და მაშინათვე გაველი გზაზე. 
მეორე მხარზე ჯუჯა შევისვი, 
თან წავიყვანე ისიც რჩევისთვის. 
ძმა მაჩქარებდა და მეც ვჩქარობდი
და ჩემი ძმის თუ ღმერთის წყალობით 
პირველად კარგად წავიდა საქმე: 
მე მივადექი ჯურღმულის სარქველს, 
მახვილსაც მივწვდი და ამოვიღე, 
მაგრამ მოგვინდა იგი ორივეს. 
მოსხდენელი მოხდება ისეც 
და ჩვენში შუღლი ჩავარდა მყისვე. 
საჩხუბარი კი გვქონდა ნამდვილად, 
ვერ დავცხრებოდით ასე ადვილად. 
აყვირდა ჯუჯა, მეც მაგრა დავხვდი, 
ვექაჩებოდით ორივე მახვილს, 
ორივე მუშტებს ვიცემდით გულზე, 
მერე კი ჯუჯა დაწყნარდა უცებ. 
მთლად გაისაწყლა წყეულმა სახე
და სწორედ მაშინ დამიგო მახე. 
უჩუმრა იჯდა და მითხრა ბოოს: 
”ეს უსარგებლო შფოთიან მხოლოდ. 
ჩვენი კავშირი სუსტდება ამით, 
ამიტომ ყური დამიგდე წამით. 
ჯობია ბედმა განსაზღვროს თვითონ, 
თუ ეს მახვილი რომელმა ვზიდოთ. 
ორივემ მიწას დავადოთ ყური, 
(რას არ იფიქრებს ბოროტი სული) 
და ვინც პირველად გაიგებს რეკვას, 
ამ ხმალსაც მისი სახელი ერქვას”. 
თქვა და მაშინვე გაწვა მიწაზე. 
მეც გავსულელდი, მართლა ვიწამე. 
ვწევარ და ვუცდი, ვუცდი და ვუსმენ. 
მოვატყუებო, ვიფიქრე უცებ, 
მაგრამ თვითონვე მოვტყუვდი მწარედ. 
არც გამიხედავს წყეულის მხარეს, 
ის კი, ბოროტი ზრახვებით სავსე, 
წამომპარვია უკნიდან თავზე. 
ხელსი მოირგო მახვილი უკეთ 
(არ მოვსწრებოდი იმ დღეს ნეტავი) 
და სანამ მისკენ მივიხედავდი, 
თავი მიწაზე გორავდა უკვე. 
თავში ჩასახლდა ცხოვრების სული, 
გვამს კი მოედო ხავსი და წყლული
და ცხრა მდინარის და ცხრა მთის იქით 
დაუმარხავად ლპებოდა იგი. 
მე კი გრძნეულმა ჩამავლო ხელი, 
წამომათრია და ძმას საკუთარს 
მაყლაპა ბევრი ტრამალის მტვერი 
და ამ ხმლი მცველად აქ დამაყუდა. 
ალალი იყოს ეს ხმალი შენთვის, 
წაიღე იგი, - გფარავდეს ღმერთი. 
იქნებ შენს გზაზე, ჩემო რაინდო, 
სადმე ჯუჯასაც შეასწრო თვალი, 
გადაუხადე და არ დაინდო, 
არ ჩამაყოლო საფლავში ვალი. 
თუ გამითენებ ამ ნანატრ დილას, 
მეც კმაყოფილი ვიქნები სოფლის 
და დავივიწყებ შენს მწარე სილას, 
შენდამი დიდი მადლობის გრძნობით. ”
 


მეოთხე სიმღერა
 


მე ყოველ დილით, როგოც კი ვდგები, 
უფალს გულწრფელად მადლობას ვწირავ, 
რადგან ჯადოქრებს დღეს აღარ ვხვდებით, 
ან უფრო სწორად: არ ვხვდებით ხშირად. 
ახლა თამამად იხდიან ქორწილს, 
წყვდიადს ჩაბარდა, რაც იყო წინათ, 
ქმარიო მეუღლეს თამამად კოცნის, 
და უფრო მეტიც: თამამად სძინავს. 
მაგრამ არიან სხვა ჯადოქრებიც: 
ნაზი ღიმილი, ლურჯი თვალები 
და ხმა ხავერდის. . . ოხ, მეგობრებო, 
მათაც ნურასდროს მიეკარებით. 
ნუ დაუჯერებთ, ნუ მიენდობით, 
და გეშიოდეთ ამ ტკბილი შხამის, 
თუ გსურთ, რომ ბოლოს გითხრან შენდობა, 
ახლა კი მშვიდად გეძინოთ ღამით. 

მთრთოლვარე სულის მგოსანო დიდო, 
წუთისოფლის და სამოთხის მკვიდრო, 
ვარდების შლავ და ფოთლების ცვენავ, 
სიყვარულის და ოცნების ენავ, 
ცასავით მშვიდო, სუფთავ და ვრცელო, 
ჩემი მუზების ძიძავ და მცველო, 
შენ მომიტევე, ლექსის მშობელო, 
ნუ შეიჭმუხნი სიბრაზით სახეს, 
თუ ჩრდილოეთის ხმატკბილ ორფეოსს 
მე ერთ მშვენიერ ტყუილში გამხელ. 
ჩემო მკითხველო, შენც იცნობ ალბათ, 
იმ უკეთურის უცნაურ ამბავს, 
ეშმაკს რომ მშვიდად მიჰყიდა სული
ჯერ თავისი და მერე შვილების, 
მერე ცოდვამ რომ დაუფრთხო რული, 
და უთვალავი შენაწირებით, 
ლოცვებით, რწმენით, გვემით და მარხვით
ჰპოვა მფარველი წმინდანის სახით. 
შენ ალბათ მისი სიკვდილიც გახსოვს, 
მისი თორმეტი ასულის ძილიც. 
ჩვენც წარგვკვეთია წუხილით სასო, 
ჩვენც დაგვცემია იმ ციხის ჩრდილი. 
ძლიერი იყო ის განცდა ჩვენთვის, 
მას ბევრი ნაზი გული მინებდა. 
გულღრძო ეშმაკი და მკაცრი ღმერთი 
და იმ უბიწო ასულთა ხვედრი 
ჩვენც გვატყვევებდა და გვაშინებდა. 
თავს ტყვეობაში ვგრძნობდით ყველანი, 
ერთად ვტიროდით იმ დების შველა, 
რადგან გულწრფელად გვიყვარდა ყველას 
ჩვენ გვწვავდა მათი ცრემლი და დარდი, 
ჩვენც მათთან ერთად ვეძახდით ვადიმს 
და მშვიდ მონაზვნებს, როგორც ჩრდილები, 
მამის საფლავზე მივაცილებდით. 
მაგრამ ტყუილი იკყო ყოველი! 
მე კი არ ვიცი, ჯერ რა მომელის. 
იქნებ არ მეყოს მე სითამამე, 
მაგრამ სიმართლე მთხოვს და მავალებს
გამომჟღვნებას და ვიწყებ წერას, 
როგორც მგონია და როგორც მჯერა. 

ამ დროდ რატმირი, ხაზართა ხანი, 
სამხრეთისაკენ მიქროდა ისევ. 
საამო ვნებით უთრთოდა ტანი
და ამ საამო ვნებათა მიზეზს 
უკვე საკუთარ მეუღლედ თვლიდა. 
მაგრამ საღამო დაეშვა ციდან, 
ჩრდილებით და დუმილით სავსე
უცებ დაეშვა უგუ ზენიდან. 
ხოლო გარინდულ ფიჭვნარის თავზე 
უკანასკნელი სხივი ქრებოდა. 
სიმღერაც შეწყდა მინდვირს მგოსანთა, 
აღარაფერი აღარ მოჩანდა, 
ქვეყანას ღამე დააწვა მკერდზე. 
რატმირიც ღამის გასათევს ეძებს. 
უეცრად ციხე შენიშნა მთაზე. 
ციხის დაკბილულ და მაღალ კედელს 
მიმოეფინა ჩრდილები ცაზე 
და კუთხეებში კოშკები თვლემდნენ. 
კედელზე ქალი დადის და მღერის, 
მოუღერია გედივით ყელი 
და მისი წყნარზე წყნარი სიმღერა 
ციხის კედლიდან შუქად იღვრება. 

"ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის, 
ქარს აეშალა ცივი ფაფარი, 
მაგრამ ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვის 
იქნება მსვიდი თავშესაფარი. 

ღამით აქ ტკბილი განცხრომა გელის, 
დღისით კი სუფრა, ლხინი და შფოთი.
მიიღე ჩვენი გული და ხელი, 
ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი. 

შენ აქ იხილავს მშვენიერ ქალებს,
დაგავიწყდება, სხვაზე თუ თრთოდი. 
ჭაბუკო, მალე, მალე და მალე, 
ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი. 

გზას დაგილოცავთ ყვლანი ბოლოს 
სავსე თასებით და დაფნის ტოტით.
ჩვენ სამშვიდობთ გეძახით მხოლოდ, 
ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი. 

ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის, 
ქარს აეშალა ცივი ფაფარი, 
მაგრამ, ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვის 
იქნება მშვიდი თავშესაფარი".

ასე მღერის და ანიშნებს ქალი 
და უკვე კედელს მიადგა ხანიც. 
შემოეგებნენ კართან ქალები, 
უციმციმედათ ტურფებს თვალები. 
ჯერ ჩამოართვეს დაღლილი ცხენი, 
მერე კი ნაზად მოხვიეს ხელი 
და შეიყვანეს კოშკში ჭაბუკი, 
გაბრუებული ვნების ქარბუქით. 
ერთმა ჩაჩქანი მოხადა სტუმარს, 
მეორემ - ხმალი, მესამემ - თორი, 
მძიმე აბჯრისგან განტვირთეს უმალ, 
გამოუჩინეს გულმკერდის ბროლი. 
მაგრამ ჯერ რატმირს აბანო ელის, 
ნაღდი რუსული აბანო, ცხელი. 
ვერცხლის კასრებში ბუყბუყებს წყალი 
და იბინდება ოხშივრით თვალი. 
ძვირფასი ნოხი დაუგეს სტუმრს 
და გააწვინეს იმ ნოხზე უმალ 
თავზე დაადგა ორთქლი და ბუღი, 
ავიწყებს განვლილ დაღლას და წუხილს. 
და უთვალთვალებს მშვენიერ ქალებს 
თავის უენო საქმით გართულებს, 
ნახევრად შიშვლებს და დახატულებს 
ვერაფრით ვეღარ აშორებს თვალებს. 
ჰაერს უგრილებს ტოტებით ერთი, 
მეორე ვარდის საამურ ზეთით 
კუნთებს უზილავს და უხალისებს. 
ახლა მესამეს მიჰყავს თავისკენ
და აბანავებს ყვავილთა წვენში, 
მეოთხეს კათხა უჭირავს ხელში. 
და ამ დიდებულ სურათით მთვრალი 
ნეტარ განცხრომას ეძლევა ხანი. 
გადაავიწყდა ლუდმილაც უცებ 
და გული უკვე სხვა ხმაზე უცემს. 
მთლად გაუწვრილა სურვილმა გული, 
აცეცხებს თვალებს და აღარ იცის, 
რა მოუხერხოს ამ მტანჯველ სურვილს, 
ვნების უჩინარ კოცონზე იწვის. 
და აბანოდან გამოდის ხანი, 
შეუმოსია ხავერდით ტანი. 
ახლა კი სუფრა ეძახის რატმირს 
სავსე ხორაგის და ღვინის მადლით. 
მე ჰომეროსი არა ვარ, ძმებო, 
არა ვარ მისი უბრალო ჩრდილიც 
და თქვენც სულგრძელად მომეცით ნება, 
რომ არ აღვწერო ის ლაღი ლხინი. 
მე მირჩევნია, რომ ჩემმა ქნარმა, 
დაუდევარმა და ვნებით მთვრალმა, 
აქოს სიშიშვლე ნაზი სხეულის, 
კოცნაზეც სმენად იყოს ქცეული. 
მე ახლა ვხედავ მძინარე რატმირს, 
სძინავს და გული ხმამაღლა უცემს 
და, რა თქმა უნდა, რომ აღარ უსმენს 
მთვარის და კოშკის იდუმალ თათბირს. 
სძინას და კვნესის საბრალო მწარედ 
და საიდუმლო მიჯნურის ალერსს 
გახურებული ტუჩებით ეძებს, 
თუმცაღა საბანს იხუტებს მკერდზე. 
და აყოლილი ვნებიან სიზმრებს 
წრიალებს, კვნესის და ოხრავს ისევ. 
და აი, უცებ გაიღო კარი 
და მთვარის შუქზე გამოჩნდა ქალი. 
გამოეღვიძა იატაკს წამით 
და ქალის ფეხქვეშ გაიღო ჩქამი. 
აქ აღარ არის სიზმრის ადგილი, 
უნდა აღსრულდეს გულის წადილი. 
გამოიღვიძე - ნუ კარგავ წამებს! 
გამოიღვიძე - შენია ღამე! 
მიუახლოვდა სარეცელს ქალი, 
მძინარე რაინდს შეავლო თვალი. 
ჩაცურებია საბანი გვერდით, 
გაშიშვლებია ავხორცი მკერდი. 
სუნთქავს ხმამაღლა და ვნებიანად, 
მთლად მინდობილი მაცდურ მირაჟებს, 
ქალი კი შედგა, როგორც დიანა, 
თავის მშვენიერ მწყემსის წინაშე. 
მერე კი საწოლს დაეყრდნო მუხლით, 
აჰყვა ვნებათა ღელვას და დუღილს, 
იღბლიანს ძილი დაუფრთხო კოცნით
და შეუერთა სული და ხორცი. . .

მაგრამ ჩუმდება უმანკო ქნარი, 
ჩემი ხმაც წყდება ზედმეტად მორცხვი. 
ამიტომ ასე დავტოვოთ ხანი, 
თავის საამო განცდებით მთვრალი. 
ჩვენ კი რუსლანთა მივბრუნდეთ ისევ, 
ის კიდევ მრავალს მოუგრეხს კისერს 
და ძალაც კიდევ დიდხანს ეყოფა 
უმაგალითო გმირს და მეგობარს. 
ახლა კი, თავთან ჭიდილით დაღლილს, 
სძინავს და მკერდი თანაბრად უცემს. 
მაგრამ თენდება და ზეცის თაღი 
თბილი სხივებით ივსება უცებ. 
გამოჩნდა სივრცე, ათრთოლდა ველი. 
სახე მიეცა ყველაფერს ირგვლივ. 
რუსლანიც ადგა და მისცა ცხენი 
მინდორზე უკვე ქარივით მიქრის. 

დრო მგზავრობაში გავიდა ასე. 
შავი ღრუბლები მომრავლდნენ ცაზე. 
გაყვითლდა ყანა და ფრთოსან მგოსნებს 
მინდვრებზე ქარი წივილით მოსდევს. 
ცვივა ფოთოლი და შიშველ ქედებს 
ეხვევა ცივი და მძიმე ნისლი, 
ეცემა ზამთრის პირველი წვეთი 
და დანარჩენთა სიმღერაც ისმის. 
მაგრამ რუსლანი გზაშია ისევ, 
თავის საფიქრალს მისდევს და მისდევს. 
და ხიფათებით გაჭედილ გზაზე
კვლავ ერთადერთი მიზანი ავსებს. '
ვინ არ შემოხვდა: დევი თუ ქაჯი. . .
ბევრჯერ შეაქო ხმალიც და ჯაჭვიც. 
ხან კი მთვარიან ღამით ალები, 
გარემოცულნი ჭაღარა ნისლით, 
მაცდური ცეცხლით სავსე თვალებით, 
მაცდურ სიმღერებს მღეროდნენ მისთვის. 
ის კი არავის არ უყურებდა 
და ლუდმილაზე ფიქრობდა მარტო 
და ხელს უწყობდა თვითონ ბუნებაც 
ამ თავგანწირულ რაინდს და სატრფოს. 

ახლა კი ვნახოთ, რას ფიქრობს, ნეტავ, 
ან რა დღეშია ჩვენი ქალწული. 
არ ჩანს და თვითონ ყველაფერს ხედავს 
ავი გრძნეული ქუდით დაცული. 
გაფითრებია წუხილით ლოყა, 
ვეღარ იშორებს მეგობრის აჩრდილს
და მხოლოდ მასზე ფიქრობს და ოხრავს 
და მოწყენილი სეირნობს ბაღში. 
ხან უბრუნდება ლაღი ოცნებით 
კიევის მინდვრებს, მშვიდსა და ლამაზს, 
ეზოშიც შერბის და ნაზად კოცნის 
თავის საყვარელ ძმებსა და მამას. 
ბედნიერებით ახლად შობილი 
ხელს უქნევს თავის კეთილ დობილებს, 
ან ეფერება მოხუც გადიებს 
და სიხარულის ცრემლით ატირებს. 
მაგრამ ოცნებაც უკვალოდ ქრება 
და ისიც ბედის წინაშე რჩება. 
ამასობაში ჯუჯას მონები 
კვლავ დაეძებენ გამქრალ მშვენებას, 
მთლად არევიათ შიშით გონება, 
არც ჭამა ახსოვთ, არც დასვენება. 
ვერ მიაკვლიეს ვერაფრით კვალი, 
მიწამ ჩაყლაბა თავადის ქალი. 
ხოლო ლუდმილა ერთობა ამით, 
გამოდის გზაზე და ჩნდება წამით. 
თან კი ეძახის: "აქა ვარ, აქა!" 
მონების მისკენ გარბიან წამსვე, 
ის კი კვლავ ქრება და შვებით სავსე 
ისმენს დაქანცულ მონების ქაქანს. 
ჩემი ლუდმილა დიდხანს ლაღობდა, 
დასეირნობდა ჭალებში მშვიდად 
და ყველა ჯურის მწიფე ნაყოფი 
ხშირად ქრებოდა შრიალა ხიდან. 
ხან ხეივნიდან ოხვრაც ისმოდა, 
ხან შეკრთებოდა წყაროში წყალი 
და სასახლეში ყველამ იცოდა, 
რას აკეთებდა თავადის ქალი. 
ხეზე ძვრებოდა ლუდმილა ღამით 
და თუ ეძინა, დაბნეულ ძილშიც 
ქმარს ეძახოდა და სუსტი ჩქამიც
გულს უხეთქავდა საბრალოს შიშით. 
და დაძინებას აღარც ცდილობდა, 
კვლავ მთქნარება და უძილობა, 
მხოლოდ რიჟრაჟზე ჩასთვლემდა ფრთხილად 
და როცა თვალებს ახელდა დილა, 
ის ადგილს ჩიტებს უთმობდა ხეზე
და პირს იბანდა ჩანჩქერის ჩქერზე. 
ჯუჯამაც ბევრჯერ შესწრო თვალი, 
როცა ზვერავდა წალკოტს ზემოდან, 
როგორ ბრწყინავდა და იმსხვრეოდა 
უჩინარ ხელზე ჩანჩქერის წყალი. 
და გადიოდა კვირაზე კვირა, 
გადაელია გული ფერიას 
და სასახლეში, ძალიან ხშირად, 
მისი ტკბილი ხმაც მოუსმენიათ, 
ვნებით იწვოდა, ჯუჯა ავხორცი, 
ხოლო ყველაზე შორი ჭალიდან 
მსხურს მოჰქონდა ხან ცხვირსახოცი, 
ხან ნაკუწები სპარსული შალისა, 

მთლად დაეგლიჯა ჯუჯას სხეული, 
გამწარებული ოხრავს და ხვნეშის. 
მაგრამ გათავდა! ახლა გრძნეული 
მალე ჩაიგდებს ლუდმილას ხელში. 
ჯადოქარს ვნების ცეცხლი ედება, 
ძალით იგემოს უნდა ალერსი. 
ასე ჰეფესტომ, კოჭლმა მჭედელმა, 
გააბა ცოლი რკინის ბადეში. 
ბადე წინასწარ მზად ჰქონდა მჭედელს, 
როცა ეწვია ცოლს მეგობარი. 
და დაანახვა დამცინავ ღმერთებს 
კიპრიდას ნაზი თვალთმაქცობანი. 

ჩვენი ლამაზი თავადის ქალი 
გრილ ფანჩატურში იჯდა და წუხდა, 
ყვავილებისთვის მიეპყრო თვალი 
და ბედს გლოვობდა მწარეს და მუხთალს. 
უცებ რუსლანის ხმა გაიგონა 
და დაინახა მერე თვითონაც. 
მაშინვე იცნო ძვირფასი ქმარი, 
დაღლილი გზების მტვრითა და ქარით. 
ფერი წასვლოდა რუსლანს მთლიანად
და მკერდზე აჩნდა დიდი იარა. 
სწრაფად წამოხტა თავადის ქალი, 
ბედნიერების ნექტარით მთვრალი 
მისკენ გაქანდა, როგორც ისარი. 
"რუსლანი . . . ღმერთო. . . მართლა ის არის. . .
ვინ დაგჭრა, ვინა. . ." ჩურჩულებს ასე 
და სიხარულით ტალღებით სავსეს 
ნეტარი ცრემლი უსველებს თვალებს. 
ჩაეხუტება სანატრელს მალე, 
აღარაფერი აღარ აშინებს. 
მაგრამ. . . ჩვენება ქრება მაშივნე. 
ოხ, ღმერთო! შიშით ნირწამხდარი მართვეს 
შემოეხვია უცრად ბადე 
თავბრუ დაეხვა საბრალოს წუთით, 
მოძვრა გრძნეულის წოწოლა ქუდიც. 
"ჩემია, ჩემი! - მოესმა უცებ. 
შიშით შეერყა გულიც და ფუძეც 
და ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. 
და როცა მახინჯს, ბილწს და შემზარავს 
ჯუჯასაც თვალი შეასწრო იქვე, 
გონდაკარგული დაეცა პირქვე. 

ჯუჯა უკოცნის ყელსა და კისერს, 
დალოშნა მხრებიც და ნორჩი მკერდიც. 
ნუთუ მიაღწევს გრძნეული მიზანს, 
ნუთუ გადაწყდა ლუდმილას ბედი! 
მოიცა! . . გესმის? - აყვირდა ბუკი, 
ბრძოლაში იწვევს ვიღაცა ჯუჯას. 
გრძნეული დაფრთხა. ბუკის ხმა უკვირს, 
ბუკი კი ისევ ღრიალებს ურჩად. 
აუცახცახდა ჯუჯას სხეული, 
სულიც დაუფრთხა ბილწი და მრუდი. 
გაოგნებულმა და დაბნეულმა 
კვლავ დაახურა ლუდმილას ქუდი. 
მხარზე გადიდო ვეება წვერი 
და მომხდურისკენ გასწია ფრენით. 
 


მეხუთე სიმღერა 
 


მე ზლიერ მომწონს თავადის ქალი, 
მგრძნობიარეა, სადა და წყნარი. 
ქმარს არ ივიწყებს არც ერთი წამით, 
მძინარეც მასზე ფიქრობს და ბოდავს
და ქარაფშუტაც თუ არის ოდნავ, - 
რა მოხდა? - უფრო მშვენდება ამით. 
სიციცხლე ფეთქავს ლუდმილას ირგვლივ 
და ჩემი გულიც შვებით ივსება 
და თვითონ სთქვით: თუ შეიძლება, 
ლუდმილა ყველას უყვარს და მოსწონს, 
დაიპყრო ყველას გული და თვალი. 
მისი ღიმილი, ნაზი და მკრთალი, 
ჩემს სულშიც ანთებს ტრფიალის კოცონს. 
მეც ამ საამურ განცებით ვცხოვრობ
და მეცხრე ცაზე დავფრინავს უფრთოდ. 
ხოლო დელფირა ჰუსარს ჰგავს უფრო, 
ბაკენბარდები აკლია მხოლოდ. 
ბედნიერია მოკვდავთა შორის, 
ვისაც ლუდმილამ დაუდო ტოლი, 
ვისაც ლუდმილა უცდის და ნატრობს
და ვისაც გულის ეძახის სატრფოს. 
მაგრამ დელფირას ვინც გაექცევა, 
მერწმუნეთ, ისიც შვებას ეწვევა. 
ახლა კი ვნახოთ: ვინ უხმობს ჯუჯას, 
ვისი ნაღარა ღრიალებს ურჩად, 
ვინ აუთრთოლა გული ჩიტივით 
და გაუბედა გრძნეულს ჭიდილი. 
ეს რუსლანია, იმედის შუქით 
გულმიცემული. და მისი ბუკი 
ქარიშხალივით ღრიალებს ისევ, 
რისხვის ღრუბელი გადასდის პირზე 
და ცხენიც, მისი ერთგული მუდამ. 
მუხლამდე თოვლში ბორგავს და ცქმუტავს. 
თავადი გრძნეულს უხმობს და ელის, 
შმფოთვარე გული ხმამაღლა უცემს 
და სწორედ ამ დროს ძლიერი ხელი
ჩაჩქანზე დაჰკრა ვიღაცამ უცებ. 
მაღლა აღაპრყო რუსლანმა თვალი 
და დაინახა, რომ მთელი ზალით 
მისკენ მოჰქროდა ჯუჯა ნგრძნეული, 
სიბრაზისაგან მეხად ქცეული. 
ღრუბელს უგავდა ვეება კუზი, 
ხელში ეჭირა მრისხან გურზი, 
უკან წივილით მოსდევდა ქარი 
და აიფარა რუსლანმა ფრი. 
მაგრამ მოქაჩა გმირმა აღვირი 
და მოუქნია გრძნელს მახვილი, 
მაგრამ გრძნეული აფრინდა მაღლა, 
რაინდის რისხვას გადურჩა ახლაც, 
გაუჩინარდა წამით და ისევ 
აურზაურით დაეშვა მისკენ. 
გმირმა კი გვერდზე გააგდო ცხენი 
და მოეცარა ჩერნომორს ხელი, 
ვერ შეიკავა თავი ვერაფრით 
და თოვლის ზვინში ჩაჯდა ყელამდის. 
ჩამოქვეითდა რუსლანიც წამსვე, 
დაბნეულ ჯუჯას წაადგა თავზე 
და მძლავრი ხელი ჩაჰკიდა წვერში. 
ჯუჯაც ამაოდ წვალობს და ხვნეშის, 
თოვლით გაევსო დამჭკნარი პირი, 
უცებ აფრინდა და ჩვენი გმირიც
თან აიყოლა გარინდულ ცაში
და მარტო დარჩა მინდორზე რაში. 
უკვე გამოჩნდა ღრუბლების ჯარი, 
სისინებს ცივი და სველი ქარი. 
გადაუქროლეს მოწყენილ ტყეებს, 
გადაუქროლეს გარინდულ კლდეებს, 
ქვემოდან ისმის ტალღის დგაფუნი.
გმირი კი მაინც კიდია წვერზე, 
გაშეშებული და დაძაბული. 
ჯუჯა თანდათან სუსტდება ცაში, 
რუსული ზალით გაოცებული, 
უკვე დაკარგა რიხი მეფური
და უკვე შიშიც დაეტყო ხმაში. 
და ეუბნება ჩვენს რაიდს ასე: 
"რაინდო, კარგად დამიგდე ყური. 
რას დავწანწალებ, ნეტავი, ცაზე, 
გადავივიწყოთ მტრობა და შური. 
მე გაპატიებ ყველაფერს უმალ, 
როგორც ღირსეულ რაინდს და სტუმარს. 
ქების ღირსია შენი გმირობა, 
მაგრამ ჯერ უნდა მომცე პირობა. . . "
"ჩუმად, ვერაგო! - რუსლანმა წამსვე 
გააწყვეტინა ჯადოქარს სიტყვა - 
ვერ მოვრიგდებით მე და შენ ასე, 
უნდა აღსრულდეს, რაც ერთხელ ითქვა. 
რუსლანი თავის ცოლის მტანჯველთან 
ვერ მორიგდება ვეღარასოდეს 
და შენც, ბოროტო, კარგად გახსოვდეს, 
რომ წვერს მოგაჭრის მისი მარჯვენა". 
შიშმა შეიპყრო ჯუჯა გრძნეული, 
აუცახცახდა გონჯი სხეული, 
მთლად დაეღრიჯა სიმწრისგან სახე, 
ვეება წვერსაც ამაოდ არხევს: 
ღონივრად უჭერს რუსლანი თითებს 
და ღერა-ღერა აწიწკნის კიდეც. 
ორ დღეს ატარა გრძნეულმა გმირი. 
ვერ მოიშორა ვერაფრით ჭირი. 
ოფლი და ხვათქი გადასდის პრიზე . . . 
მესამე დღეს კი შესჩივლა ისევ: 
"ნუღარ მაწვალებ, რაინდო, კმარა. 
იწამე ღმერთი და შემიცოდე. 
შემინარჩუნე ოღონდ სიცოცხლე
და შენი ონა ვიქნები მარად. 
მიბრძანე, წავალ საითაც გინდა. . ."
ხოლო რუსლანმა მიუგო მშვიდად: 
"რაკი იწამე რუსული ძალა, 
ლუდმილასაკენ გაფრინდი ჩქარა". 

ჯუჯამ მორჩილად მოკუმა პირი, 
ჩაქინდრა თავი და სევდით სავსემჯ
სახლს მიაშურა და ჩვენი გმირიც 
საზარელ მთებში აღმოჩნდა წამსვე. 
მაშინ რუსლანმა შემართა ხმალი, 
ჯუჯას მიაპყრო მრისხანე თვალი 
და მთლად დალეულს დარდით და შიშით 
წვერი წნელივით შეაჭრა ძირში. 
"ჩვენც გვიცნობდეო, - შესძახა თანაც. - 
რაო, ყაჩაღო, არ მოგწონს განა? 
რა იქნა შენი ეშხი და ძალა?" 
სთქვა და ჩაჩქანზე შეიბა წვერი 
და მერანს უხმო გაბმული სტვენით. 
მერანიც მხოლოდ ამას ნატრობდა, 
მკვირცხლად მოფრინა თავის პატრონთან. 
რუსლანმა ჯუჯა გუდასი ჩასვა 
და უნაგირზე დააკრა მაგრა. 
თვითონ კი წამსვე, გრიგალის მსგავსად, 
მწვერვალისაკენ გაქანდა, გაჰკრა. 
და სულმა წამით კვლავ მოილხინა, 
ჯუჯას სასახლე როცა იხილა. 
წვეროსან ჩაჩქანს შეასწრეს თვალი 
და აირია კაცი და ქალი: 
ვრცელ პალატებში გამოჩნდა წუთით 
მხდალი მხევლების დამფრთხალი გუნდი. 
თავზე დაატყდათ რისხვა განგების 
და საზარელი ჯოგიც ზანგების 
ლანდივით სადღაც გაუჩინარდა. . .
ხოლო რუსლანი კარებს მივარდა, 
ჩამკვდარ დარბაზებს მიჰყვება მარტო, '
ეძახის თავის ცოლსა და სატრფოს '
და მხოლოდ ჩუმი და ვრცელი ბაღი 
აბრუნებს ექოდ რუსლანის ძახილს. 
ახლა ბაღისკენ გავარდა იგი, 
იქაც დუმილი მეფობდა ირგვლივ. 
მიდის და მიდის, მაგრამ ამაოდ, 
უბრალო ჩრდილიც კი არ ქანაობს. 
ჩამკვდარა ბაღი. ჭალაკებს სძინავთ. 
ცარიელია ფანჩატურებიც. 
არც ხეივანში, არც წყაროს პირას 
კვალის ნასახიც არ ჩანს სრულებით. 
უეცრად სუნთქვა შეეკრა თავადს, 
მთელი ქვეყანა ეჩვენა შავად, 
აჰყვა საზარელ და მტანჯველ ფიქრებს: 
"ტყვეობა. . . ტანჯვა. . . ვინ იცის . . . იქნებ. . .
წუთის საქმეა . . .ტალღები. . ." - ასე 
ფიქრობს რაინდი და სევდით სავსეს 
მთლად დაუბნელა შიშმა გონება
გაშეშდა. მკვდარი ქვა გეგონებათ. 
ტანზე ედება ველური ცეცხლი
ავი ფიქრებით მკვდარსა და შეცვლილს. 
მაგრამ რაინდის მთრთოლვარე ტუჩებს 
თითქოს ლუდმილა შეეხო უცებ. 
ისიც მძვინვარე და შემზარავი
ბაღში შლეგივით გავარდა ისევ: 
დაამხო ჩრდილით მშვიდი კარავი, 
ყველაფერს სახე უცვალა მყისვე. 
დაამხო ხეთა შრიალი თარი, 
წამში უდაბნოდ აქცია ბაღი. 
უწყალოდ ჩეხავს მრისხანე ხმალი 
და მსხვერპლს დაეძებს რაინდის თვალი. 
მთლად გაპარტახდა წალკოტი მშვიდი, 
წყალმა წაიღო ლამაზი ხიდიც, 
ფანჩატურებიც დაემხვნენ პირქვე, 
ხოლო რუსლანი ხმალს მაინც იქნევს 
და სწორედ მაშინ რუსლანის ხმალმა 
ლუდმილას ქუდი მოხადა უცებ. 
ჯადომ მაშინვე დაკარგა ძალა - 
რუსლანი თავსი სანატრელს უცქერს. . .
აღარ უჯერებს თავადი თვალებს, 
ტანჯვისთვის გულიც აღარ ეყოფა. 
ეცემ ფერხთით და შვებით მთვრალი 
ეხვევა თავის ერთგულ მეგობარს. 
ხელებს უკოცნის და აგლეჯს ბადეს, 
მეუღლის ხილვა კვლავ ძალს მატებს. 
ეძახის, მაგრამ ლუდმილას სძინავს 
და ყვავილივით ფეთქავს და ფშვინავს, 
ძილი უმძიმებს თვალსა და ჰანგებს. 
რუსლანს კი ჩრდილი დაადგა თავზე 
და გულიც ისევ წუხილით უცემს, 
მაგრამ ნაცნობი ხმა ესმის უცებ 
და იმ მადლიან ფინელს ცნობს ხმაზე: 
"თავადო, ახლაც გმართებს მხნეობა, 
გამბედაობა და გამძლეობა. 
თან წაიყვანე მძინარე ცოლი, 
შენი ერთგული და სულის ტოლი. 
შენ ახლა მეტი ძალა გჭირდება, 
არ უღალატო ბედს და ღისებას 
ღვარძლი კი მისას იწვნევს ისედაც, 
მას ზეცის რისხვა არ ასცილდება. 
შენ კი შინისკენ იჩქარე მალე
და იქ გაახელს ლუდმილა თვალებს". 

რუსლანის გულში გათენდა დილა, 
კვლავ გამოცოცხლდა და ნაზი ცოლი 
მიიკრა მკერდზე და სულის თრთოლვით 
მწვერვალებიდან დაშვა ფრთხილად.
კვლავ გზას დაადგა ცხენი ნავარდით, 
შინისკენ ჩქარობს ჩვენი თავადი. 
ხელში უჭირავს ძვირფასი ტვირთი 
და კიევისკენ ხალისით მიდის. 
და დილასავით ნორჩსა და სავსეს, 
ლუდმილას სძინავს დევგმირის მხარზე. 
და მის დალალებს ნიავი არხევს, 
ლოყაზე ცრემლის უბრწყინავს წვეთი, 
ხან ხშირი სუნთქვით უღელავს მკერდი, 
ხან ეფერება ვარდისფრად სახე. 
თვალწინ რუსლანი უდგა მძინარეს, 
გულზე გადასდის ვნების მდინარე 
და იმეორებს საყვარელს სახელს. 
თავდავიწყებას ეძლევა გმირიც, 
თავბრუდამხვევი სიამით სავსე 
და ერთგულ მცველად ადგია თავზე 
ნაზი მეუღლის ცრემლსა და ღიმილს. 

შეუსვენებლად მიდის რაინდი, 
ვერც გზა აფერხებს და ვერც ამინდი. 
დღისით თუ ღამით, ველზე თუ მთაზე
ჩაუმუხლავად მიიწევს ასე. 
ქალწულს კი სძინავს, მაგრამ თავადი 
მოწოლილ ვნებას იკლავს ძალათი, 
ბედისგან მარად ტანჯულს და დევნილს 
სხვაგვარად არც კი უხლია ხელი. 
ის მხოლოდ იცავს მძინარე სატრფოს, '
გაზიარებულ სიყვარულს ნატრობს, '
წმინდაა მისი სულიც და ფიქრიც, 
უბიწო ფიქრში ნეტარებს იგი. 
ბერიც თამამად ამტკიცებს ამას, 
მე კი ვუჯერებ იმ წმინდა მამას, 
ვინც იყო ჩვენზე ბევრის მნახველი 
და ჩვენც გადმოგვცა გმირის სახელი. 
მეც მჯერა, რადგან ცალმხრივი ვნება 
სულში ქვასავით უხეშად წვება. 
მწყემსო ქალებო, ლუდმილას ძილი 
არ იყო თქვენი ძილივით ტკბილი, 
როცა მდელოზე წვებით ქალწულნი, 
მაისის ცხელი მზით მოქანცულნი. 
მეც მახსოვს ერთი პატარა ველი, 
დამძიმებული არყნარის ჩრდილით, 
მეც მახსოვს ერთი საღამო ბნელი 
და მახსოვს ლიდას მაცდური ძილიც. . .
მე ახლაც მახსოვს, როგორ ვღელავდი, 
როცა პირველად ვაკოცე მორცხვად, 
მაგრამ მთრთოლვარე და მხდალმა კოცნამ 
ვერ გააღვიძა ლიდა ვერაფრით. 
თუმცა, რას ვბოდავ! იმ სიყვარულმა 
უკვე სხვა გულში დაიდო ბინა, 
მისი ტკივილიც და სიხარულიც 
გადავივიწყე დიდი ხნის წინათ. 
ჩემს გულში ჩქარა იმ ტრფობის ალი 
და ჩემთვის ახლა სულ სხვა დროს მოდის, 
მე დღეს მიტაცებს თავადის ქალი, 
მისი რაინდი და ჩენრომორი. 

ერთ გზას ადგანან ახლა ყველანი, 
ერთად მისდევენ გარინდულ მინდვრებს. 
და აი, უკვე გამოჩნდა კიდეც 
მრისხანე ბორცვის მრგვალი მწვერვალი. 
მაშინვე იცნო რუსლანმა თავი 
და ფიცხი ცხენიც აჩქარდა უცებ. 
გაშეშებია სასწაულს თვალი 
და თმა ტყესავით აშლია შუბლზე. 
ჩამოვარდნია ვეება ტუჩი, 
ჩამოფხატვია ყვრიმალზე ზუჩი, 
მთლად წართმევია სიცოცხლის ფერი, 
ამოგანგვლია მიწაში წვერი, 
დაუკრეჭია კბილები მწარედ, 
დანებებია სიკვდილის ქარებს, 
მაინც თავისი უთქვამს ბუნებას, 
სიკვდილითა და სიცოცხლით სავსეს. 
და აი, უკვე მომაკვდავ თავზეც 
უკანასკნელი დღე იწურება. 
მის წინ შეჩერდა მამაცი გმირი '
ლუდმილასთან და ჯუჯასთან ერთად
და დაუძახა: "სალამი შენდა! 
არ შეირცხვინა რუსლანმა პირი. 
უკვე მიეზღო ბოროტს სასჯელი, 
აჰა, იხილე შენი მტანჯველი!"
კვლავ გამოერკვა თავი დროებით, 
გამოაცოცხლა რაინდის სიტყვამ, 
სიცოცხლის ფრთები კვლავ გამოება 
და უყურებდა მოსულებს დიდხანს. 
ააცმაცუნა ვეება პირი, 
როდესაც იცნო ამაყი გმირი 
და შემზარავი აღმოხდა კვნესა, 
როცა ძმაც იცნო, ბილწი და ქლესა. 
და სიბრაზისგან გაბერილ პირზე 
გადაუარა სიწითლემ ისევ,
კვლავ გაიბრძოლა ძარღვებში სისხლმა. 
კვლავ მოწყდა კვნესა მთრთოლვარე ტუჩებს
და უსიცოცხლო თვალებში უცებ 
უკანასკნელად იელვა რისხვამ. 
კვლავ აუმღვრია ცოფმა თვალები, 
გაასავსავა ენა წვალებით 
და ძმა, ბოროტი და უკეთური, 
აავსო ლანძღვით და საყვედურით. 
მერე ყინული ჩაუგდო ხმაში, 
გაშეშდა მკაცრი და ფერმიხდილი, 
და ჩვენი გმირიც დარწმუნდა მაშინ, 
რომ დაეუფლა საწყალს სიკვდილი. 
ჯუჯა კი შიშმა დააფრთხო უმალ, 
აუცახცახა გონჯი სხეული 
და ლოცულობდა გუდაში ჩუმად, 
გაოგნებული და დაბნეული. 

ერთ უსახელო მდინარის პირას 
ფერდობზე იდგა პატრა ქოხი, 
ირგვლივ ეფინა ხასხასა ნოხი 
და შრიალებდა ნაძვნარი ფრთხილად. 
გრილი მდინარე თეთრად ელავდა 
და მოდიოდა ვრცელი და წყნარი 
და თუ ნიავი დაუბერავდა, 
ლერწმის ღობესთან მღეროდა წყალი. 
ველზე რიჟრაჟი წვებოდა ციდან 
და არაფერი არ ხმაურობდა, 
და თითქოს ქვეყნის გაჩენის დღიდან 
დუმილს დაეპყრო აქაურობა. 
უშფოთველ სივრცეს მოავლო თვალი 
და შეაჩერა რუსლანმა ცხენი: 
პირველყოფილი, ჩუმი და წყნარი 
დილის ბურუსში ელავდა ველი. 
რუსლანმა მოლზე ჩამოსვა ცოლი, 
თვითონაც ახლოს მიუჯდა თრთოლვით. 
ბაგეს უცოცხლებს სატრფოს სახელი 
და გულზე აწევს ტკბილი ნაღველი. 
უცებ იალქანს შეასწრო თვალი, - 
გამოდიოდა ღრუბლის ჩეროდან, 
ნავს მდინარეზე გაევლო კვალი 
და მებადური ტკბილად მღეროდა. 
გადაეფინა ტალღებზე ბადე, 
გამოსცდა ნისლის შრიალა ფარდებს. 
ქარს მიუშვირა ხუჭუჭა თავი 
და მოაყენა ნაპირთან ნავი. 
ხოლო ქოხიდან გამორბის ქალი, 
გამბრწყინებია ბაგე და თვალი, 
გაშიშვლებია მკედი და მხრები 
და დაუდევრად დაშლია თმები. 
ყველა მიწიერ სიამის ღირსი, 
უნაკლი იყო მშვენების მისი. 
აი, ისინი, გადახვეულნი, 
სხდებიან გრილი მდინარის პირას, 
მიტმასნებია სხეულს სხეული '
და სიყვარულში დრო გადის ტკბილად 
და უზრუნველი თავისუფლებით 
მშვიდად სუნთქავენ, როგორც ღრუბლები. 
მაგრამ თუ იცით ჩვენმა თავადმა, 
გაოცებულმა ამით თავადაც. 
იმ მებადურში ვინ იცნო მაშინ? -
მისი ძლიერი მეტოქე ხმალშიც 
და სიყვარულშიც - ხაზართა ხანი. 
ბედნიერების ნექტარით მთვრალი 
ის ტურფა ასულს, ოქროს თმებიანს, 
დაწყვილებია გზითა და ბედით
და ამ მშვენიერ მეგობრის გვერდით 
სხვა ყვლაფერი დავიწყებია. 

ახლოს მივიდა რუსლანი კიდევ. 
რატმირმაც იცნო რუსლანი უმალ. 
წამოხტა, მოქრის, შეჰკივლა კიდეც 
და ჩაეხვია უეცრად სტუმარს. 
"ამას რას ვხედავ? - შესძახა გმირმა, - 
აქ რას აკეთებს ხაზართა ხანი, 
რად მოარიდა ცხოვრებას პირი, 
რა იქნა მისი განთქმული ხმალი". 
"ჩემო ძმობილო, - სთქვა მებადურმა, - 
ადრე დიდების ძებნით გართულმა 
დღეს დავთმე იგი, როგორც ღრუბელი 
გამოფიტული და დამღუპველი. 
მერწმუნე: უფრო ახლოა გულთან 
ეს სიყვარული, ნაზი და სუფთა. 
გულს არ ჭირდება სხვა მეგობარი, 
სხვა გართობანი და სხვა გრძნობანი. 
აღარ მიტაცებს ცხენთა ჭენებაც, 
ხმალთა ცემაში ვერაფერს ვხედავ, 
სამაგიეროდ: ბედნიერბით 
დღეს მდიარი ვარ ყველაზე მეტად. 
მთლად დავივიწყე ჩემი წარსული 
და თვით თავადის ნაზი ასულიც". 
"მოხარული ვარ, - უთხრა რაინდმა, - 
კვლავ ჩემთან არის თავადის ქალი". 
და გამოცოცხლდა ხაზართა ხანის : 
- ღმერთო, რა მესმის! . . . როგორ? . . . საიდან? 
თუ შეიძლება . . . მაჩვენე ჩქარა. 
თუმცა არ მინდა, არა და არა. 
ვერ ვუღალატებ მე ჩემს მეგობარს, 
მე მისი ნაზი შუქიც მეყოფა. 
მე შევიყვარე ის სულზე მეტად, 
გვიადვილდება სიცოცხლე ერთად. 
ჩემი გარდაქმნის და შეცვლის მიზეზს 
ია და ვარდი ასხია პირზე. 
მე სხვას ვერაფერს ვეღარ ვინატრებ, - 
მან დაუბრუნა ჩემს სულს თავიდან: 
დიდი სიშვიდე და მზის სინათლე 
და დროც, რომელიც შფოთში გავიდა. 
მე თორმეტ ასულს ვუყვარდი ერთად, 
თავბრუს მახვევდა მათი სიცილი, 
მაგრამ დავლძიე და ჩემდა ბედად 
ამის გულისთვის დავთმე ისინიც. 
დავთმე გნცხრომის კოშკი ზღაპრული, 
მთვარის მთრთოლვარე შუქში ჩაფლული. 
ხელი ავიღე ხმალზეც და ფარზეც, 
მტრებსაც შევეშვი და ვცხოვრობ ასე 
და ამ სიმშვიდით ვარ ბედნიერი, 
ვიპოვე ჩემი ფუძე და ჭერი 
შენთან, ძვირფასო და მშვენიერო, 
სულის სინათლევ, შენთან და შენით".

გაღიმებული უსმენდა ქალი 
ძვირფას მეგობარს და უცხო სტუმარს. 
ხანისთვის მშვიდი მიეპყრო თვალი 
და ხან თავისთვის ოხრავდა ჩუმად. 

ჩემი რაინდი და მებადური 
გვიანობამდე ისხდნენ ნაპირთან, 
ტკბილი საუბრით იყვნენ გართული 
და ვერც გაიგეს, დღე რომ გაფრინდა. 
გაშავდა მთები. დადუმდა არე, 
ტალღებმაც ღელვას და შრიალს უკლეს. 
ფეხზე წამოდგა ფერმკრთალი მთვარეც, 
რუსლანის წასვლის დროცაა უკვე. '
გადააფარა მძინარე ასულს 
წამოსასხამი და შეჯდა ცხენზე. 
რატირიც სულით თან მისდევს წასულთ, 
მონატრებია ნავარდი ველზე. 
გზას და მომავალს ულოცას იგი, 
თან თვალი რჩება მეგობრის გზისკენ
და სევდიანად იღვიძებს ისევ 
ამაყი წლების მღელვარე ფიქრი. 

რა იქნებოდა, რომ ჩემი ქნარი, 
ოცნებითა და სიმღერით მთვრალი 
და სიყვარულში მდგარი ყელამდის, - 
ხოტბას ასხამდეს მხოლოდ გმირობას
და მასთან ერთად (უცხოს ყველასთვის) 
ძველ მეგობრობას და გულტკბილობას. 
რატომ მაძალებს ეს ბედი მკაცრი, 
რომ შევურიო სევდა გალობას 
და დღევანდელი მანკი და ღვარძლი 
გამოვუჩინო შთამომავლობას. 

თავადის ქალის ხელის მძებნელი
ნაინს უცდიდა ამ დროს ფარლაფი, 
ხმალს არ იღებდა ხელში არაფრით, 
როგორც მისთანა რაინდს შეჰფერის. 
თავს არ იკლავდა წუხილით დიდად 
და იჯდა თავის მამულში მშვიდად. 
და აი, დადგა ნანატრი წამი: 
არც გაუღია ჯადოქარს ჩქამი, 
ისე უჩუმრა წაადგა თავზე, 
გამოეცხადა და უთხრა ასე: 
"შეკაზმე ცხენი. ხომ იცი, ვინც ვარ? 
აბა, მომყევი!" - და კატად იქცა. 
ფარლაფმაც ცხენი შეკაზმა წამსვე 
და მიჰყა კატას იმედით სავსეს. 

მიდამო უკვე წყვდიადში თვლემდა, 
მიწას ზვერავდა მთვარე ზემოდან
და შავ ყორღანებს სინათლეს ფენდა, 
როდესაც ღრუბლებს გამოსცდებოდა. 
რუსლანიც იქვე, ლუდმილას გვერდით, 
იჯდა მდუმარე და მოწყენილი 
და შეჩვეული დარდი და სევდა 
კვლავ გულზე ედო მძიმე ხელივით. 

ფირებს დაეპყრო იგი მთლიანად, 
იჯდა უამრავ ფიქრებით სავსე 
და ძილი გრილი ფრთების შრიალით 
ფეხაკრეფილი წაადგა თავზე. 
რულმორეული თვალებით კიდევ 
დახედა ქალწულს; მძინრე ყვავილს, 
და მერე სატრფოს ფეხებთან მიდო 
ათასგვარ ფიქრით დაღლილი თავი. 

საზარელ სიზმარს ხედავდა გმირი: 
თითქოს თავადის ნაზი ასული 
იდგა უძირო უფსკრულის პირას, '
გაშეშებული და ფერწასული. 
უცებ ლუდმილა უფსკრულში გაქრა. 
ისიც უფსკრულთან მივარდა, მაგრამ 
არ იცის, რა ქნას . . . და ცხადად ესმის, 
მეუღლე როგორ უხმობს და კვნესის. 
და გადაეშვა უფსკრულში ისიც, 
რა შეემთხევა, ეშმაკმა იცის. . .
მაგრამ რას ხედავს, გაოცებული: 
გამოჩნდა ჭარმაგ გმირთა კრებული. 
დიდებულები სწვევია სტუმრად 
და თორმეტივე ვაჟის თანხლებით
ზის ვლადიმირი სუფრასთან ჩუმად, 
კაცი არ არის სიტყვის გამღები. 
ვლადიმირს რისხვით შეეკრა შუბლი, 
წინანდებურად მკაცრია იგი. 
მხიარულება ჩამკვდარა სუფრის, 
უძრავად სხედან მაგიდის ირგვლივ.
წუხილის ჩრდილი აწვებათ თავზე, 
დაუკარგია ქეიფსაც ეშხი
და აღარც თასი, მრგვალი და სავსე, 
აღარ გადადის ხელიდან ხელში. 
და უცებ ამჩნევს ჩვენი თავადი, 
რომ ძველებურად მხნე და ტანადი 
მკვდარი როგდაიც მოსულა სტუმრად, 
და თუკი სხვები დამსხდარან ჩუმად, 
ის აბრიალებს ვეება თვალებს, 
წაკიდებია სასმელის ალი 
და გაოცებულ რუსლანის მხმრეს 
არც იხედება, ლაღი და მთვრალი. 
მერე რატმირსაც შეასწრო თვალი, 
აქ მოუყრია სუყველას თავი. 
და ბიანიც ამღერდა უცებ 
და სხვებთან ერთად რუსლანიც უსმენს 
გულთმისან მგოსნის ხმატკბილ სიმღერას. 
ამ დროს დარბაზის კარი იღება: 
ნაზი ლუდმილა შემოჰყავს ფარლაფს, 
მაგრამ მოხუცი სიხარულს მალავს, 
არც შეუხედავს, არც განძრეულა. 
სტუმრებიც თითქოს ქვებად ქცეულან, 
მისჩერებიან ერთმანეთს ჩუმად. 
მერე ყველანი ქრებიან უმალ. . .
და სიმწრის ოფლში დაცურავს გმირი, 
წრიალებს, შფოთავს, ოხრავს და ტირის. 
დაუფელბია მტანჯველი შიში 
მძიმე ლოდივით ჩაძირულს ძილში. 
სიზმარიაო, - ფიქრობს და თანაც 
სიბრაზე ახრჩობს, ძილს რომ დანებდა, 
მაგრამ არაფრით არ ყოფნის ძალა, 
რომ მოიშოროს ავი ზმანება. 
ოდნავ ანათებს ფერმკრთალი მთვარე, 
წყვდიადი მეფობს ოთხივე მხრეს 
და სიჩუმეა გარშემო მკაცრი. . .
ცხენს მოაჭენებს უპირო კაცი. 

მის წინ მდუმარე მინდორი ბზინავს, 
ყორღანიც ბზინავს და ხედავს იგი, 
რომ რუსლანს ცოლის ფეხებთან სძინას, 
ცხენი კი დადის ყორღანის ირგვლივ.
მაშინვე ბნელში გაქრა გრძნეული, 
ფარლაფს კი შიშით უთრთის სხეული, 
ვეღარ უჭირავს ხელში აღვირი, 
შეეკრა სუნთქვა და თრთის ბალღივით. 
ბოლოს კი ფრთხილად დააძრო ხმალი 
(აუციმციმდა ხმალს ბასრი პირი) 
და ემზადება, რომ მთელი ძალით 
ორად გააპოს მძინარე გმირი. 
მიუახლოვდა და გმირის რაში 
აჭიხვინდა და ადუღდა მაშინ, 
მაგრამ ამაოდ, ჩემს რაინდს სძინას, 
ვერ გრძნობს ვერაფერს და, როგორ რკინა, 
გულზე აწვება მტანჯველი ძილი, 
ხოლო ფარლაფი, მხდალი და ფრთხილი, 
თავზე წაადგა და ცივი ხმალი 
სამჯერ ჩაასო მკერდში მძინარეს, 
და მთლად დაფეთდა, ისედაც მხდალი, 
როცა იფეთქა სისხლის მდინარემ. 
მერ კი ძვირფას ნადავლით ხელში 
შეშინებულმა მოკურცხლა ბნელში. 
მთელ ღამეს ეგდო რუსლანი ასე, 
ვიდრე არ ჩაქრა ვარსკვლავი ცაზე. 
ვიდრე არ გაქრა პურქუშ მთებიდან 
გაუკვალავი და მძიმე ნისლი, - 
მას პირდაღებულ ჭრილობებიდან 
მდინარესავით სდიოდა სისხლი. 
დილით კი ოდნავ გააღო თვალი, 
ამოიკვნესა და ძალისძალით 
წამოიწია კიდეც და მყისვე 
სულწართმეული დაეცა ისევ. 
 


მეექვსე სიმღერა
 


ძვირფასო, რატომ მაძალებ ასე, 
რომ დაუდევარ სიმების ხმაზე
ძველი ამბები ვიმღერო ისევ 
და ერთგულ მუზას მთლიანად მივცე
თავისუფალი დროც და გონებაც. . .
მე კი მომბეზრდა უკვე ჭორები 
და ნეტარებით მთვრალმა, სრულიად 
გადავივიწყე ფიქრიც და შრომაც, 
წყნარი სიმების ხმატკბილი კრთომაც 
და ახლა მხოლოს ლხინი მწყურია. 
ადრე ცხოვრებას რითაც ვზომავდი, 
დღეს ის საზომი აღარ მჭირდება. 
დღეს შენით ვსუნთქავ და განცხრომაში 
არც მესმის, როგორ მიხმობს დიდება. 
უცებ ჩამიქრა ცეცხლი მალული., 
გამოგონების გაქრა გენიაც, 
მაგრამ სურვილი და სიყვარული 
სულს ძველებურად შემორჩენია. 
შენ კი მაძლაებ, რადგან მოგწონდა 
ის, რასაც ადრე ვყვებოდი შენთვის, 
და მოგონების მაღალ კოცონთან 
შენც გათრთოლედა მიჯნურთა ბედი. 
რაც მომხდრიყო დიდი ხნის წინათ, 
ის შენს ფიქრებში იდებდა ბინას 
და შენც გიპყრობდა ზღაპრულის ძალით
ჩერნომორი და გრძნეული ქალი. 
ბრძენი ფინელიც და ვლადიმირიც. . .
და გიბრწყინავდა სახე ღიმილით, 
ჩემს მსუბუქ ლაყაფს ისმენდი როცა, 
თუმცა ხანდახან ნაზი თვალებით, 
ფარული სევდით და დანანებით 
და თანაგრძნობით მიცქერდი მგოსანს. 
ამიტომ ვბედავ. შენ მაძლევ იმედს
და კვლავ ვაღვიძებ ჩათვლემილ სიმებს, 
შენს ფეხთით ვჯდები და ისევ ისე 
ჭაბუკ რაინდზე სიმღერას ვიწყებ. 

მაგრამ რას ვამბობ? სად არის იგი?
ტრიალ მინდორში აგდია მკვდარი. 
ულვაშს და ქოჩორს უწეწავს ქარი. 
და უტრიალებს ყორანი ირგვლივ. 
დადუმებულა ნაღარა ურჩი, 
უძრავად გდია მინდოზე ზუჩიც. 
თავს დასდგომია ერთგული ცხენი, 
ჩაუქინდრია ამაყი თავი, 
დასცქერის სისხლის ხასხასა ყვავილს, 
და ელის ასე, ელის და ელის. 
აღარ უბრწყინავს ისე, ვით წინათ, 
ფაფარი, ოქროს ჩანჩქერის დარი. 
ხოლო მის პატრონს სხვა ძილით სძინავს, 
ვერ დაიქუხებს ჯერ მისი ფარი. 

ჯუჯა სადღაა? - ის კვლავ გუდაში 
ზის ნაინისგან დავიწყებული, 
ისევ ჩიფჩიფებს ბნელში ბებრულად 
და ყველას ერთად წყევლის გულდასმით. 
მან არ იცოდა, რა მოხდა გარეთ, 
იგინებოდა თავისთვის მწარედ. 
ბოლოს გაბედა და მხოლოდ თვალი 
გამოაპარა გუდიდან ჩუმად 
და როს რუსლანი იხილა მკვდარი, 
კვლავ დაუბრუნდა იმედი უმალ. 
სისხლის გუბეში აგდია მტერი, - 
მალე შინისკენ! ჰერი და ჰერი! 
არც ლუდმილა ჩანს, რა გინდა მეტი, - 
თავისი ფეხით მოსულა ბედი. 
სიხარულისგან უთრთის სხეული, 
მაგრამ კვლავ მწარედ ცდება წყეული. 

ამასობაში ძვირფას ალაფით
და ნაინისგან გზადალოცვილი, 
კიევისაკენ მიქრის ფარლაფი 
და უნაგირზე ზის აწოწილი. 
მიქრის იმედის და შიშის გზაზე 
და მის წინ, დნეპრის შრიალით სავსე, 
უკვე გამოჩნდნენ მშვიდი მინდვრები. 
ფარლაფი მიქრის და ფიქრს მიდენის. 
აი, ქალაქიც გამოჩნდა უკვე 
და აი, უკვე ქალაქში იქრის 
და ხალხით შავსე ქუჩებს და შუკებს 
მართლა რაინდი გონიათ იგი. 
გახარებული მხაურობს ხალხი. 
მოსდევენ მხედარს ჭენებით დაღლილს, 
გარბიან, რათა მამას ახარონ 
და გაუნათონ ისევ სამყარო. 

ისევ ტანჯავდა წუხილის ტვირთი, 
ისევ ტკიოდა ძველი ტკივილი, 
მისდევდა ნაცნობ ფიქრების ზვირთეს 
და კოშკში იჯდა მზე-ვლადიმირი. 
მის ირგვლივ ისხდნენ, ქვაზე მსვიდები, 
ბოიარები და რაინდები. 
უცებ ხმაური გაისმის გარეთ, 
ხალხის ყაყანი მოაწყდა კარებს, 
გაიღო კარი და რას ხედავენ: 
შემოდის ვიღაც უცხო მხედარი. 
ჯერ მიაჩერდნენ უეცარ სტუმარს, 
მერე ხმაურით წამოდგნენ უმალ, 
"ფარლაფი? . . . როგორ, რომელი ძალით ?. . . 
ნუთუ დაბრუნდა თავადის ქალი. . ."
თავადის ფეხზე წამოდგა ნელა, 
მძიმე ნაბიჯით შვილისკენ მიდის, 
უბედურ ასულს უცქერს და ღელავს, 
გულს სიხარული სწვევია დიდი. 
სურს მამას ხელი მოხვიოს ფრთხილად, 
მიიკრ, ნაზი და დაქანცული, 
მაგრამ ვერაფერს ვერ გრძნობს ქალწული
და მკვლელის ხელში გულმშვიდად სძინავს, 
მისჩეერებიან თავადს ყველანი 
და მოლოდინში ჩუმად ღელავენ. 
მოხუცს ღიმილი შეაშრა პირზე 
და თვალი რაინდს მიაპყრო ისევ. 
ფარლაფმა ტუჩზე მიიდო ტითი 
და გაუსწორა თვალები ფლიდი, 
ბოლოს კი უთხრა: "ლუდმილას სძინავს, 
ასე ვიპოვე ცოტა ხის წინათ. 
ტყის კაცს ჰყლია თავადის ქალი, 
გამოვაგლიჯე ხელიდან ძალით. 
ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა ბედი: 
სამ დღეს ვულეწეთ ერთმანეთს მკერდი, 
სამჯერ დაგვხედა ფერმკრთალმა მთვარემ, 
ვიდრე ჭიდილი დამთავრდა ცხარე. 
ბოლოს კი ვძლიე, მაგრამ ასული 
დამხვდა მზინარე და გულწასული. 
როდის გაახელს ასული თვალებს?
ვის ვთხოვოთ შველა ან რომელ ძალებს?
არ ვიცი - მკაცრი კანონის ბედის 
წყვდიადითაა მოცული ჩემთვის. 
ღმერთი უშველის, თუ კი ინება, 
ჩვენ კი ცდა გვმართებს და მოთმინება!

მალე გავრცელდა ქალაქში ცნობა 
საბედისწერო და გულსაკლავი. 
ხალხმა ქუჩებში გამართა ბჭობა, 
ჩამოუვარდათ გმირებს მხარ-მკლავი. 
ქალაქის თავზე ცა იქუფრება 
და მოედანი დუღს და მქუხარებს, 
გაღებულია კოშკი მწუხარე 
და ყველასა აქვს შესვლის უფლება. 
და მოდის ხალხის ჭრელი ნაკადი, 
აღელვებული მოიწევს ძალით 
კოშკისკენ, სადაც თავადის ქალი
ფარჩებზე წევს და სძინავს აქამდის. 
ძილს დაუპყრია მთლიანად იგი, 
ხოლო რაინდებს სარეცლის ირგვლივ 
ჩაუქინდრიათ მკაცრი თავები. 
აზანზარებენ ცას საკრავები: 
ღრიალებს ბუკი, ნაღარა, დაფი, 
მაგრამ მძინრეს არ უთრთი წარბიც, 
არც ბუკის ესმის და არც ნაღარის, 
ხოლო თავადი, თვალცრემლიანი, 
გაწამებული სევდის იარით, 
ასულის ფეხებს ეკვრის ჭაღარღით. 
და მოხუცს გვერდით უდგას ფარლაფი, 
ადრინდელ ფარლაფს არ ჰგავს არაფრით, 
შემოწოლია მკვლელს სინანული 
და სულს უწეწავს ჯავრი ფარული. 

დაღამდა კიდეც. მაგრამ ქალაქში 
არ მოუხუჭავს თვალი არავის. 
იდნენ, იცდიდნენ და ლაპარაკში 
გაუგონარი და შემზარავი 
ამბავს ამბავი მოჰყვა მრავალი 
და გაახსენდა მავანს მავანი, 
ყვალამ აუბა საუბარს მხარი, 
ცოლს ივიწყებდა ჭაბუკი ქმარი. 
და როცა მთვარემ იბრუნა პირი, 
ქალაქს დაატყდა ახალი ჭირი. 
ფეხზე წამოდგა კიევი მთელი, 
ქალაქი ახალ განსაცდელს ელის. 
და როცა ზეცის განათდა თაღი
ქალქის კედელს მიაწყდა ხალხი. 
და რას ხედავენ: მდინარის იქით 
თეთრად ცახცახებს კარვების რიგი. 
წამოუშლიათ ცხენოსნებს მტვერი, 
ბრჭყვიალებს ფარი და შუბის წვერი. 
მთელი მინდორი ბორგავს და ღელავს
და საომარი ფორნები ნელა 
მოზოწინობენ მტვერში ჭრიალით. 
ქედებზე კოცონს გააქვს ბრიალი, 
ალბთ ხტიან, როგორც ჭინკები. 
ამხედრებულან პაჭანიგები! 

ამასობაში ბრძენი ფინელი 
მომავალს უკვე წვდება ფიქრებით
და უდაბნოში უცდიდა იგი 
ადრე განჭვრეტილ დღეს მოთმინებით. 

შორს, სტეპებს იქით და მთებს გადაღმა, 
სადაც მიდამო სიცხით გადახმა, 
სადაც ქარებმა დაიდეს სბინა, 
სადაც მქუხარე ქარიშხლებს სძინავთ,
და სადაც ღამით, მარჯვე და ქლესა, 
ვერც კუდიანი ვერ ბედავს შესვლას, - 
იქ მშვენიერი ველია ვრცელი
ორი პატარა წყაროს წყლით სველი. 
ერთში მოღელავს ცოცხალი წყალი 
ხოლო მეორე წყაროში - მკვდარი. 
გამეფებულა ირგვლივ დუმილი. 
არ ირხევიან მწკრივები ხეთა. 
როგორც არ უნდა კლავდეს წყურვილი, 
მხდალი ირემი მაინც ვერ ბედავს
იმ წყაროს წყალი დალიოს წმინდა, 
რადგან სულები უხსოვარ დღიდან 
მთვლემარე ნაპირს უდგანან მცველად 
და მათი შიში აკავებს ყველას. 

უცებ წყაროებს დაეცა ჩრდილი
და განდეგილი წაადგა თავზე. 
სულებს დაუფრთხათ ხანგრძლივი ძილი, 
შეშინებული აფრინდნენ ცაზე. 
მან კი აავსო ხელადა ორი, 
გამოაღვიძა კამკამა წყალი 
და გაქრა წამსვე, ქარივით მალი, 
ასწლოან ნაძვებს და ბორცვებს შორის. 
რუსლანთან გაჩნდა მოხუცი წამში, - 
თავს დასდგომოდა ერთგული რაში, 
თვითონ კი სისხლით დაელბო მიწა
და ღია ცის ქვეშ უძრავად იწვა. 
მოხუცი თავზე დაადგა ჩუმად, 
ჯერ მკვდარი წყალი აპკურა მკერდზე 
და ჭრილობები გაბრწყინდნენ მზეზე, 
გვამიც სინათლით გაივსო უმალ 
მედრე აპკურა ცოცხალი წყალი 
და გაახილა რინდმა თვალი, 
სიცოცხლითა და ჯანღონით სავსე 
რუსლანი ფეხზე წამოდგა წამსვე. 
დღეს მიაჩერდა ხარბი თვალებით
და ნაშთიც განვლილ ტანჯვა-წვალების 
მოშორდა, როგორც უჟმური ძილი, 
უკვალოდ, როგორც უმწეო ჩრდილი. 
მაგრამ ლუდმილა სადღაა? ღმერთო!
რუსლანს კვლავ ოფლმა დაასხა პირზე. 
შეეკრა სუნთქვა და ჩქარა ისევ 
ცეცხლი, რომელიც მის გულში ენთო. 
უცებ, ბრძენი და გულთამხილველი, 
გადაეხვია რუსლანს ფინელი 
და სიყვარულით ჩაიკრა მკერდში: 
"გათავდა, შვილო, შენ აღარ გერჩის 
მუხთალი ბედი და დღეის იქით
იქუხებს შენი მრისხანე ხმალი, 
კიევსს მშვიდობას მოუტანს იგი 
და იქ დაგხვდება თავადის ქალიც. 
შენ ეს ბეჭედი მიადე შუბლზე 
და ჯადო ძალას დაკარგავს უცებ. 
გაბითურდება მტრი და ღვარძლიც 
თვალს ამოივსებს მიწით და ნაცრით. 
თქვენ კი სიმართლე შეგრჩებათ ფარად 
და ბენდიერნი იქნებით მარად. 
ახლა მშვიდობით. . . ღმერთი გფარავდეს. 
ვეღარ შევხვდებით კუბოს კარამდე"
თქვა და მაშინვე უკვალოდ გაქრა. 
და სიხარულით სავსე და მთვრალი 
რუსლანი ეძებს მეგობარს, მაგრამ
ვერ მიაწვდინა ვერაფრით თვალი. 
არც ჩამიჩუმი არ ისმის ირგვლივ, 
ტრიალ მინდორსი მარტოა იგი. 
რაკი პატრონი ფეხზე იხილა, 
კვლავს დაიქნია ფაფარი ცხელი
და ერთ ადგილზე ხტის და ჭიხვინებს 
და ანჯღრევს ჯუჯას რუსლანის ცხენი. 
აი, მზადაა უკვე თავადიც, 
არ ეპუება დროსა და მანძილს 
და გარინდებულ ტყეების გასწვრივ 
ფიცხი მერანი მიჰყავს ნავარდით. 

მაგრამ რა მწარე სანახავია
კიევი მტრებით გარემოცული. 
ქალაქის თავზე ზეცაც შავია
და ლაღობს მტერი კართან მოსული. 
მტერს დარჩენია ყანაც და ბაღიც.
ცაში მზადდება ჭექა-ქუხილი 
და გალავანზე გასული ხალხი
ყანებს და ბაღებს უცქერს წუხილით. 
გახშირებულა ოხვრა და ვიში. 
გამეფებულა ქალაქში შიში. 
ხოლო მძინარე ასულის გვერდით, 
შეშფოთებული ქალაქის ბედით, 
ლოცვად დამდგარა დიდი თავადი. 
კვლავ ძველებურად ჩუმი და მკაცრი, - 
ბრძოლისვის უკვე მზადაა იგი. 
დევგმირთა გუნდი არტყია ირგვლივ
და დიდებულთა ერთგული რაზმი. 
ბრძოლის დღეც დადგა. ავარდა მტვერი 
და ქალაქისკენ დაიძრა მტერი. 
ჯარმა აავსო ველი სავსებით, 
რაზმებს მოსდევენ შლეგი რაზმები. 
და აღრიალდა ქალაქში ბუკი, 
დღეს მიემატა ფოლადის შუქი. 
მაშინ ამხედრდნენ კიეველებიც 
და გაემართნენ მტრისკენ ჭენებით. 
გაჩაღდა ომი. გაცოფდა რვალი 
და აჟღრიალდა ჯავშანზე ხმალი, 
ჩაჩქანზე კეტი და ფარზე ცული. 
ცხენებმაც იგრძნეს სიკვდილის სუნი. 
სტვენით მიფრინავს ისრის ღრუბელი, - 
ქვეყნის დამქცევი და დამღუპველი. 
შემოიქინია სიკვდილმა ცელი, 
სისხლით დაფარა მინდორი ვრცელი. 
თავქვე ცვივიან მკვდარი მხედრები, 
ემალებიან მახვისლ დედლები. 
რაზმი ყიჟინით შეიჭრა რაზმში, 
უმხედროთ მიქრის დამფრთხალი რში. 
ჯერ ომის ბედზე ფიქრიც შორს არი. 
ცხენოსანს ებრძვის იქ ფეხოსანი. 
გათელილ რიგზე დგება სხვა რიგი. 
იქ რუსი კვდება, აქ პაჭანიგი. 
გურზს გაუპია ერთისთვის შუბლი, 
გულს დასობია მეორეს შუბი, 
გაუჭყლეტიათ მესამე ფარით, 
ცხენის ფლოქვებში აგდია მკვდარი. 
დაღამებამდე გაგრძელდა ასე. 
ვერც ერთმა მხარემ ვერ ძლია მტერი. 
დადუმდა ველი, გვამებით სავსე, 
ქვასა და ბალახს ეცვალა ფერი. 
ძაძა ჩაიცვა თითქოს ბუნებამ. 
თითქოს მინდორსაც დაესხა რეტი 
და მეომრებმაც, დაქანცულებმა, 
მიდეს თავები გვამების გვერდით. 
ღრმად ჩაეძინათ დაღლილ მეომრებს, 
აღარც ახსოვდა ერთი მეორეს. 
მხოლოდ ხანდახან ისმოდა კვნესა 
ან რუსის ლოცვა წვდებოდა ზეცას. 
იფანტებოდა წყვდიადი მხდალი, 
ჩრდილები ადილს იცვლიდნენ ფრთხილად, 
უკვე ვერცხლისფრად ბრწყინავდა წყალი 
და თენდებოდა საეჭვო დილა. 
იკვეთეოდა ტყე და ქედები, 
ცა იღვიძედა, ჩუმი დ ვრცელი, 
მაგრმ ჯერ კიდევ თვლემდნენ მხედრები 
და მშვიდად თვლემდა ჯერ ბრძოლის ველიც, 
მაგრამ უეცრად მტრების ბანაკში 
ყურისწამღები ატყდა განგაში, 
ცხენები ადგილს მოწყდნენ ჭენებით 
და წამოცვივდნენ კიეველებიც. 
გაოგნებული დარბიან ველზე
და რას ხედავენ: ვიღაცა ცხენზე 
ამხედრებულა და მტრის რიგებში 
მეხივით დაქრის, ჩეხავს და ანგრევს, 
იღუპებიან პაჭანიგტები, 
ცუდად წასულა ურჯულოს საქმე. 
ღრიალებს უცხო რაინდის ბუკი, 
ცეცხლივით ადგას ფარ-აბჯრის შუქი.
ურჯულოების რისხვა და ჭირი
რუსლანი იყო ის უცხო გმირი. 
დაჯირითობდა თამაშ-თამაშით
პაჭანიგების დამფრთხალ ბანაკში. 
სადაც კი მიწვდა მრისხანე ხმალი, 
სადაც გამოჩნდა მისი მერანი, 
იქ ზვინად დადგა ხორცი და ძვალი, 
პირქვე დაემხვნენ წამსვე ყველანი. 
უცებ გაივსო მინდორი ვრცელი 
სისხლში მოსვრული გვამების ჯარით, 
მთებად დახვავდა კაცი და ცხენი, 
შუბი, ისარი, ხმალი და ფარი. 
და ბუკი ხმაზე სლავი მხედრებიც 
მტერს დაეჯახნენ რკინის მკერდებით. 
გაათამამა გმირმა ისინიც 
და გმირს ფეხდაფეხ მიჰყვნენ ყიჟინით. 
მაშინ კი დაფრთხენ პაჭანაგები, 
მოტრფიალენი რბევა-თარეშის. 
მოახტნენ ცხენებს და სიჩქარეში 
მიაწყდნენ დამფთხალ რიგებს რიგები. 
ეყოფათ, ადრე რაც უჩხუბიათ, 
არ შერჩათ ბრძოლის თავი სრულებით 
და კიეველთა ხმლებს გაურბიან 
საჯოჯოხეთოდ განწირულები. 
მათ გუნდებს ჩეხას რუსული ხმალი. 
ხარობს კიევი. . . დამშვიდდა თვალი, 
ისმის სიმღერა და შეძახილი. 
ქარს გაუფანტავს მწუხარე ფიქრი. 
გმირი კი უკვე ქალაქში მიქრის, 
ხელში უჭირავს ბასრი მახვილი, 
განათებია იმედით შუბლი, 
მოშორებია გულიდან ნისლი, 
ვარკვლავის დარად ციმციმებს შუბი, 
აბჯრიდან წვეთავს ურჯულის სისხლი. 
წვერსა და ულვაშს უთეთრეს მტვერი 
და მუზარადზე ერხევა წვერი. 
ხალხს დაუფარავს მიწაყრილები, 
ქალაქისა და ციხის კედლები, 
სახლის ბანებიც და მოედნებიც, - 
ხვდებიან ლაღი შეძახილებით. 
და აი, კოშკში შევიდა იგი, 
გამეფებულა დუმილი ირგვლივ, 
ლუდმილას ისევ სძინავს შველივით, 
დაუფლებია ძილი ზღაპრული
და ვლადიმირი, ფიქრში ჩაფლული, 
შვილის ფეხებთან დგას მოწყენილი. 
ისევ სეეკრა მკაცრი კოპები, 
ისევ წუხილში იდგა ყელამდის
და მარტო იყო, რადგან ყველანი, 
მისი შვილებიც და მეგობრებიც, 
საომრდ იყვნენ ველზე გასული. 
მხოლოდ ფარლაფი იდგა კარებთან, 
მტერს აგინედა და კანკალებდა 
გულაჩრებული და ფერწასული. 
მთლად დაეღრიჯა სიმწრისგან პირი, 
როგორც კი იცნო, ბოროტმა, გმირი. 
ვეღარ გაუძლო შიშსა და წუხილს 
და მოეკვეთა, გონწასულს, მუხლი. 
ღირსეულს სასჯელს უცდის ღალატი! 
მაგრამ სატრფოსკენ მირბის თავადი, 
აუციმციმა შუქმა თვალები, 
ახსოვს ფინელი დანაბარები, 
ბეჭდისგან ნამდვილ სასწაულს ელის. 
აი, შეახო მათრთოლვარე ხელი. . .
და სასწაულის გახდა მხილველი:
ძილი, ხანგრძლივი და საკვირველი, 
დაირღვა უცებ, გააღო თვალი
და გამოფხიზლდა თავადის ქალი. 
უძრავად იჯდა ლუდმილა წამით, 
გაოცებული ამსიგრძე ღამით, 
უძრავად იჯდა, როგორც სტუმარი, 
გამოყოლილი და იდუმალი 
გულს უწვრილებდა თითქოს სიზმარი. 
ბოლოს კი იცნო: - ღმერთო, ის არის! 
და ნაზ ხელებში აღოჩნდა გმირი, 
მთლად დაავიწყდა განვლილი ჭირი, 
გაქრა წუხილის და სევდის ჩრდილიც, 
გაქრა ტკივილიც ყველა იარის
და ვლადიმირიც საყვარელ შვილებს 
გადაეხვია თვალცრემლიანი. 
ჩემო ძვირფასო, შენც ხვდები, ალბათ
რით დავამთავრებს მე ამ გრძელ ამბავს: 
ვლადიმირს რისხვა გაუქრა წამსვე, 
უმართებულო და უსამართლო. 
ჯუჯას შეუნდეს, წუხილით სავსეს, 
და დაიტოვეს კოშკში სამადლოდ. 
ხოლო ფარლაფმა ბოლომდე გახსნა 
თავის ბოროტი სული და სახე 
და აპატია რუსლანმა მასაც. 
და ამ ბედნიერ სურათის მნახველს, 
კვლავ მოუბრუნდა გული ვლადიმირს 
და ძველებურად ლაღად და მხნედა, 
თავის საყვარელ ოჯახთან ერთად 
გადაიხადა დიდი ნადიმი. 

ასე მთავრდება თქმულება ძველი, 
მას მერე ბევრი გაფრინდა წლები. 
 


ე პ ი ლ ო გ ი 
 


ფუჭი დუმილის წიაღში მჯდარი, 
ქვეყნის გულგრილი მცხოვრები ერთი, 
ჩემი დამჯერი და მშვიდი ქნარით
ძველისძველ ამბებს ვმღეროდი ჩემთვის. 
და ვივიწყებდი დროსა და ღალატს, 
მავიწყდებოდა ჭორიც და შურიც 
და სიმღერებში ფეთქავდა წყნარად 
ბედის სიბრმავით დაჭრილი გული. 
გამონაგონის ფრთების წყალობით
მე ქვეყის კიდეს ვცდებოდი უმალ, 
მაგრამ ხიფთიც მოიჩქაროდა
და გროვდებოდა ჩემს თავზე ჩუმად. 
ვიღუპებოდი. . . წმინდა მფარველო
ახალგაზრდობის მშფოთავარე წლების, 
დამაცხრობელო და საყვარელო
დასნეულებულ სულის და ვნების, - 
შენ ამარიდე შავი ღრუბლები, 
გულში ჩამხედე მშვიდობის სანთლით 
და დამიბრუნე თავისუფლებაც, 
ყმაწვილკაცობის კერპი და ხატი. 
დღეს შორეული გზები ღელავენ 
და ნევის ნაპირს მოშორებული 
კავკასიონის ვუცქერ მწვერვალებს 
და მიპყრობს მათი ბრწყინვა მეფური. 
სალი კლდეებით და ხეობებით 
დასერილია სივრცე სრულებით
და მეც სავსე ვარ მუნჯი გრძნობებით 
და სურათებით ველურ ბუნების. 
და სულიც ისევ სავსეან ფიქრით, 
რომელსაც უკვე ვერავის შეცვლის. 
აღტაცებათა მოკლე დღე მიქრის 
და პოეზიის ჩამქრალა ცეცხლი. 
წავიდა იგი, ლექსების ჟამი, 
ჟამი გართობის და სიყვარულის. 
ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა წამი, - 
გაქრა და დარჩა სევდა ფარული. 
თუ ადრე მისი ცეცხლი მებარა 
და სხვა ყველაფრის ვიყავ მგმობელი, 
დღეს სამუდამოდ თვალს მიეფარა 
ქალღმერთი წყნარი და საგალობლების. 

??????