შემოდგომა
(ნაწყვეტი)
I
უკვე ჩამოდგა ოქტომბერი; ტყემ უკვე მწრედ
ჩამოიბერტყა შერჩენილი ფოთოლი ტანზე,
გზა გაყინულა . . . დატრიალდა სიცივე გარედ,
ჯერ კიდევ ღელე მოჩხრიალებს წისქვილის ფშანზე.
ტბა კი შეკრულა . . . მეზობელი გაჭრილი არედ
ნადირობისთვის გამზადებული დამდგარი გზაზე,
აოხრებს ყანებს ნადირობის გიჟი ამბავი
და ტყეს აღვიძებს ძაღლის ყეფა აულაგმავი.
II
ეს ჩუმი დროა: გაზაფხულის არ მიყვარს წესი,
მომწყინდა სითბო. . . გაზაფხულზე მე ვხდები ავად,
იმღვრება სისხლი. . . გრძნობა-გონი მწუხარედ კვნესის,
ავი ზამთარი მირჩევნია მე თავისთავად.
კარგია თოვლი დაპენტილი . . . მთვარის ალერსი,
რჩეულთან ერთად ჩქარ მარხილით საქროლად წავალთ.
მას ტკბილად ათბობს მოსასხამი ბრწყინვალე ბეწვის,
მეხება ხელით, ცხელი ვნებით სხეული ეწვის.
III
ზამთარში ჩექმას ამოაკრავ გალესილ რკინას
და გაიჯერებ გულს გაყინულ სარკეზე ქროლვით,
დღესასწაულიც მოულოდნელ განგაშით ბრწყინავს,
მაგრამ კმარა კი; - ექვსი თვეა თოვლი და თოვლი.
ასე ყოფაში თავის უკვე მოსაწყენ ბინას
დატოვებს დათვიც. . . დასრულდება ცხოვრება გლოვით,
თუ არ დაეხსენ მარხილს ლამაზ ქალების წერეში,
ან თუ ბუხართან იჯექ მუდამ მოხრილი წელში.
IV
ლალის ზაფხულო! იქნებოდა ყოველმხრივ კარგი,
მაგრამ ვერ ვიტანთ ხვატს, მტვერს, კოღო-ბუზების კბენას,
გვაწამებს დიდად. . . იჩლუნგება ყოველი დარგი.
ვით მინდორს წვიმა, ენატრება წყალი მშრალ ენას,
მხოლოდ მას ვფიქრობ, სად მოვნახო სიგრილის მარგი,
მცხოვან ზამთარსაც მოვიგონებთ მოგვეცა ლხენა,
ის გავაცილეთ ცხელ ბლინებით, მჩქეფარე ღვინით
და ახლა აღაპს ბებრუხანას ვუხდით ნაყინვით.
V
ბევრს ეჯავრება შემოდგოის დღეების დათვლა,
მაგრამ, მკითველო, ჩემთვის იგი მშვენიერია,
ჩუმ სილამაზით შემოსილი ელვარებს ნათლად,
ხშირად ოჯახში ბავშვს დევნიან, თითქოს გერია,
მე კი ასეთი ბავშვი მიყვარს. - და ასე მართლა
წლის ყველა დროში Dშემოდგომა გულში წერია.
არის კეთილი - სიმაყე არა სჩვევია,
ჯიუტი ფიქრით მე მხოლოდ ის ამირჩევია.
VI
როგორ აგიხსნათ. იგი მომწონს ისევე სწორედ,
როგორც თქვენ ალბათ ჭლექიანი ვინმე ასული
ხანდახან მოგწონთ . . . ამართულა საფლავის ყორე -
თავის ბედს ელის სასიკვდილოდ შემოგარსული,
ოდნავ ღიმილი სახეს ისევ თუ შეასწორებს
და ვერ მიმხვდარა, რომ სამარე ელის ავსული,
სახეზე ვარდი სათამაშოდ შემოპარვია, -
მაგრამ დღეს ცოხცლობს და დილაზედ უკვე მკვდარია
VII
ნაღვლიანო დრო შემოდგომის, თავალთა მშვენება,
მე მომწონს შენი სილამაზე ყოველთვის ნაზი,
მიყვარს ბუნების ჭკნობა, ნელი გადაშენება,
მეწამულ ოქროსფრად მორთული ტყეების რამზი.
ტყის გრილი სუნთქვა, შემდეგ ქარის აღმოცენება,
მღელვარე ბურით დაფარული ცის ბნელი თასი;
ძუნწად მზის სხივის გამოჩენა, პირველი ყინვა,
დაშორებული თეთრი ზამთრის მუქარით გმინვა.
VIII
შემოდგომაზე აყვავდება კვლავ ჩემი გული;
მარგებელია ჩემთვის რუსული ყინვების ჰავა,
შეჩვეულ ყოფას ვუბრუნუდები ძველ სიყვარულით,
დამხევის, ძილის ვადა მოდის და ისევ წავა;
სხეულში სისხლი სიხალისით გადაღვარული
აღვიძებს სურვილს. . . სიჭაბუკე იღვიძებს მწვავედ,
გამოცოცხლება თვისებაა ხომ ორგანიზმის
(ბოდიში თქვენთან, პროზაულად ეს სიტყვა ისმის).
IX
ცხენს შემომგვრიან: საჯირითოს ვერ სწყდება თვალი,
ფაფარაყრილი მიმაქროლებს მინდობილ მხედარს,
ყინულზე თქრიალს გააჩაღებს ფოლადის ნალი,
ყინული სკდება, ბედაურის ვერ უძლებს ხედნას. . .
დღე დაიჭურა. მივიწყებულ ბუხარში ალი
ხან აინთება, ხან ჩაქრება - მუგუზალს ვხედავ,
და შემდეგ ბავშვურ გატაცებით ვკითხულობ რამეს,
ანდა ფიქრების გრძელ ქარავანს მივანდობ ღამეს.
X
და მავიწყდება ეს ქვეყანა. . . ტკბილ სიჩუმეში
ნეტარი აზრით განათდება ჩემი გონება,
გამოიღვიძებს პოეზია, ჩემი ნუგეში,
გულს ლირიული მღელვარება ეპატრონება:
დაფათურდება, აჟღერდება გულის უბეში
და დაიცლება თავისუფლად დიდ შთაგონებად,
გაჩნდება ამ დროს უხილავი სტუმრების ჯარი,
ჩემი ოცნების ასპარეზის კარებთან მდგარი.
XI
მაშინ გონება მღელვარებას განიცდის მაღალს,
მარდი რითმების შესამკობლად ფიქრებს ელიან,
პოეტის ხელი ელტვის კალამს, კალამი ქაღალდს,
წუთი და ლექსთა შეჩერება უკვე ძნელია.
ასეა, როცა სთვლემს ხომალდი ჩუმ ზღვაში ლაღად,
მაგრამ უეცრად მატროსები ამინდს შველიან,
დახსნეს თოკები - დაიწყებენ აფრები ჟღერას,
დაიძრა გემი, მქუხარ ტალღებს ზედიზედ სერავს.
1833