პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

წყალში დამხრჩვალი 

შემოცვივდა ქოხში ცეტი 
დაფეთებულ ბავშვთა ჯარი: 
"მამა, მამა, ბადემ ერთი 
მოათრია ვინმე მკვდარი." . . 
"სტყუით, სტყუით, თქვე ჭინკებო", 
ეტყვის ბავშვებს გულგამსკდარი, 
და ბურტყუნით ამბობს მამა: 
"ვისი მკვდარი, რისი მკვდარი", 

"სასამართლო უმოწყალო 
მოვა - უნდა ვივაგლახო: 
მომახურე რამე, ქალო, 
იქნებ მართლაც - წავალ ვნახო. 
აბა "მკვდარი". - "აგერ გდია". 
მოსდებია ქვიშას ნამი 
და ბადეზე თვალებ ღია 
მკვდარი კაცის გდია გვამი. 

საშინელი ეგდო მარო, 
გასიებულ, გალურსული, 
და ბედისგან უკუღმართმა 
წაიწყმიდა ასე სული. 
მებადური არის კრული, 
თუ ვაჟკაცი ნალოთარი, 
თუ შარაზედ გაქურდული 
ვინმე ბრიყვი სოვდაგარი. 

აბა გლეხის რა ცალია, 
გვამს ჩაავლო ფეხში ხელი. 
საყოყმანოდ არ სცალია 
მოიმარჯვა ჯოხი გრძელი. 
გადისროლა წყალში ხელად 
და სახლისკენ მიდის ჩქარი. . .
ცხედარი კი სცურავს ნელა, 
რომ სავანის ნახოს კარი. 

კვლავშეუდგა ცხედარს წყალი, 
ტორტმანობდა საცოვდავი. 
გააყოლა თანაც თავი. 
უთხრა ბავშვეს: "სახლში ჩქარა 
დაგიცხვებათ თითო კვერი, 
ოღონდ სიტყვა არსად არა, 
თუ არ გინდათ გცემოთ ბევრი". 

ღამით დადგა ცუდი დარი, 
მდინარემაც დაიგმინა. 
დაბჟუტულა გლეხის კვარი 
ავსებულა კვამლით ბინა, 
ბავშვებს სძინავთ, ცოლი კვნესის, 
ეთვლიმება ტახტზე ქმარსა. 
ქარი ღმუის. . . გლეხს კი ესმის 
უბრახუნებს ვიღაც კარსა. 

'"ვინ ხარ"? "ჰეი, მასპინძელო". 
"რა წელკავი დაგმართია. 
რას დაბორგავ კაინ-მკვლელო? 
რა ეშმაკმა მოგათრია. 
ავი სული მოგიტანდა, 
სად მოვნახო ახლა კვარი"? 
გამოცურდა გლეხი ზანტად 
და შეაღო ბინის კარი. 

ღრუბელთ შორის მთვარე სცურავს, 
კარში მკვდარი დგას საწყალი, 
წვერსა წყალი დაუწურავს, 
დარჩენილა ღიად თვალი, 
მდუმარება ირგვლივ აკრავს, 
ხელებიდან სწვეთავს წყალი, 
გასიებულ ხორცში მაგრად 
ჩასჭედია კიბორჩხალი. . .

მიაჯახა გლეხმა კარი 
მიაძახა - გასკდი ბარემ 
კარგად იცნო ის სტუმარი 
მთელის ტანით მოზზანზარემ. 
ვერ მოვიდა თავის გონზე, 
აიტანა სიცივემა, 
და ესმოდა ალიონზე 
ფანჯარის და ჭიშკრის ცემა. 
ხმა გავარდა ხალხში ავი: 
როცა წელსა შეცვლის წელი, 
თურმე გლეხი საცოდავი 
აღთქმულ დროზე სტუმარს ელის. 
დღე იცვლება დილიდანვე, 
მოვარდება ღამით ბუქი, 
და ჭიშკარტან მთელი ღამე
ისმის მკვდარის რაკარუკი. 

1828
 

??????