ხანჯალი
და ნემეზიდას ჩააბარა სიმკაცრე შენი,
თავისუფლების ჩუმო მცველო, დამსჯელო რკინა,
უკანასკნელო მოსამართლე მარცხის და წყენის.
სად ზევსის მეხი სდუმს, სადაც სთვლემს კანონის ხმალი,
ხარ განაჩენი დაწყევლილის და იმედის - ცივი;
და საზეიმო აბჯართა სხივით
შენ ტახტის ქვეშ ხარ გადანამალი.
ვით ჯოჯოხთის შუქი, როგორც ღმერთების მეხი,
უხმო ფოლადი შეანთებს ავაზაკს თვალში,
შენ მის ლხინს დაშლი,
ის ცახცახებს შიშით და გრეხით.
მას ყველგან ნახავს საიმედო შენი კვეთება -
ხმელეთზე, ზღვაში, საყდარში და კარვის ჩეროში,
ბნელ ურდულიან სამფლობელოში
ძილში - ოჯახშიც შეეფეთება.
კეისრის წინ სანატრელი ჰქუხს რუბიკონი,
რომი დაეცა, ძირს გდია მისი კანონი,
მაგრამ ბრუტოსი აღსდგა - იმას სულთეხუთება . . .
ხანჯალო დაჰკარ - კაცი კვდება, დაჰკარგა გონი
და პომპეოსის მარმარილოს მიეხუტება.
ჯანყის ნალექი იწყებს ბღავილს ხელის ძალათი
დაცვივდა მსხვერპლი როგორც ნაკელი,
ბნელი, შეთხვრილი და საძაგელი,
მახინჯი სახით აღსდგა ჯალათი.
ეს მოციქული სიკვდილისა არ იყო განა,
ჯოჯოხეთისკენ რომ სტკეპნიდა მსხვერპლების გზასა,
მაგრამ სამსჯავრომ ზეციდან მასაც
შენ და ქალწული ევმენიდა გამოუგზავნა.
ო, ახალგაზრდა მართალკაცო, ბედის ზვარაკო,
სახრჩობელაზე უდღეურად ჩამქრალო ზანდო,
შენ დღემდე წმინდა სათნოებით ხარ საარაკო,
დამხრჩვალ სხეულშიც გეგულება ნიშანი სანდო.
შენ გერმანეთში წარმოგიდგენს ჩვენებად ყველა,
რომ დაემუქრო სასიკვდილოდ ძალას მტვეერიანს,
და შენ საფლავზედ მოჩვენება ზეიმად ელავს,
თუმცა ხანჯალის მას სახელი არ აწერია.
1821