მესხი რობერტ
გაზიარება

Egypt, 2011 

ბორკილებს არა აქვთ წონა.
ყველა მათგანი რეაგირებს მაგნიტზე და ჟღარუნობს,
როცა მივდივართ ქოქოსების სანაპიროზე,
სუეციდან ალექსანდრიისკენ
ან სამხრეთით –
შუა წელისკენ ნილოსის,
რომელსაც ვერაფრით სწვდებიან ცხელ ქვიშაში ფესვგადგმული პირამიდები,
და ყვირიან ასე:
დაგვიბრუნეთ ჩვენი მეფეების კუბოები,
ოქრო და სკიპტრა!..
დაგვიბრუნეთ ტახტი და ოსირისის ბეჭედი...
დაგვიბრუნეთ წყალი!..
ჩვენ დავარწყულებთ ქარს,
ბარხანებში ჩაჩოქილ აქლემებს
და იქ, სადაც წითელი ზღვა მიერთვის ხმელთაშუას
(ყოველთვის მიერთვიან ერთმანეთს ზღვები!..)
ამოვიყვანთ მზეს,
ჯერ კიდევ სისხლიან პირმშოს,
რომელიც იქნება უბორკილო,
და ვრცელი,
და ცხელი
და ავალთ სინაიზე,
საიდანაც მოჩანს ზეცა
და ქაიროს გადახრილი მეჩეთები.

??????