ასათიანი ლადო
გაზიარება

საქართველო, იყო მათი საოცნებო სახელი 

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყადათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, -
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, -
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ -
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, -
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით;
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები, 
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!

ისე მტკიცედ იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

1939

??????