ქოჩაკიძე პეტრე
გაზიარება

იავბერი 

ეძღვნება სრულიად საქართველოს პატრიარქს
                                                                                              მორჩილ ამბროსის  (წმინდა ამბროსი ხელაიას)
 
 
მარჯვედ მოეზავა ქართულ ჰავას, „ბოლშევიკური რევოლუციის“ გადამდები სენი და მომაღლო პარტახტიანი ტიფივით, ძიძიბ–ძიძიბად გამოაყარა. არ აპირებდა გერილი წვიმასავით უცებ გადაღებას ძალად შემოვარდნილი  აბუჩი სტუმარი და ავი სენით გვემული, ვეფხის ტყავისა ქვეყნის გაძარცვას ლამობდა. ...და გადაწყვიტა  ბოროტსვიანმა, გული ქართლისა, ქართული ეკლესია, ქართველთა ხელით ეკლებმოსხმული გვირგვინით შეემკო. წარიგებით მიბრჯენილი ხარაზანი  ქვებივით ჩადგნენ მჭახე ლოყებიანი უწვერო ბიჭები, საუკუნოდ სატანჯველ ცოდვილ სულთა ჯოჯოხეთის სამსახურში. ურმის საშინელი რაძგუნით შეესივნენ მარბიელნი, მაჰმადიანთა მძლავრობის დროს გადარჩენილ ჩაუქრობ სანთელს. ...და ეცემოდა დედო ზარები ქართველთა ხელით. გოდების ბანი დაატყდა მამულს, ორსული გახდა ტკივილით დრო!.. მე კი ვარ მობავთე ამ სავალალო ამბის.


      სოფელსა სადაც წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელზე ხელთუქმნელი ტაძარი, სამყოფი ღვთისა აეშენებინა ქართველთ წინაპარს, წმინდა ნიკოლოზის სახელი დაურქმევიათ. ახლა კი, გავარვარებულ წითელ დროს, ტაძრის მოძღვარი, საქართველოს პატრიარქის მიერ მოწვეული, „ყველა ეკლესიის დედის“ იერუსალიმის ჯვარის მონასტრის, ბოლო ქართველი ბერი იყო, იავბერად სახელქმნილი, და ვერც წარმოსადგენი სხვა სახელითა, რადგან განბანა უფალმა იგი და ძუძუთა ჩვილის პირმშო სურნელით იყო შერჩენილი. პირჯვარის ქვევრის საუფლო ღვინით დაელოცა მეოხმყოფს მისას, ანგელოსთ შემსგავსებული ღვთივგანბრძნობილი ბერი. 
    იმ წელს, იგრიკის თვემ აჯობა ვარდობისას და ათასცხრასოცდამესამე, მაცხოვრის ჩვენის მკვდრეთით აღდგომის დღეს ელოდებოდა, როცა ტაძრის ქვითკირით მოზღუდვილ ეზოში,დაუკოდავი კურატი ხარებივით შეცვივდნენ წითელი რევოლუციის წითელი ეშმაკები. თითქო უშობელ ფურს ეძებდნენ, აშლილი ვნების ჯერის–ჯერობით დასაოკებლად. მერე გაცხელებული სროლა ატეხეს, ისედაც კისერზე გადაცმულ, ქორის მახეში გაბმული ხალხის გულის გასახეთქად, ვინმე ქომაგი რომ არ ჰყოლოდათ.
– იავბერო! ვეღარ მოატყუებ მშრომელ მასას შე კონტრრევოლუციონერო! 
– ძირს! შავი გომფაშო მუცლიანი მღვდლები, თავის რჯულის წმინდა მამებიანად!
– ძირს! ეკლესია სიბნელისა და გაუნათლებლობის ალაგი!
– ძირს! ხატები და ჯვრები, მშრომელთა ფაბრიკებში გამოჭედილი ხალხის მოსატყუებლად!
– გაუმარჯოს მუშურ–გლეხურ ხალხის გამორკვევას!
– გაუმარჯოს წითელ რევოლუციას!
– გაუმარჯოს ევროპის სინათლეს მარქსიზმს!
დაუღალავი ყელებით ყვიროდნენ არიმანის მოციქულები...

      სამარტოო ოთახიდან რონინით გამოვიდა იავბერი, ისედაც მარტო დარჩენილი, (თუ არ ჩავთვლით მრევლს მისას: ორ ხანში შესულ ქალბატონს, ერთ ასაკიან ძველ აზნაურს და ათი–თორმეტი წლის ბიჭს). და „მაუზერ“ ჩამოკიდებული, ეჯიბი კაცის წინაშე წარსდგა.
– ჩვენ, – დაიწყო გუდაფშუტა სოკოსავით კაცმა, რვეულის ფურცელზე დაწერილი „ცოდვის საზღაურის“ კითხვა.
„მოჯკომიტეტი“ (მოჯამაგირეთა კომიტეტი) , „მუკი“(მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) და „კომიაჩეიკა“ (კომკავშირული უჯრედი) ვადგენთ:
1) დაიწყო ახალი ისტორია, საღი შეხედულება ყოველივე მავნეზედ და სამუდამოდ დასამარდა სამღვდელოება! მშრომელ მასას ისინი ვეღარ მოატყუებენ! ძირს ქრისტე და მისი შავ ანაფორიანი ყორნები და მათი მოგონილი აბდაუბდა ნაშთები!
2) მოსპობილ იქნას ხატები და ჯვრები, ხოლო თუ რამე ღირებულება აქვთ გამოყენებული იქნას ხალხის სასარგებლოდ. სარწმუნოების მსახურთ სამღვდელოებას, როგორც ცრუმორწმუნეობის გამავრცელებლები, გაკრეჭილი იქნან. წინაღმდგომეობის გამწევნი ჩათვლილი იქნებიან მუშურ–გლეხურ სახელმწიფოს უღირს წევრად. ეკლესიაში გაიხსნას აბანო, კედლებიდან რომ ტყვილი ჩამოირეცხოს.გაუმარჯოს ურწმუნო, უეროვნებო, რევოლუციის ახალი აზროვნების ადამიანს! წინ კომუნიზმისაკენ!
      განლიგებული ქანდაკივით პირმონასკვული იდგა იავბერი და ვერ გამგები, 
ნუთუ ქართველნი! რომელნიც იყვან ქრისტეს წინაღმდეგთა ქვედამცემელ მათი! ნუთუ ქართველნი! ზნეთსწავლებისა წიგნის „ვეფხის ტყაოსნის“ პატრონნი! დღეს კი ეშმაკნი, ანგელოსის სახედ შეცვალებულნი! 
უცბედი სევდის ქარი მოვარდა ბერთან და გადმოგორდა ცვარი თვალიდან, ღაწვი გაკაწრა თბილმა ცვარმა პირმონასკვულ იავბერს და მონასკვული ძაფივით დადნა...
– რას სჩადით ქართველნო! მე აზნაურ ისევ რუსეთში? – იყვირა ბერმა და სიტყვა „მე თავისუფალის“ გამგები ეკლესიის ეზოს გარეთ იმალებოდა და ცოტა იყო ის, რადგან „უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია“ და ბევრნი იყვნენ ისინი...
– ეს აზნაურიც ყოფილა ამხანაგებო! ეს თხაწვერა ყორანი! – „მიუხვდა“ იავბერს, ოდიშის თავადის ერთადერთ ვაჟიშვილს, „კომიაჩეიკის“ მდედრი წევრი, რომლის „ედემ–ყვავილის“ სუნი სოფელში ბევრს ჰქონდა ნაყნოსი. ეხლა კი ახალ მჯთავრობას „ბოლშევიკებს“ ასურნელებდა.
– აბა ამხანაგებო! შევასრულოთ დადგენილება და ტყვილის სახლიდან ძუძგი გამოვიტანოთ და აქ დავყაროთ! – ბრძანა „მაუზერიანმა“ გუდაფშუტა ტყავკაცმა და სალოკე თითი, ტყავის ჩექმისკენ გაბზიკა.
      არავინ იცის უფლის გარდა რა მოხდა მერე და საიდან გაჩნდა ხის ცხენზე გადამჯდარი, გზირივით ხმამაღლა მოძახილე, ჭკუააშლილად რქმეული, სპეკალი ქვასავით გათლილი, გვარგასახელებული ლაშხი.
– მოვედი წმინდა გიორგი, თქვე გველვეშაპებო თქვენა! – იძახდა ლაშხი სალოსელის სულით შთაბერილი გუდასტვირივით და ჭენებით მოაგელვებდა ხის ცხენს. მერე „ცხენიდან“ გადმოხტა და ცხვირაწეულმა ყნოსვა დაიწყო, თითქო ხრაკის სუნი ეცა და სუნის სათავეს სირბილით დაუწყო ძებნა. მიაგნო კიდეც და ეშმაკისგან ტანჯულგვემული, კვეთებულნის შუაში ჩადგა.
– ნაღვლის სიმყრალის სუნია იავბერო ტაძრის ეზოში და ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლთა! და ნურცა დაუფენთ მარგალიტს ღორთა! – შეიძახა და ღმერთს ახედულმა გაუხედნავი ხარხარი დაიწყო.
უძარღვო პურივით დაიფხვნენ წითელი რევოლუციის შობილნი და ვერ მიხვდნენ ავბედნი, რა უნდა ექმნათ ლაშხის ავადობისთვის. არ სადა მიდრკებოდა წამი სასწორისა, რომ არა, საადრეო მოცოროზი ღომისხელა კომკავშირელი ბიჭის თოფის კონდახი დარეტიანებით ხვდა კეფაში ლაშხს, როგორც ურო ხვედა რკინისა.მდინარის დივილნით წამოვიდა კეფიდან სისხლი და ნატკვეცი ჭაჭასავით გადმოყარა ჭამადი პირიდან, მიწას შუბლით მიდგმულმა ლაშხმა.
არ ვიცი რა ძალად, მუხლდადგმით წამოიწია გვამი მისი, ანდა ვიცი კი? მუხლდადგმითვე სისხლის დივილის შესაჩერებლად, თუ შენდობის სათქმელად მივარდნილ ბერის! ეს კი ვიცი, რომ ერთ მიწაზე იზრდებოდა ხორბალი და სარეველა.  
– მომშორდი იავბერო! – ნემეის ლომივით დაუღრიალა ჭკუააშლილად რქმეულმა ლაშხმა და თვითონვე მიექცა ნათხევარს მისას.
შეზარა ნანახმა თვითონვე შემაზრზენნი. ლაშხი კი ფეხზე წამოხტა და ამხედრდა მის ხის ბედაურზე, მერე ჭენებით შემოურბინა რევოლუციის შვილებს და ცხენიდან გადმოსძახა:
– ძაღლი მიექცა ნათხევარს მისას! ძაღლი მიექცა ნათხევარს მისას! – იმეორებდა და წილად რგებას ეუბნებოდა, ჯოჯოხეთისა ცეცხლით სატანჯველ ცოდვილთა გეენია ადგილის მლოდინთ.
– გადაეთრიე ეკლესიის ეზოდან, თუ არა გაჭამე ტყვია, შე აქოთებულო ჭკუააშლილო!– იყვირა ქალაქიდან მომაგრებულმა „აგიტპროპმა“ და იარაღზე იტაცა ხელი.
წამით გაქვავდა ლაშხი, მერე ტეხურა ყინვასავით გაბზარა ხმა და უკუღმა ჭენებით თავშექცეულმა დაიძახა: „აზამბურელი თათარი ჩემ საცალოს თავის ტომრად უწოდებდაო.“
– რა ხდება ამხანაგებო ეს! –  საწვავად გახმობილი, წივა ფუნასავით ცეცხლმოკიდებულმა დაიტკაცანა აგიტპროპმა. – ასთვრამეტი ეკლესია დავხურე და ასეთი ცირკი არსად არ მოუწყვიათ, როგორც თქვენ სოფელში!
ნარქენნი გამოუდგნენ ლაშხს გველის წიწილნი, წითელი სენით შეპყრობილნი და ფიქრობდნენ უგნურნი, იძვრისი სულს ქართველთა ისტორიისა, სახადი წითელა წითლად შეღებავდა. მონასტრის ეზოდან გაგდებულმა ლაშხმა კი – „ჩეკამ“ ჩეკა გველის წიწილებიო! –  დაიძახა და ხის ცხენიანად, "ბზობის ყვავივით გაქრა".
      ქართული ეკლესიის აღსპობით იწყებდნენ ახალი ისტორიის წერას და ხორცს დამშეული, ხორცისმჭამელი ცხოველებივით შეცვივდნენ ტაძარში სიწმინდის ბოგანოდ დასატოვებლად. ზვინივით დაახვავეს ხატები და სჯულის წიგნები ერთმანეთს, და თუკი რომელიმე თაყვანის საცემელთ ვერცხლის პერანგი ეცვა, ნაჯახით გახადეს სამოსელი, ვერცხლის ფულის გასაკეთებლად.
– არ ესმით უფალო! მემოწმოს ამაზე სინდისი და ჭეშმარიტება, აღვირასხმული მოშიში გეუბნები შენ! – შესძახა იავბერმა ცას და...  საბოჭი ქათამივით შეუბოჭა უკან ხელები „მოჯკომიტეტის“ წევრმა ბერს, „მუკის“ წევრმა კი ჯერ ბარტყულა მოგლიჯა თავიდან და მერე დანით შეაჭრა წვერი...

      გაუგონარი ამბავი მოხდა მერე, ენა ძვალდება ამბის მოსაყოლად და სათქმელად საშინელია.
      ჭანჭრობში მბუდები ჭავილა ფრინველივით ნისკარტიანმა კომკავშირელმა, ტაძრიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი, მკლავი გამოიტანა. ზემოდან დააგდო ხატებს და სჯულის წიგნებს, ნავთი გადაასხა და ცეცხლს მისცა სიწმინდე. 
– მიშველე უფალო! – უნაპირო ცას შეახო ძახილი იავბერმა...  და გაახსენდა წმინდა ნიკოლოზ, კანონი სარწმუნოებისა და ხატი სიმშვიდისა, ვერ მომთმენი მწვალებელ არიოზისგან გმობა ქრისტეზედ და განრისხებულმა ყვრიმალს სცა მას.არის დრო, ჟამი და შემთხვევა, როდეს მრისხანება იქმნება მართალი და სათნო...

      ბერის სურნელმა ჩვილისამ, შეაღვინიანა შემბოჭველი მისი და ვეღარ ბოჭავდა მბოჭველი სურნელს. ხელიდან გასხლტა ბერი და უშვერი თვალით მაცქერალ მეწინავე მქირდავ ტყავკაცს, ღაწვში შემოჰკრა სილა.


                      ასფალტოსის შავი კუპრივით დაბნელდა იავბერის თვალები და თავის თხემი განკვეთა ნაჯახივით მოქნეულმა თოფის კონდახმა. ძირს დაგდებული დატერფეს ბერი და ბზესავით ცემეს.
      ...საღამოს ჟამის ისხარმა წვიმამ გამოაფხიზლა დადუნებული საგრძნობელნი ბერისა. ტაძარი აწვა მხრებზე ბერს და ქვედამზიდველი იყო თავი გვამისა, ხოლო გრძნობა, სატკივარისა მოუთმენელი როგორც მშობიარე ქალის. ბრმასავით ბღოტვით წამოდგა ფეხზე და ღონღილი სიარულით ტაძარში შევიდა. წმინდა ნიკოლოზის მკლავის ჩასასვენებლიდან სამღვდლო შემოზღუდვილი შეგრეხილი ბაწარი ამოიღო, ტანს შემოირტყა და მღვდელთმსახურების უფლება აყრილი, არა შენანებულივით გამოვიდა უფლის სახლიდან. სალაგმე კბილით ეჭირა სიტყვა და უღონქმნილი მის სამყოფ სადგურში შევიდა. პირველად მის ცხოვრებაში, საგვარეულო ხანჯლის ბოლო მემკვიდრემ, ხანჯალი წელზე შემორტყმულ ბაწარში გაირჭო და ჯვარგანძარცვული, პატივაყრილი, ტაძარს დაეტევა. 
      ვისაცა სტკივა, მან იცის სად უჭერს მისი წაღი, და სატკივარის საძებრად წავიდა ბერი. მთვარემ სცა პატივი „ პატივაყრილ“ ბერს და ნათლის დღესავით დაუფინა შუქი, უხვედრი ადგილის საძებრად, ურვეულად მიმავალ ბერს.
      დიდება უფალს! შვების ადგილი სასუფეველი, ზეცის გარდა მიწაზეც შექმნა ღმერთმა და დედას აჩუქა მისას!
      კლდის ძარღვის ზენაპირზე მარტო ამოსულ , უზომო ფიჭვის ხესთან გაჩერდა ბერი.ფსკერს მიუწვდომელ უძირო უფსკრულს გადაჰყურებდა ეული ფიჭვი.გამხმარი შტოები შეკრიბა ბერმა, ცეცხლი დაანთო ცხოველთ დასაფრთხობათ. მერე ფეხზე წამოდგა, პირჯვარი გადაიწერა,(გონების, გულის და ძალის სიმბოლო) მარჯვენა ხელი ხეს შეახო, ხეს რომლისგანაც გათალეს ჯვარი უფლისა, მერე უფსკრულში გადაიხედა – ცაშია ღმერთი,– ჩაფიქრდა ბერი და საწურავში გატარებული წურვილი სიტყვით მიმართა უფალს!
– ღმერთო მაღალო! რადგანაც ღირს მყავ ვიყო ბერი და ვიყო ქართველი, და საყევარი უღლისა ორგნითვე ჩემი საზიდი არის, რა დავაკელი ჩემ სამკალ ყანას?! ღმერთო მაღალო! იქნებ ცნობა ღვთისა და მცნებათა მისთა, იქნებ სწავლა ღვთაებისა და პატივისცემა შენი. იცი უფალო, არ ვზარობდი, მოუღალავად, გამოწვლილებით ვიძენდი ცოდნას, ღვთის მოშიში განკრძალებული მსახურებისა.იქნებ ასაკი უფალო, ოცდაცხრა წელი არ არის ბრძენის.
უფალო! – ხმამომაღლოდ შესძახა ბერმა.– რა ყოფილა იგივე ყოფადი და რაი ქმნადი იგივე ქმნული, თუ ერი ჩემი თავდაღწეული ბოროტებას, ბოროტებისკენ წავა!! ვიცი უფალო! შაქრის ლერწამივით უგემურია და ტკბილია ლერწმის შაქარივით ერი ჩემი და მწოვედ მიყვარს მე! 
გევედრები უფალო! შემაცან სიტყვა შენი რათა გადამირჩეს სული ერის! 
შენ, ძეო ღვთისა! ხორცითა სოფლად მოსულსა! დავედრებული გეხვეწები მომეც ნიშნება! 

      დიდხანს ელოდა ბერი, მაგრამ არ იყო არც ნიშანი და არც ხმა და მსჯავრი ღვთისა. ხესთან ჩამოჯდა ბერი. ზურგით მიეყრდნო ჯვარცმის ხეს და ცეცხლისგან მრავლად გამოკრთობილ ნაპერწკალს დაუწყო მზერა. 
... და მოხდა მერე დანახვება სინამდვილისა და უცილობელი წარმოჩინება აზრისა გონის.
– რას ეძებ ბერო? – გონში იკითხა ბერის ხმით აზრმა.
განკვირვებით და შიშით ფეხზე ასწრაფდა ბერი.“პერიპატოელი“ მოსწავლესავით დაიწყო სიარული რათა, ან მსწავლებელი, ან ხმა ეძებნა მისი. არც ჩვენება და არც ხმა არ იყო არსად.
– ფიქრი ვარ, ფიქრი... ტყუილად ირჯები იავბერო, ფიქრი ვარ საგონებელი! – ერთხანს გაშეშდა ბერი, მერე გონმოკრებილმა ჰკითხა მისსავე გონში შემძვრალ ფიქრს...
– რა გინდა ფიქრო?! 
– ეგებ გეფიქრა იავბერო... ვისაც ევედრები იქნებ არ არსებობს... და თუ არ არსებობს, მაშინ კაცი ხომ თავისუფალი იქნება... და როგორ ჰყვარებია თურმა შენ ერს თავისუფლება?! ჩადექი თავისუფლების სამსახურში იავბერო! შენ, სწავლება მიღებული, გამოადგები თავისუფლებას! 
...გულში ჩაფიქრდა იავბერი. – გულის ფიქრი კი სხვას ამბობს გონში შემძვრალო! – გულის პასუხი თქვა გულკარგახსნილმა ბერმა.
– მე ვარ მთავარი იავბერო!!!
– უგულოდ ფიქრი ხარის წველას გავს! და კაცი უღმერთოდ თავისუფალი, დედას ვერ არჩევს მისას როგორც ცხოველი!! წყეულიმც იყოს ვინც აცდუნოს ბრმაი გზასა!! როცა ნარს მოსპობ და დართავ ვინს, მაშინ ცოდნა ცოდვად გამოვა.მყრალ ჭურჭელში ჩასხმული მირონიც კი ცუდ სუნს მიიღებს მისგან! უღმერთოდ ცუდად მხმარებელი მეცნიერებისა, გარყვნის თავსაც და სხვასაც! 
...შენ ჩემში როგორ შემოხვედ?
– არ არის ერი და ბერი, მე რომ ვერ შევიდე ფიქრად!
– გულში თუ შედის, ჰკითხე იავბერო. – გულის ფიქრმა აკითხინა ბერს.
– გულში თუ შედიხარ ფიქრად შემსვლელო? – არ გასცა ხმა გონში შემძვრალმა ფიქრმა...
– გულში შედიხარ? – გაუმეორა იავბერმა. არ პასუხობდა ფიქრი, გაზაფხულის წვიმის ლანქერივით მოვარდნილი და აღარ იყო შიში, ზაფხულში წალანქერვისა, და არც მისი მდინარის დივილნი ლოდნაროვანსა კალაპოტს შორის.
– გულშია ღმერთი! იმიტომ ვერ შეხვალ ფიქრო ბოროტო!! – ...და იყო ნათელი იავბერისთვის, რომ კაცის გულშია სამოთხე მისი და ჯოჯოხეთი ორი მტკაველით იქვეა შენში!
– ბერო! ნერგია ჩაყრილი ახალი შენ ერში! – ისევ ისივლა ფიქრმა.
– არცა რაი, არც არცა დამნერგველი, არცა მომრწყველი, არამედ აღმომაცენებელი ღმერთი! სიმინდის ნაქერცვალია ეგ ახალი ნერგი! 
– ცოტა ხანში შენ ერში ბერიც აღარ იქნება იავბერო! 
– ვინც დაშთება, იგი იქმნება! და ქართული ეკლესიის ჩაუქრობელი ბუხარიც ზეზე იქნება, მისი ეროვნული სიყვარულით შემსჭვალული სულით და  დვრინით ქართველთა! გალობის თავხელმწიფე ბოხუმივით თქვა გულის ხმამ და აცხობდა ბედის პურს ბერისას.
– განუკვეთელია ჩემ ერში იგი, ვინც ასწავლა წესნი და ცნებანი და უხსნა წერითა და უწერელად... აწ შენ საჯე ფიქრო მძრომელო! 
– იავბერო! აღარც ხატი გაქვს, არც სახარება და აღარც მადლი იმ თქვენი მკლავის! – გველის კბილები ჩაარჭო ფიქრმა.
ბაზმა სანათი კანდელივით აენთო გული და არ მისცა გულის პასუხი ბერმა. გულის ზრახვა კი უფალმა იცის, დიდება უფალს! 


      ხესთან მივიდა იავბერი და ხეზე ასული დობილო ვაზივით მოეხვია ხეს, თითქო პატიება თხოვა, მერე ხანჯალი ამოიღო, ორივე ხელი ვადას მოუჭირა და ხანჯლის წელამდე ჩაარჭო ხეს.
– რას შვრები იავბერო? – ვერ მიხვდა გულის ზრახვას ფიქრი მძრომელი. ბერმა კი, პირს ჯვარი გადაწერა და მარცხენა ხელი ხანჯლის ვადას ჩასჭიდა, მარჯვენა ხელი კი ცხენკაცის გასაკვეთად მოიქნია და... განკვეთა კიდეც, დალაქის ნეშტარი იარაღივით საგვარეულო ხანჯალზე ასო ნასხამი გვამისა, მარჯვენა მისი. ცას ღაღადებდა ბერის სისხლის ხმა, მიწას კი სულთქმა მისი...
– შენ გაიმარჯვე გალილეველო! – იწივლა ფიქრმა და ამ სიტყვას იტყვის აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, გონიდან გამომძვრალი ბარდღალა მრავალფეხა ჭიასავით გაქცეული ფიქრი.

      არ ვიცი კაცი, გარდა ძე ღვთისა რაც ბერმა შესძლო მკითხველო ჩემო! ნაგვემ–ნაწამმა ნაკვერცხალთ ღველფით შეაჩერა დივილი სისხლის, მერე კი, მიჭირს ამის თქმა... მარცხენა ხელით, ხანჯლით გახვეწა მოჭრილი ხელის, ძვალთაგან ხორცი. ხოლო ხანჯალი მამა–პაპათგან დაშთენილი, რომელზეც ჯერ კიდევ არ იყო შემხმარი სისხლი, მიწას აჭამა. მერე,  ბერის კაბა გაიხადა და მიმქმელივით გულზე მიიკონა მისი მარჯვენა მკლავის ძვალი და წმინდა ნიკოლოზის ჩასასვენებელი შემოსაზღვუდვი ბაწარი, მარცხენა ხელით და კბილებით ტანზე გამოინასკვა.
      დედას უკანით მიმდევარი კუდბაწარა ყმასავით გაუყვა იავბერი ბინდბანდათ გამოჩენილ დილის სინათლეზე, ტაძრისკენ მიმავალ ბედიცხოველ გზას.
      ფრინველი ცისა, მერცხალი შენიშნა ბერმა, ცას მოეწვია პირველი მერცხალი,(ხალხის ძველი დაკვირვებით) მახარობელი მაცხოვრის ჩვენის მკვდრეთით აღდგომისა. 
      დიდება უფალს! თუ ღმერთი არა, საიდან იცის უცდომელად პირველმა მერცხალმა (რცხალი – განბანილი) აღდგომის მცოცავი დღისა და „მე განბანილი“ ჭიკჭიკით გვახარებს ყველას,
                                                                    ქრისტე აღსდგა!
                                                                    ქრისტე აღსდგა!
                                                                    ქრისტე აღსდგა!

      ტაძარში შევიდა იავბერი, ვერ  ამღები თავისა ზეჭვრეტად, არამედ თავქვეკიდებით მჭვრეტელი და მკლავი მისი, წმინდა ნიკოლოზის მკლავის ჩასასვენებელში ჩააბრძანა. უცბედმა ძალამ გუმბათის ყელში აახედინა, სადაც ჯვართ ამაღლების ხატება იყო გამოსახული და საუკუნეთა სიძველის გამო ჯვარის მარჯვენა მხარის ნაწილი უჩინო იყო. 
... და იავბერიც უჩინო გახდა ამა სოფლისთვის.



– დედა, დედიკო! არ ყოფილა მამა ომში დაკარგული! ეკლესიაში წმინდა ნიკოლოზის მკლავს შევეხე და მამას დაბრუნება ვთხოვე... – ვეღარ ითქვამდა სულს ათი– თორმეტი წლის ნინველი ბიჭი. – შეხედე დედა ვინ მოდის! მამა, ჩემი მამა!..


      წმინდაო ნიკოლოზ! მსწრაფლ შემწეო ყველას! მეოხჰყავ იავბერი, იწრო ბჭენი და გზა საჭირველი სარწმუნოებით განვლო,ეროვნული გულით შემსჭვალულმა, და შეიყვანოს იგი უფალმა დაუსრულებელსა სიხარულსა!
შენ კი ზევახ იავბერო! და ქართული სულის გადარჩენისთვის, მარად მზად კვლავ მკლავგასაწირად, ქართული ეკლესიის იავ ნანინა შენ!!


      „ნუ ამას ეძიებ მკითხველო თუ ვით არ იქმნებოდა ესე, არამედ იმას ცნობდი, თუ რა სარგებელი პოვის ამით მიერ!“

??????