ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)
გაზიარება

დედი, ვარსკვლავებს… 

დედი, ვარსკვლავებს გულში კითხულობ ისევ ბრაილის შრიფტით,

ამის თანახმად, ღრმა სიბნელეში მარტი თარიღებს ადგენს...

ქარი ტრიალებს და გაზაფხულზე მთელი სიბნელის შრით ფირს

იწერს, რომ მერე ერთად ვუყუროთ ციცქნა იების ნატკეპნს.

 

როგორც ადრე ვთქვი, კვლავინდებურად, მარტს აუწია სიცხემ,

სიცარიელე დაეპატრონა ჩემი ოთახის ფართობს

აქ, ჩემს სოფელში... გულის მაგივრად მკერდში სამყარო გიცემს,

მთელი სამყაროს მესაკუთრე ვარ, თუმცა სრულიად მარტო

 

დავრჩი და უკვე (ახირებაა) სასმელს მივყავარ სხვა გზით,

ცხოვრების ცეცხლში მუხის კუნძივით ბოლო ფერფლამდე ვიწვი!

ჩემი ცხოვრება არის ქაღალდზე ვერ გავლებული ხაზი,

ხოლო წარსული თითის სიღრმეში შემორჩენილი ხიწვი,

 

რომელიც სულის შეტოკებაზე ახალ ტკივილებს იწვევს!

დედი, ოცის ვარ, თუმცა ბავშვივით მსურს შენს კალთაში ვიწვე...

 

3 მარ. 2012 .

??????