კლდე და მდინარე
I
კლდეს შაეზღუდა ხეობა,
რაზეც მდინარე დიოდა, -
სალსა, ასპიტსა, დიდრონსა
ფერფლიც-კი არა სცვიოდა.
მდინარე უყეფს: “გზა მომეც,
კლდეო, გამიშვი წინაო;
აქ ქვა-ლოდებზე ხტომამა
ძალიან დამაშინაო...
მინდა, რომ ბარად ჩავიდე,
იქ მოვიპოვო ბინაო.
გამიშვი, შენი ჭირიმე,
აქ ყოფნა მომეწყინაო”.
და თან კლდის კალთას ეხვევა,
ხელ-ფეხს უკოცნის ზვიადსა,
ვით ბავშვი თავის დედასა,
ვედრებას ეტყვის ფრიადსა.
- “რას ამბობ, ცეტო? - კლდე ამბობს, -
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
მე მოვკვდე, შენ-კი იტლინკო,
სად თქმულა, რომელ მხარესა?!
როგორ კარგი რამ მირჩია,
უყურებთ გასახარებსა!”
ათასჯერ სთხოვა მდინარემ,
ათასჯერ ქუდი უხადა,
მაგრამ კლდემ ისევ და ისევ
თავისი გამოუცხადა.
მდინარე მაინც არ ტყდება,
თუმც ცდა მიუდის ცუდადა,
მაინც კლდეს ეალერსება,
გადიქცა კატის კნუტადა.
კლდე შუბლს არ იხსნის, მაღლიდან
მდინარეს დასცქერს მრუდადა,
- არ შეიძლება, - ბუტბუტებს, -
თუნდა გაიჭრა ხუთადა.
სხვა გზა მოსძებნე, სხვა მხარეს,
ნუ ამეთრიე კუდადა!..
ეს სთველში მოხდა, როცაა
წყალთა და ბალახთ მცირობა...
მდინარე იმედს არ ჰკარგავს,
შეუდრკელია გმირობა!..
მძიმე რამ ზამთარი იქნა
იმ წელს, - ორ ადლზე დათოვა;
გაზაფხულს ზვავმა მდინარეს
უხვად სინესტე აწოვა:
ჯაგარ-აშლილი მოგრგვინავს,
მთა და ბარს აქცევს ქოთითა;
კლდეს აღარ ეალერსება,
კარზე მიუხტა შფოთითა;
უტევს, აღადრის გულ-მკერდსა,
ვით ვეფხვი თვის მსხვერპლს ტოტითა.
კლდეზე ტალღები ტყლაშუნობს,
თითქოსა სცემდენ შოლტითა!
კლდე წარბს არ იხრის, იძახის:
“აბა რას მიზამთ, მოდითა!”
მდინარეც უკან არ იხევს,
მორჭმული სალტა-კოტითა:
“გამიშვი, თორო დაგანგრევ!” -
თან დაჰკიჟინებს ხმიანად,
და თითო დაკვრა ლახტისა
სჩანს კლდისა დამაზიანად.
ერთი თვის შემდეგ კლდე ბორგავს
და აღარ ამბობს ჭკვიანად!
გაჰხუნებია საჩერნე,
ჯაჭვ-მუზარადი ხმლიანად;
ლამის რომ გმირი დამარცხდეს
და გახდეს ოხერ-ტიალად, -
იქცეს მის ტყლაპად, სათელლად,
მის ტალღთა დასაყიალად.
II
მეხუთე კვირა შესრულდა
კლდის და მდინარის ბრძოლისა,
და საქმე მოხდა საგრძნობი
ცისა და მიწის შორისა:
კლდისა მოისმა ქვითინი,
მედგრად გაისმა ჯახანი,
წყალმა მეორე მხარესა
კლდისას გაიღო ჩქაფანი,
და გაიჭიმა ხევზედა,
როგორც გუთანში ჭაპანი,
ქედსა ასწია ამაყად,
შეათამაშა ფაფარი;
დოსტოღრივ მიდის უშიშრად,
არა სჭირდება ჩაფარი,
ანგრევს, რაც უშლის მგზავრობას,
დალეწა ყველა საფარი.
ნიშს უგებს კლდეს და მისძახის:
“შენი ბიჭობა სად არი?!”
ახალის სანახავითა
გაოცებულა მთა-ბარი.
გალაღებული ჭალაზე
მაიზლაზნება მღერითა;
საამო სანახავია
გამარჯვებულის ფერითა.
ხარობენ ის და ქვეყანა
ერთმანერთისა ცქერითა...
წავიდა, გაივაკევა,
ჰრწყავს და უმღერის ველებსა,
თან ატრიალებს ტალღებსა,
ვით მოთამაშე ხელებსა.
1899 წ.