ხვედელიძე ბესო
გაზიარება

ბრმების ქალაქი 

 

პლეხანოვზე დავნიშნეთ შეხვედრა. თუმცა არა. რა პლეხანოვზე... პლეხანოვზე მერე წავედით. თავიდან გამოფენის შესასვლელთან შევხვდით და შემდეგ იქიდან ფეხით. 
ხუთი წელი არ მენახა - მთელი ხუთწლედი. ის კიდევ ზუსტად ისეთი გამოცხადდა. ბეწოთიაც არ შეცვლილიყო: მიმოხვრა, ვარცხნილობა, ღიმილი, ცალ ლოყაზე ფოსო - ყველაფერი ძველებურად. თითქოს, აგერ გუშინ იყო ის მაშინდელი დღე, სულ ბოლოს, - რომ მესტუმრა და ჯაჭვიანი საათი დამიტოვა. 
"ეს შენ ჩემგან..." - ყოველთვის ჰქონდა მოძრაო ბებსა და გამოთქმაშიც რაღაც პროვინციული.
"ვა... რა მაგარია..." - ვთქვი მე მაშინ და საათი საწოლის თავზე მიჭედებულ ლურსმანზე დავკიდე.
"მანდ რა უნდა?" - გაუკვირდა გულწრფელად.
"აბა ბაბუაჩემი ხომ არ ვარ?" - დავაელამე თვალები და ჯიბეზე გამობმული ამდაგვარი საათით მართლაც ცხონებული ბაბუაჩემი დამიდგა თვალწინ. 
"რამდენ ხანში გაჩერდება?" - შევხედე კედელზე ჩამოკონწიალებულს.
"როცა ასეთი დაგავიწყდები..." - მიპასუხა ეშმაკურად და მეც გამიხარდა.
"ყოჩაღ!" - შევაქე. - "პოეტურია... აგითვისებია."
"უუფ!"
მაშინ მეტი საათზე აღარაფერი გვითქვამს. როგორც მერე გამიმხილა, მეორე თუ მესამე დილით მიემგზავრებოდა, ოღონდ ჯერ თვითონ არ იცოდა საით. ავტობუსს უნდა გაჰყოლოდა - თურქეთი-საბერძნეთი-გერმანია.
"სადმე ჩამოვხტები..."
"რა უნდა აკეთო?"
"თურქეთში - არ ვიცი..."
"საბერძნეთში?"
"საბერძნეთში ფორთოხლებს ახვევენ პარკებში."
გერმანია აღარ მიხსენებია, და ისიც წავიდა. წავიდა და მთელი ხუთი წელი არ გამოჩენილა. ის საათიც, მე ჩემი ბედის რა ვთქვი, მთელი ხუთი წელი არ გაჩერებულა. ვისაც არ ვეუბნებოდი, არავინ მიჯერებდა: "არ არსებობს... გვეკაიფები... ელემენტი დევს თუ წისქვილი?..." 
ჰოდა, აგერ, ზუსტად ხუთი წლის თავზე დარეკა რადიოში. ის სიმღერა უყვარდა: საიმონ- გარფანკელის - თჰე ბოხერ - ვიდრე წავიდოდა, სულ მაგას მთხოვდა ხოლმე. ახლაც არ ვიცი, რამ გამახსენა. კაი ხანი იქნებოდა, არ გამეშვა. გავუშვი თუ არა, ტელეფონიც შეთქმულივით აწკრიალდა. 
"აქა ვარ..." - ამდენი ხნის შემდეგ ეს მისი პირველი სიტყვები იყო, მაგრამ მაინც მაშინვე ვიცანი. ბევრიც არაფერი გვითქვამს: შევხვდეთ?... აუცილებლად... სად შევხვდეთ?... დიდუბეში?... მაშინ გამოფენის შესასვლელთან... როდის?... სამზე?... კაი...
"მტკვრისგაღმელთა რუსთა ვე ლი წერეთელია?" - ვეანგლე ძველებურად.
"უუფ!" - არც ის შეცვლილიყო.
ჰოდა, შევხვდით.
"როგორ გასუქებულხარ!" - ჩემს დანახვაზე მაშინვე უმრავლესობას დაემსგავსა. მერე თბილად გადამკოცნა და სხვებს ბოლომდე მაინც ვერ წაბაძა. "მაგრამ გიხდება..."
"დადიოდა..." - გამეფიქრა ჩემთვის და გავუყევით.
ათენზე მიყვებოდა. იქაურებზე. კუნძულებზე. ფეხბურთზე აფრენენო. თბილისს ტიფლოსს ეძახიან, რაც იქაურად ბრმების ქალაქს ნიშნავსო. რომ მკითხეს და ვუთხარი თბილისიდან ვარო, გაეცინათ - ბრმების ქალაქიდან თვალხილული როგორ ჩამოხვედიო.
"მერე ვერ ჩაარტყი?" - ვკითხე მე.
"ვისა?"
"პლატონას... ვინც ეგ გკითხა..."
"უუფ!"
მთელი წერეთლის გამზირი ფეხით გავიარეთ. სტადიონამდე რომ ვიწრო ქუჩაა, მუშტაიდთან რომ ჩადის, საცობი თუა, სამარშრუტო ტაქსები იქიდან რომ მიძვრებიან ხოლმე, იმას ჩავუ­ყევით.
"სად მივდივართ?" - მუშტაიდის მატარებელს რომ გავუსწორდით მერეღა მკითხა.  იქამდე რადიოს ამბებს იძიებდა: ის როგორ არის? ის რატომ წავიდა? ის ვის გაჰყვა? იმან ვინ მოიყვანა? - და ეგეთებს...
"თუ გინდა ვაგონში ჩავჯდეთ..." - მივუთითე მატარებელზე. 
"უუფ!" - ვერანაირი ათენი ამ "უუფ"-ს ვერ ამოუშლიდა. ასეც იყო. მივჟღურტულებდით. გავიარეთ სტადიონი. უკან მოვიტოვეთ მუსკომედია. მერე კინოსტუდია. კინოსტუდიის კაფესთან შევყოვნდით.
"აქა?" - შემეკითხა.
"არა..." - გადავაქნიე თავი. "აქ მოგონებები დამხვდებიან... სულ სხვაგან წამიღებენ..."
ბოზების ბირჟამ უხერხულად შეშმუშნა.
"ა თვალხილული ხალხი!" - მივუთითე და გზაჯვარედინი გადავჭერით. 
"ხომ არ დაიღალე?" - შევეკითხე სკოლასთან.
"სადმე დავჯდეთ რა..."
"კი".
კიდევ გავუყევით. უკვე საკუთარ თავზე ჭიკჭიკებდა. ვიღაც გიჟ ბებერ კაცს ვუვლიდიო. მისმა შვილებმა მიქირავეს, თვითონ ვერ უძლებდნენ, თან სხვაგან ცხოვრობდნენო. არანორმალური იყო ნამდვილი - როგორ გავჩერდი ხუთი წელი მეც არ ვიციო. ფაშისტი იყო დეგენერატი, სულ ჰიტლერ-გებელსების და გესტაპოს სურათებით ჰქონდა თავისი ოთახი სავსეო. მთელი დღე ფაშისტურ მუნდირში დაღოღიალობდა და რაღაცეებს ხაოდაო.
"საბერძნეთში კი არა, დაო, სრულმეტრაჟიან კინოში ყოფილხარ." - გამეღიმა მე.
"ნევროზი ამკიდა... მე ჩემი ოთახი მქონდა... შუაღამით, ჩუმად შემოდიოდა ხოლმე იმ მუნდირში და ხელგაწვდილი თავზე დამხაოდა - ჰაილ, ჰიტლერრ!!"
"მაგარია!!"
"აბა შენ გიკეთოს ეგეთები ვინმემ ხუთი წელი, თან ყოველ შუაღამეს..."
"მერე კარი ვერ დაკეტე?"
"არ იყო გასაღები."
"მაშინ გაქცეულიყავი..."
"კარგად რო მიხდიდნენ?"
"დაგებრიდა, მაგის დებილი დედაც!... სახლი გაგესუფთავებინა და იალა იქით, ან აქეთ."
"უუფ!... პასპორტი შვილებს ქონდათ..."
კინოს გავცდით. კარგარეთელის ბაღსაც. მერე ძველ ფილარმონიას. კბილის კლინიკამდე საუბრით მივედით.
"ამდენი ათენში არ მივლია ფეხით..." - გამომხედა გაწამებული სახით.
"ფაეტონს დაჰყავდი?"
"ავტობუსს."
"აი მოვედით." - ვთქვი მე და შუშის კარი შევაღე. "ახალი გახსნილია... ანუ, უსუნო ყვავილივითაა... ჯერ."
შევედით. ჩვენი რადიო ჰქონდათ ჩართული და გაეხარდა. ჩამოვჯექით. 
"დავლიოთ?" - შევეკითხე.
"მშია."
"მაშინ ვჭამოთ, თან დავლიოთ და ბრმების ქალაქიც აშენდება... "
თავი დამიქნია და შევუკვეთეთ.
"ახლა შენ მითხარი რაღაცეები..." - ჩამაცქერდა თვალებში, თან მანტო გაიხადა და გვერდით მოიდო. "შეეშვი მელნის ხარჯვას?"
"შევეშვი რა, ქალია?..."
სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
"რომანებზე რომ უნდა გადასულიყავი?"
"ვცდილობთ..." - ამოვიოხრე საწყლად. "თან აღარც ვიცი... მკითხველიც გაიაფდა დროსავით... ამასწინებზე ერთმა მითხრა, დიდ რაღაცეებს რაღა წამაკითხებს - სადღა მაქვს მაგის დროვო..."
"შენც პატარა რომანები წერე..." - რგოლი გამოუშვა, მერე სული შეუბერა და გააქრო. 
"პაწაწინა რომანები." - ვთქვი ჩემთვის და თითებზე დავიხედე.
"აი,  ჩემზე და შენზე მაგალითად..."
გამეღიმა და თვალი თვალში გავუყარე.
"საბაბები როა ცოტა?"
"ეგ რას ნიშნავს?" - შეკრა წარბი. ამ დროს მიმტანმა მაგიდაზე შეფიფქული ბოთლი დადგა.
"აგერ, მაგალითად, - აიღე ეს ბოთლი, გადამამსხვრიე... და საბაბიც იქნება..." - ავუხსენი იოლად.
"უუფ!"
ბოთლი გავხსენი და ჩამოვასხი.
"სადღეგრძელოები თუ იციან?" - დავეკითხე და ჭიქა ავწიე.
"ვინა? იმათ?" - შემეკითხა და ჩაიღიმა. "ჩვენზე ნაკლებები კი არ არიან?"
"მაშ მოდი, დაო, საბერძნეთიდან ჩამობრძანებულ პირველ და უკანასკნელ დაბრძენებულ არაბერძენს გაუმარჯოს!" - ვთქვი და ჭიქა მივუჭახუნე.
მომტანი არ ისვენებდა. მოჰქონდა და მოჰქონდა. ერთი პირობა გამეფიქრა, რამე ხომ არ შეეშალათ-მეთქი, თუმც მალევე მივხვდი - მთელი ჩვენი შენაკვეთი სანოვაგე ორად გაენაწილებინათ, ცალ-ცალკე თეფშებზე დაეწყოთ და ისე გვაწვდიდნენ. 
"ახალი წესები?" - გაუკვირდა იმას. ცოტა ხანში ისე ჩანდა, თითქოს სუფრა სულ გადავსებული გვქონდა.  
"სუფრა არის აქაური ყველაფერი..." - ვყვებოდი მე. "სუფრა არის აქაური ანი და ჰოე - ყველა საიდუმლო რაც კი აქაა, დევს აქაურ სუფრაში!..."
"უუფ!"
"რატომ?"
"შენ რა პატრიოტი გამხდარხარ!"
ნელ-ნელა როლებს ვცვლიდით. უკვე მე ვუყვებოდი და ის მისმენდა. ადრეც ეგრე იცოდა - დამაწყებინებდა ლაპარაკს და გზაში ერთს არ შემეკითხებოდა რამეს, არ გამაჩერებდა, ვიდრე ქანცს არ გამაძრობდა. ახლაც მხოლოდ ისევ იმ ძველებური - "უუფ"-ით თუ მაყოვნებდა, ისიც ხანდახან.
"კიდევ გაქვს ღამე?... გახსოვს რომ დავრჩით?... რა ლამაზი იყო..." - მახსენებდა მერე, ლაპარაკისგან მისავათებულს, სადღაც ექვსი წლის წინანდელს. 
მაშინ რადიოში მთელი ღამით დარჩა. სულ ახალი გაცნობილი მყავდა. დარჩა და სიმღერებს ვუშვებდით. თან ნებისმიერ წვრილმანზე ისეთი სერიოზული სახით ვმსჯელობდით, თითქოს ნიშანს გვიწერდნენ და დილამდე ეგრე. გარიჟრაჟზე კიდევ, სახურავზე ვიდექით და მზის ამოსვლას ვუყურებდით. დილის სიო თმას უწეწავდა. თმის ბოლოები სახეზე მელამუნებოდა და მსიამოვნებდა.
"ყველაზე ძალიან მსოფლიოში მე მიყვარს მზე!" - გამოაცხადა მაშინ ხმამაღლა.
მერე უკვე ქუჩაშიც შევხვდით. ორჯერ კინოშიც ვიყავით და მე ორივეჯერ ვერაფერი გავუგე ფილმს. სიუჟეტს ვერ ვიჭერდი. თავიდან გამეფიქრა, ზერელედ ვუყურებ-მეთქი და ყურადღებას ვძაბავდი, მაგრამ მაინც არაფერი გამომდიოდა. რატომ? - ამას მაშინ ვერაფრით ვხვდებოდი. 
მოგონებებში კიდევ ბევრი რამე იყო. და მაინც, ძირითადად სიარული: აქა და იქა, იქა და აქა... აღარაფერი დავტოვეთ მოუნახულებელი. ყველგან ერთად. ხელკავი და ეგრე.
 "ნახე ზეედორფმა რა ითამაშა?..." - დაიწყო სულ პირველად ვაკის პარკში.
"ვა..." - გამიკვირდა მაშინ გულწრფელად. "შენ საიდან - ზეედორფი?..."
"ვუყურებ ხოლმე..."
"ვა..." - ვთქვი კიდევ ერთხელ. მაშინ წამომცდა, გოგოდ რომ გავჩენილიყავი, ალბათ შენნაირი ვიქნებოდი-მეთქი და შევატყე - ძალიან გაუხარდა. იმ დღეს სულ სხვანაირ ხასიათზე იყო. ფიქრს მიჰყავდა. მერე უცებ მოცოცხლდებოდა ხოლმე. 
მოგონებები მართლაც მრავალნაირი იყო. ჩვენც მივედ-მოვედეთ. ორ საათს მაინც ვისხედით. მე ოდნავ შევთვერი. ის კიდევ მხოლოდ წრუპავდა, ადრინდელივით, და უკვე მერამდენედ მამეორებინებდა:
"არაყს სვამენ ყლუპებით, გოგო!... რას წრუპავ აქ?! ჭიქა არაყი, მთელი ცხოვრებაა გიხსნი, რომ ისმება ერთ... ერთ ცალ ყლუპში, ლუდი - ორში, ღვინო - სამში..."
"აი შამპანური კი..." - ჩაურთო უცებ ჩემივე სათქმელი და გაიცინა.
"აი შამპანური კი..." - ნელა გავიმეორე ღიმილით. "წრუ-პვით!" - და ბოლო ჭიქა ჩამოვასხი. "ამის მერე რა ვქნათ?... - ავხედე თან კედლის საათს. "ახლა არ თქვა, არ მცალიაო?"
თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია.
"ჰოდა, ავდივართ ჩემთან..." - ავწიე ჭიქა და თვალი ჩავუკარი. "ანუ, სცენა შეუმდგარი ფილმიდან - უძღები ქალიშვილის დაბრუნება..."
"სადმე სხვაგან რო?..." - გაიქნია თავი გაურკვეველი მიმართულებით. "რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ..."
"გიდიც გინდა გამხადო?" - მოვ ჭუტე ცალი თვალი. "ვერ ეღირსები1... ჯერ ჩემთან! ყავა, რამე, და საღამოს უკან... კინოს სახლში ხომ გინდა?... ფესტივალია..."
"მინდა." - დამიქნია თავი მხიარულად და ჭიქა მომიჭახუნა. "ვისა ესე იგი?"
"ბრმებს, ყრუებს და მუნჯებს."
"უუფ!"
დავლიეთ და მალევე გამოვედით. ძველებურად ხელკავი გამოვდე. გზაში ისევ ბერძნებზე მიყვებოდა. ძალიან ხმაურიანები არიან, ამიტომ ყველა "ნაუშნიკებით" დადის, მუსიკას უსმენს, იქაურმა ქუჩის ღრიანცელმა რომ არ შეაწუხოსო.
"ჩვენზე მაგრა ყაყანებენ?..." - გამიკვირდა მე და მანაც პასუხად დამცინავად შემომხედა.
"თბილისი კურორტი და სანატორიუმია, ძმაო... "
სახლში არავინ დაგვხვდა. სამზარეულოს ეტყობოდა, დეასთვის დაქალებს მოეკითხათ და სახლში რაღა გააჩერებდა. როგორც კი შევედით, ჰაერი ღრმად შეისუნთქა და გაუხარდა.
"უი, ეს სუნი მე ვიცი!!..."
"სუნი?" - შევწუხდი მე. "რა სუნი?"
"შენი სახლის სუნი, იგივე შენი სუნია." - თქვა და მანტო გაიხადა. ჩამოვართვი, საკიდზე ჩამოვკიდე და ჩემს ოთახში შევედით. ამ ხუთი წლის განმავლობაში ბევრი არაფერი იყო შეცვლილი. ერთადერთი - ტახტი იდგა ფანჯარასთან. იმას კიდევ, შემოაბიჯა თუ არა ოთახში, თვალი უმალ ჯაჭვიანი სა ა თისკენ გაექცა. თავის ადგილას რომ დაინახა, გაეღიმა.
"როგორაა?" - გამომხედა მორცხვად.
"დღეს გაჩერდა" - გავუმხილე ამაყად.
"უუფ"...
"გეუბნები..."
"რანაირად?"
"კარგად... სხვებსაც არ ჯეროდათ... გვატყუებო... ელემენტებს უცვლიო..."
"ისევ ისინი უდგას?" - გაუკვირდა უცებ გულწრფელად და სახეზე უცნაურმა ფერმა დაურბინა.
"მე არ გამომიცვლია და..." - ავიჩეჩე მხრები. საწოლთან მისულმა ხელი სწრაფად გაიწოდა და ლურსმნიდან საათი ჩამოხსნა. მე მაგნიტოფონთან მივედი, მუსიკა ჩავრთე და მივუტრიალდი. საათი ისევ ხელში ეჭირა, ამოეტრიალებინა და ფრჩხილით  უკანა სარქველის წაძრობას ცდილობდა.
"ფრჩხილი მოგტყდება!" - გავაფრთხილე და თაროდან ლანცეტი ჩამოვიღე. 
გამომართვა და სარქველიც უცებ წააძრო. იქიდან უეცრად რაღაც პატარა ქაღალდი გადმოვარდა და ვიდრე ძირს დაეცემოდა, მოასწრო - ჰაერში დაიჭირა.
"ეგ რაღაა?" - შევეკითხე გაფაციცებით.
"არაფერი." - მითხრა თითქოს უდარდელად, მაგრამ ხმაში მაინც უცნაური თრთოლვა შევნიშნე.
"მოიტა აბა... ვნახოთ..." გავუწოდე ხელი. 
იმან კიდევ ქაღალდი უცებ მოჭმუჭნა და ფანჯრიდან ეზოში გადაუძახა.
"რატო არ მანახე?" - გავბრაზდი მე.
"აღარაა საჭირო."
"რა აღარაა საჭირო?"
შუა ოთახში პირისპირ ვიდექით და ერთმანეთს თვალებში შევყურებდით.
"შენი ჩადებული იყო!!" - დავეჭვდი მე.
"უუფ.." - გაიმეორა თავისი საყვარელი შორისდებული და სავარძელში ჩაჯდა. მერე ელემენტები ხელისგულებზე გადმოიფერთხა და დააცქერდა.
"ესენი და ხუთი წელი?"
მე ისევ მხრები ავიჩეჩე და მეორე სავარძელში ჩავეშვი.
"ეგენი, ეგენი..." დავუქნიე მერე თავი და მუხლისთავიდან მტვერი გადავიფერთხე. "აგე, შენც არ გჯერა..." 
"იგივეები კია..." - თქვა კაი ხნის ფიქრის შემდეგ. "...ბაზრობაზე ვიყიდე მაშინ..."
"ყველაფერი გახსოვს..." - დავუქნიე თითი. ელემენტები ისევ უკან ჩააწყო და საათს სარქველი მოარგო. მერე ყურთან მიიტანა და მიუგდო.
"არ მუშაობს." - თქვა მოწყენილმა.
"დილით გაჩერდა-მეთქი... რადიოში წასვლამდე..."
"ესე იგი..." - დაიწყო და შეყოვნდა.
"რა ესე იგი?"
"ყველაფერი მორჩა?" 
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.
"ანუ თავიდან იწყება..." - დავამშვიდე იქვე. "მეორე სერია... ისეთი მაინც აღარ მახსოვხარ და... თან საბაბიც მაქვს..." - მივუთითე გაჩერებულ საათზე. თავი მორცხვად დახარა და ფრჩხილებზე დაიხედა. მერე თითები ერთმანეთზე დაიტოლა და მათი ჭრილებიდან გამოიჭყიტა.
რვამდე  გაუჩერებლად ვქაქანებდით - ხან ის: საბერძნეთზე და ხანაც მე: - აქაურობაზე. ფეხბურთიც მოვიკითხეთ ტრადიციულად 
"ყომარობდი?" - შევეკითხე ცალი თვალის მოჭუტვით.
"ისე რა..."
"იგებდი?"
"ერთხელ მოვიგე... ბოლოს... ბევრი."
"რამდენი?" 
"თორმეტი ათას ხუთასი."
"რამდენი?" - მოულოდნელობისგან უზარმაზარი ნერწყვი გადავყლაპე.
"მაგიტომ ჩამოვედი..."
"ეგეთი რა იყო?"
"პირდაპირ დავდე ათასი დოლარი..."
"მდაა..." - გამიკვირდა მე.
"სიზმარი ვნახე... ყავისფერი ვირთხები ესეოდნენ მკვდარ, ზოლებიან კატას... გახრწნილს... თითქმის დანაქუცებულს... "
"მეტი რაღა გინდოდა..."
"ჩვენების გავარდნაზე "ტირანასთან"... მეორე თამაშის წინ. შემდეგ წრეში გასვლაზე. თორმეტი და ხუთი ჰქონდა "ტირანას".
"გიჟი ხარ... მერე?"
"ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი... გულზე..."
"სადა?"
გულისკენ ჩაიხედა. 
"მანკის ნიშნებიაო, მითხრეს..." - თქვა მერე და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. კაი ხანს ვდუმდით. მერე დეა მოვიდა თავისიანებთან ერთად და ჩვენც დავიძარით. 
კიბეები ჩუმად ჩავიარეთ. ეზოში გასვლისას შევხედე და გავჩერდი. ისიც შეჩერდა.
"რაო?" - შემეკითხა ნაღვლიანად.
"მითხარი რა ეწერა?" - შფოთი მედგა ხმაში მე.
"სად?"
"იმ ფურცელზე!"
"არაფერი."
"მითხარი!!"
"მაინც ვერ დაინახავდი."
"ვერ დავინახავდი?"
ეშმაკურად გამიღიმა და თვალებში შემომცინა. 
"შენ ხომ ბრმა ხარ!" - თქვა და ეზო დან გავიდა. ავედევნე.
"ბრმაცა ხარ და უარესიც!... მითხარი-მეთქი!!" - მოვკიდე ხელი მხარში და შევაჩერე.
თვალი თვალში გამიყარა.
"გითხრა?" - დამეკითხა მერე.
"უნდა მითხრა, აბა არ უნდა მითხრა?... ჩვენ ხომ მაინც ყველაფერს თავიდან ვიწყებთ..."
"უუფ..."
"მიდი-მიდი... რა ეწერა?" - შევა გულიანე მე. და იმანაც უცებ თქვა:
"ის, რაც მაგ საათს მთელი ხუთი წელიწადი ამუშავებდა."
უკვე ბინდდებოდა. ქუჩაში ხალხი თითქმის არ იყო. კინომდე ხმა აღარ ამოგვიღია. თითქოს ბოლომდე ვიყავით დაცლილები, დამჯდარები - აიმ ელემენტებივით. არც მახსოვს, როგორ და რა გზით მივედით. 
იქ კი, ჩვენს ჯინაზე, მაინცდამაინც რაღაც ახალი ბერძნული ფილმი გადიოდა. 
"გვეჩალიჩებიან." - გამოვთქვი ვარაუდი და პირჯვარი გადავიწერე. 
გაეღიმა და რიგში ჩავდექით.
"შენ გგონია, მე ვერ ვხედავ მზეს?" - შევეკითხე დარბაზში შესვლისას. 
უცნაურად შემომხედა. მერე ხელებზე დამხედა. ხელში ბილეთები მეჭირა.
"რომელი ადგილებია?"
"ბოლო რიგის სულ იქითა კუთხე..."
"მართლა?..."
უკნიდან ხალხის ნიაღვარი გვაწვებოდა და ჩვენც ნელ-ნელა სწორედ ბოლო რიგის გასწვრივ აღმოვჩნდით. ჩვენს ადგილებს ხელისგულებჩაჭიდებულებმა ვუწიეთ და უცებ დავჯექით. 
"რა ცხელი ხელისგული გაქვს..." - შევხედე მე.
"არა მხოლოდ..." - მითხრა და ამ დროს სინათლეც ჩააქრეს.
ვიდრე ტიტრები იწერებოდა, პირი ყურთან მივუტანე.
"ხომ არ გვეკოცნავა?" - შევეკითხე და მისკენ გავიწიე.
"სიბნელეში რას დამინახავ?" - ამყვა ისიც ღიმილით.
"მართლა ბრმა კი არ ვარ!" - გავიმართლე თავი. - "შენ კი გხედავ..."
"ხატიასავით... და მაინც საბაბები გჭირდება, არა?" - ჩამჩურჩულა ყურში და ჩემს თანხმობას არ დაელოდა, ისე მაკოცა.
"აკი, უნდა დამვიწყებოდი?" - ჩავჩურჩულე მე.
"წესით." - დააქნია თავი.
"ეგ რომელი წესით?"
მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთხელ მაკოცა.
"აწი რომელი მანკი მომერევა..." - დააქნია მერე თავი და დავინახე, როგორ ჩამოუგორდა ლოყაზე ცალი ცრემლი.
"ვერანაირი..." - ვაკოცე სველ ლოყაზე და მთელი ძალით მივიხუტე.
აშკარა იყო, ჩვენს გარდა კიდევ ვიღაც ერია ამ ურთიერთობაში - ჩვენზე ბევრად მეტი და ძალიან საჭირო: ყველაფერს ერთი ხელის მოსმით რომ ამჭვირვალებს ხოლმე და შემთხვევითი დამთხვევებით ხუნძლავს ცხოვრების ყოველ ჩქამს. 
თან გულებიც ერთნაირად გვიცემდა. თვალებიც ხომ ერთნაირად დაჭყეტილი გვქონდა. ყველაფერსაც ირგვლივ - ერთმანეთით დაწყებული და ასევე ერთმანეთით დასრულებული, უკვე ზედმეტად კარგად ვხედავდით და ვგრძნობდით. 
ბოლო-ბოლო, ეკრანზეც ხომ მაინცდამაინც ახალი ბერძნული კინო-ფილმი გადიოდა.

 

??????