რთველი
უნდა მიხვდე, შენ უნდა მიხვდე, რომ არაფერი შეიცვლება,
აქ ყველაფერს რახანია სახელი ჰქვია-
და ეს სახელი საკუთარია,
მირონცხებული...
ყველა მცდელობა უდრის ახალ გარდაცვალებას,-
უნდა ჩამოვდგეთ ჯოჯოხეთის დახურულ კართან
და დაველოდოთ-
მე ფოთლებივით ჩამომცვივა მკრთალი ხელები.
უმწეობისგან არა -
თითქმის შემოდგომაა.
არ მოგატყუოს ზაფხულივით ცხელმა დღეებმა-
არ მოგაცდინოს. მე პირამდე ავსებულ გოდორს
აგკიდებ ზურგზე - გაათრიე გასასვლელისკენ.
მე სადმე ჩუმად მოვინიშნავ:
რთველი დაიწყო!
შაბიამნისფრად შემეღება თეთრი თითები-
თითისწვერებზე ავიწიე და ცას შევეხე.
დაღლილ მუხლებზე დავიჩოქე, ცეცხლი ავანთე-
ბუტბუტით კაჟი გავაკვესე. მერე მეხივით
მზე ჩამოვარდა და მუცელზე ჩამომეწურა.
უნდა მიხვდე, შენ უნდა მიხვდე, რომ აღარაფერს ეშველება-
რთველი გრძელდება,
ჩამოკრიფე ფრთხილად მტევნები.
მერე წალამი გადაკაფე - ჩემი მკლავები.
უკვე დავმწიფდი და სხეულში ვეღარ ვეტევი,
ყელთან ავდივარ და მგონია, რომ თავს მოვიკლავ
და სუნთქვაშეკრულს არაფერი არ მეტკიება-
მხოლოდ ფოთლები ჩამომცვივა ყველა ღეროდან
და გავშიშვლდები შემოდგომა შუა ზაფხულში,
რადგან შემეხე და მე უკვე აღარ მჯეროდა,
რომ არსებობა ამ მიწაზე პირობითია-
როცა მიჰყვები სხვის ვენახებს მორჩილ ცხვარივით,
როცა თვალებში არეკლილი მწყემსი ორდება,
და ვერ იხსენებ, რომელია
შენი ტანიდან,
მწიფე მარცვლებით რომ აავსო ხმელი გოდორი,
ზურგზე მოიგდო, გაეშურა გასასვლელისკენ,
გაიჭრიალა კარმა და შენ ნაშალ კედელზე
ძველი წარწერა ხელის ერთი მოსმით წაშალე-
რთველი დამთავრდა.
უნდა მიხვდე, შენ უნდა მიხვდე, რომ ყველაფერი გავიხსენეთ-
უკვე ვიდექით,
შენ-
გამოწვდილი ჩემსკენ მტევნებით,
მე-
თავდახრილი
და ვიცოდით-
არაფერი შეიცვლებოდა