Casuelle
ქარს მზე გადასცდა სასულეში,
(თბილად გაცვია, იმედია).
უშენო დილა - სისულელე.
უშენოდ - მოვედ-მივედები
სახელებს, ქუჩებს, მისალმებებს,
ღიმილს, ეტიკეტს... რახანია,
ეს ფორმალობა მიმსუბუქებს
და წყალში გახსნილ სახამებლის
გემო აქვს დღეებს, გამჭვირვალე,
ვსვამ და - ტუჩებზე ილექება...
ქარი ანჯამებს აჭრიალებს,
შენსკენ სავალი ბილიკების,
გზას რომ კარივით დაეკიდა...
და როგორც შენი მოფერება,
ტანში მაციებს მოლოდინი
და დღეებს მივედ-მოვედები.