ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს
ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს,
ალბათ ბავშვივით ხელში ავიყვან,
გვერძე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ.
გაზაფხული კი გზა და გზა დაღვრის,
ყაყაჩოებით სავსე ფიალებს,
მერე რამდენი ფოთოლიც არის,
ქარში იმდენად გაიშრიალებს.
როცა შევატყობ კვირტებს სიმწიფეს,
და დაეშვება ნისლი ფარდებად,
ირგვლივ რამდენი ბარტყიც ჟივჟივებს,
ტოტზე იმდენჯერ შეფრთხიალდება.
შეაცოცდება ბელტებს მინდვრებად,
ცას გადაუფრენს მტრედის გუნდებად,
შაშვს გალობაში შეეჯიბრება,
წეროებს მწკრივში ამოუდგება.
ყველა ბუდიდან ამოფრინდება,
დაბურულ ტყეებს შეეხიზნება,
და ჩვენს გულებში დანაწილდება
ამურის ტკბილ და მტანჯველ სიმღერად.
გვერძე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ,
ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს,
თოთო ბავშვივით ხელში ავიყვან...