ჩემი ზამთარი
თითქოს ვეჩვევი მღვრიე ქარ-წვიმებს
და მინავლული ცეცხლის ღადარი
აღარ მათბობს და აღარ მამშვიდებს...
თითქოს სხეულში გული მაქვს ორი,
ერთი მომყვება მკერდში მორჩილად,
ხოლო მეორე სტრიქონებს შორის
მათხოვარივით ჩამოძონძილა.
საკუთარ სუნთქვას ვეღარ ვერევი
და დამარცხებულს ახლა სრულებით,
თითები, როგორც ჩალის ღერები,
ისე მიჭირავს ხელის გულებით...
გაზომილია დრო და მანძილი,
ქარი კითხულობს უკვე განაჩენს
და ბწკარებს შორის ფიქრით დაღლილი
კალამს ვეყრდნობი,როგორც ყავარჯენს...