მიწიშვილი ნიკოლო
გაზიარება

ფანტასტიკური ქორწინება 

დაიწვა ვნება და ჩემი სული
გააქალაქეს,ვით რესტორანი,
უიმედობამ ფიქრი დასწურა
და სულიწმიდად დამდევს ყორანი,

მაგრამ ფერწასულ დღეთა ლოცვაში
მალე გაქრება სიცოცხლის ტრფობა,
მეც შენთან მოვალ და გაციებულს
გადაგეხვევი,როგორც ობობა.

თითქოს განმზადილს ჯვარდასაწერად,
სამარადისო კოცნით დალორწილს,
გვერდს დაგიდგები და ფანტასტიკურს
მე გადაგიხდი საფლავში ქორწილს.

და შენი გიჟი ატორტმანება
გადააგორებს საფლავის ლოდებს.
ჩვენ ერთად შევქმნით მეორე კანას,
ქრისტეს ქიშპობაც რომ მოგველოდეს.

და ყოველ წლობით ,თეთრ დეკემბერში
თვე მე და შენი გარდაცვალების
იქნება მესსა ანთებულ ვნების,
ჩვენი უხორცო ძვალთა წვალების.

ამ დროს მოუსწრებს სოფლად დღეობა,
ვნება ასტეხავს იქ გოგო-ბიჭებს
და საფლავებზე მოხუცი მღვდელიც
ჯვარგადასხნილი გადააბიჯებს.

??????