გაბაიძე გიორგი
გაზიარება

ქართველი პოეტი 

(ეძღვნება ზურაბ გორგილაძეს)

რასაც ვწერდი ვიწამე, ხალხს გავანდე გულისთქმა,
ვწერე სულის ნაშანთი, განცდით ნაიარევი,
ამან რა გაისაზრა, იმან რა იგულისხმა,
ყველა გამსვლელს გულიდან ღია დარჩა კარები.


მე ულევი ცის ნამით, შემოდგომის თვალებში,
შევეფეთე ქარიშხალს, გაზაფხულის მახვილით,
ბევრი ცდილობს გამბანგოს, მდორე სისხლით გამლეშოს,
ყველა ყალბი მხედარი ცდილობს მომდოს აღვირი!

ძველებურად ქარიშხალს ვეღარ შევეფეთები,
როცა გაისვრ-გასვრიან უბრალო კაცს ფუნჯივით,
ახლა გაშრა ქაღალდზე ლურჯი ცრემლის წვეთები,
ცისარტყელაც ნახატზე უფერობას უჩივის.


როცა მუხტი არ არის პულსის ყოველ ფეთქვაზე,
თვალის ყოველ გახელას თუ არ ახლავს ნაკვესი,
(როცა კაცის კაცობა იზომება ხელფასით,
არა მისი ცხოვრების ნაღვაწით და ნათესით.)


მაგრამ მტკივა მაშინაც, როცა მძინავს უსულოდ,
მღვიძარს გული სავსე მაქვს _ სისხლით, რწმენით იმედით,
ვარ ქართველი პოეტი, უხელფასოდ, უფულოდ,
ღმერთთან გულის სიწრფელით, ბევრზე ადრე მივედი.

??????