აბუსელიძე როინ
გაზიარება

შენ იტყვი 

შენ იტყვი ერთ დღეს - ლექსი ყელში როგორ ამოგდის,
პოეტის ცოლიც რომ დაგერქვას რთული ყოფილა,
ჩემს ყველა სტრიქონს დაიფერთხავ იმ საღამოთი
და ცივ ლოგინში შემოწვები ლექსიშობილა.

შენ იტყვი ერთ დღეს, რომ მოგბეზრდა იყო ბინაში,
სადაც ყოველთვის რეალობა არის მორიგი -
მუდამ მეგობრებს ველოდები... და ჩემს ჯინაზე
მოწევ სიგარეტს, ხოლო დილით კარეს მოირგებ.

შენ იტყვი ერთ დღეს, რომ უბრალოდ აღარ გიყვარვარ,
რომ ჩვენ ბავშვები აღარ გვქვია, რომ ვართ დიდები,
დაძინებისას შუქს ჩააქრობ, მთხოვ - არ გიყურო
და ჩემს წინაშე შიშვლად გავლა მოგერიდება.

შენ იტყვი ერთ დღეს, გაკვირვებით, როგორ გაძელი
ამდენი წელი, ან წამები როგორ ითვალე
ერთად ყოფნისა, გადაყლაპავ აბებს საძილე
და სულ ფეხებზე დაიკიდებ ჩემს რთულ სიმთვრალეს.

შენ იტყვი ერთ დღეს, რომ სამსახურს თუ არ ვიშოვი
წახვალ, არ ძალგიძს უკვე მსგავსი ტვირთის ტარება,
ნათქვამს პირველად დაიფიცებ ხატთან ღვთისმშობლის
ხმა კი ტირილით იმ დღეს აღარ გაგებზარება.

შენ იტყვი ერთ დღეს, რომ ღალატშიც ბევრჯერ მამხილე,
აღარ მსურს ერთად რომ ვცხოვრობდეთ - ესეც შენი თქმით,
მაგრამ ოდესმე ამ ლექსს ალბათ კიდევ იხილავ
და მაშინ - მე რომ არ მიყვარდი - მაგას ვერ იტყვი!...

??????