აბუსელიძე როინ
გაზიარება

იქიდან 

და რა ცუდია როცა გრძნობას გაუდის ყავლი,
რაღა სიხარულს - შეგუებულ ტკივილსაც ვერ ვთმობ,
ვერაფერს ვშველი ერთფეროვნად რთულსა და ჩავლილ
წუთებს და შემდეგ, მხოლოდ შემდეგ გიხსენებ ღმერთო.
მონასტრის ძალაც მონასტერში იგრძნობა მხოლოდ,
დროდადრო გკვებავს სულიერად ციური სარჩო,
გამოაქვს შემდეგ სხეულიდან ეშმაკის სოლო -
წვიმიან დღეს და განდეგილის ლოცვაში ახრჩობს.
მე აქ ვიგონებ ჩემს მომავალს ჩვეული ურვით,
გიგონებ შენც და უამრავჯერ წარმოთქმულ სიტყვას,
შემდეგ კი სული ვეღარ იტევს ხორციელ სურვილს
და მაშინ ვხვდები - ერთმანეთი დროებით გვიყვარს
და რა ცუდია რომ ამ გრძნობას ეთმობა წლები,
როცა წერტილი ამ ყველაფრის მხოლოდ წუთია,
როდესაც ერთად - მარტოდმარტო ფოტოში ვრჩებით,
როდესაც კარგად გვახსენდება... და რა ცუდია!...

??????