რასიომონის კარიბჭე
ეს ამბავი ასე მოხდა: ერთხელ, საღამოს პირზე, ვინმე მსახური რასიომონის კარიბჭის ქვეშ წვიმას შეჰფარვოდა და გადადარებას უცდიდა.
ფართო კარიბჭეში არავინ იყო მის გარდა. მარტო ერთი ჭრიჭინა იჯდა მსხვილ, მრგვალ სვეტზე, ალაგ-ალაგ რომ გადასცლოდა წითელი ლაქი. რაკი რასიომონის კარიბჭე სუძაკუს ხალხმრავალ ქუჩაზეა აღმართული, მის ქვშ იტიმეგასათი თუ მომიებოსით თავშემკულ ბარე რამდენიმე ქალსა და ჯეელ კაცს შეეძლო წვიმაში გადაყუდება. არადა, მსახურის მეტი არავინ იყო.
ეს იმით აიხსნებოდა, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში კიოტოს ზედიზედ თავს დაატყდა ათასი უბედურება: ხან მიწისძვრა, ხან გრიგალი, ხან ხანძარი, ხან შიმშილობა. ჰოდა, უჩვეულოდ დაცარიელდა დედაქალაქი. ძველი მატეანენი მოგვითხრობენ, საქმე იქამდე მივიდა, ბუდას ქანდაკებებსა და სატაძრო ავეჯეულობას დაუწყეს მტვრევა და გზის პირებში შეშად იყიდებოდა გალაქული, ოქროცურვილი ავეჯის ნალეწიო. აი, ასეთი ამბები ტრიალებდა დედაქალაქში. ამიტომ, რასაკვირველია, არც რასიომონის კარიბჭის მისახედავად აიტკივებდა თავს ვინმე და, რახან ასე უპატრონოდ იყო მიგდებული, შიგ მელიებმა და მაჩვებმა დაიბუდეს. ქურდებმაც დაიდეს ბინა. ბოლოს ხალხმა გაუპატიოსნებელი მკვდრების მოტანა და დაყრაც დაიწყო. და როცა მზე თვალს მიეფარებოდა, ისე შემზარავი ხდებოდა აქაურობა, ძეხორციელი ვერ ბედავდა კარიბჭესთან მიახლოებას. სამაგიეროდ, საიდანღაც აურაცხელი ყვავი იყრიდა თავს. დღისით ყრანტალით ბოინობდნენ სახურავის ბოლოებაპრეხილი თავხეების ზეგარდმო. შებინდებისას, როცა კარიბჭეს ალისფერი დაფიონი დაადგებოდა, ფრინველები ისე მკაფიოდ ირჩეოდნენ ცის კაბადონზე, თითქოს ქუნჯუთის მარცვალი მიმობნეულაო. ყვავები, ცხადია, გვამების საკორტნად აკითხავდნენ ზემო იარუსს. თუმცაღა ახლა ერთიც არა ჩანდა, ალბათ იმიტომ, რომ გვიანი ჟამი იდგა. მხოლოდ ქვის ნახევრადჩამოშლილ საფეხურებს _ ბზარებში მაღალი ბალახი რომ ამოზრდოდა _ აქა-იქ თეთრად აჩნდა გამხმარი სკინტლი. სულ ზემო, მეშვიდე საფეხურზე ჩამომჯდარი, ცისფერი სუფთა ტანსაცმლით მოსილი მსახური დროდადრო ხელს ჰკიდებდა და ისინჯავდა მარჯვენა ღაწვზე ამოძგიბულ ძირმაგარას, თან უაზროდ მისჩერებოდა წვიმას.
ავტორმა ზემოთ გვაუწყა, მსახური გადადარებას უცდიდაო. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, წვიმას თუნდაც გადაეღო, მსახურს არსად ჰქონდა წასასვლელი. ჩვეულებრივი დროება ყოფილიყო, ცხადია, ადგებოდა და თავის ბატონს მიუბრუნდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეა დაითხოვა იგი ბატონმა. უკვე ითქვა, კიოტო იმ დროს უჩვეულოდ იყო დაცარიელებულიო. ჰოდა, ის ამბავი, რომ ბატონმა დაითხოვა მასთან წლების განმავლობაში ნამსახური კაცი, ერთი კერძო გამოვლინება იყო საყოველთაო ჭირისა. ამიტომ, იქნებ უფრო მართებული ყოფილიყო, იმის ნაცვლად, მსახური გადადარებას უცდიდაო, ასე გვეთქვა: «წვიმისაგან კარიბჭეში შედევნილი მსახური წაწყმედილივით იჯდა და არ იცოდა, თავი რა წყალისთვის მიეცა». აქეთ კიდევ, ამინდიც ხელს უწყობდა ამ ხეიანისდროინდელი მსახურის უგუნებობას. წვიმა მაიმუნის საათის მიწურულს დაიწყო, მას შემდეგ დიოდა და ოდნავადაც არ ეტყობოდა, გადაღებას თუ დაადგებოდა საშველი. ჰოდა, მსახურიც, რომ არ უსმენდა და მაინც ისმენდა სუძაკუს ქუჩაზე დამდიმარე წყლის თქრიალს, ისევ და ისევ
ართავდა უთავბოლო ფიქრებს, ცდილობდა გადაეწყვიტა, როგორ ჩაექნია ხელი ყველაფერზე და როგორ გაეტანა თავი თუნდაც მარტო სახვალიოდ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ _ როგორ მოეგვარებინა ის, რაიც არასგზით გვარდებოდა.
წვიმა გაბმული შრიალით მოიწევდა შორეთიდან და გარს ეხვეოდა კარიბჭეს. ბინდი დაბლა და დაბლა სწევდა ზეცას _ კაცს, ზეამხედველს ასე მოეჩვენებოდა, კარიბჭის კრამიტიანი სახურავის კიდე ბიჯგად შესდგომია მძიმე, შავ ღრუბლებსო.
იმის მოსაგვარებლად, რაც არასგზით გვარდებოდა, მსახურს არ სჭირდებოდა საშუალებათა რჩევა. საქმე თუ ამაზე მიდგებოდა, არსებითად, ერთადერთი გზა ჰქონდა _ შიმშილით უნდა მომკვდარიყო სადმე, ღობის ძირას ან ქუჩაში. მერე მის გვამს აქ, კარიბჭის ზემო იარუსზე ამოიტანდნენ და ძაღლივით მიაგდებდნენ. ხოლო რჩევას თუკი არ დაიწყებდა... მსახურმა ფიქრით უკვე რამდენჯერმე განვლო ეს გზა და სულ ერთსა და იმავეს მიადგა. ეს «თუკი» იყო. მსახურს დასაშვებად მიაჩნდა, არ დაეწყო იწილო-ბიწილო და ნებისმიერი საშუალება ესინჯა, მაგრამ ვერა და ვერ გაბედა იმის აღიარება, რაც ამ «თუკის» ბუნებრივად მოსდევდა: ეწადა თუ არ ეწადა, ერთი სახსარიღა იყო, _ ქურდობა უნდა ეკისრა.
მსახურმა მაგრად დააცხიკა და უილაჯოდ წამოიმართა. კიოტოში ახალ საღამოს სიგრილე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისე ციოდა, ღუმელი მოენატრებოდა კაცს. კარიბჭის სვეტებში თავისუფლად დასეირნობდა ქარი და სიბნელე. ის წეღანდელი ჭრიჭინა, წითლად გალაქულ სვეტზე მიმჯდარი, უკვე სადღაც მიმალულიყო.
მსახურს ყვითელი, უსახელო ჯუბა ეცვა და ზემოდან ცისფერი კიმონო ჰქონდა მოსხმული. ასწურა კიმონოში გახვეული ბეჭები, თავი მხრებში ჩარგო და მიმოიხედა: ადგილი თუ ვნახე, საცა წვიმასაც შევეფარები და არც ვინმე დამინახავს, კი ღირს აქ გავათიო და ერთი გემოზე გამოვიძინოო, გაიფიქრა. იღბლად, მაშინვე შენიშნა კარიბჭის ზემოთ, კოშკში ამავალი ფართო კიბე, წითლადვე გალაქული. თუკი იყო ზემოთ, უპატრონო მკვდარიღა იქნებოდა. მსახურმა გვერდზე ჩამოკიდებულ მახვილზე მოივლო ხელი, რათა ქარქაშიდან არ ამოვარდნოდა და ძირა საფეხურს ააბიჯა წნულ ხამლში ჩადგმული ფეხი.
რამდენიმე წუთი გავიდა. მაღლა, რასიომონის კარიბჭის კოშკში ამავალი ფართო კიბის შუაწელზე, კატასავით მოკუნტული და სუნთქვაშეკრული ვიღაც სულიერი ზემო სართულს ზვერავდა. კოშკიდან ჩამოწვერილი სინათლე მკრთალად უშუქებდა მარჯვენა ლოყას. სწორედ იმ ლოყას, რომელზედაც მოკლე ჯაგარში წითლად ამოღუებული თელგამიანი მუწუკი აჩნდა. თავდაპირველად მსახურს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ზევით არავინ იყო გვამების გარდა. მაგრამ ორი-სამი საფეხური რომ აიარა, დაატყო, ვიღაც დადიოდა იქ, სანთელს დააბორიალებდა. ეს მაშინვე თვალში ეცემოდა კაცს, რადგან აბლაბუდით კუთხეებმობლარგნილ ჭერზე მკრთალი, ყვითელი ათინათი დაფარფატებდა. რაღაც ამბავი იყო, რასიომონის კარიბჭის კოშკში ამ დელგმიან საღამოს ტყუილუბრალოდ არ ენთებოდა ის სანთელი.
მსახურმა ხვლიკივით უჩუმრად იწყო ასვლა, ბოლოს ლამის ცოცვით აიპარა ზემო საფეხურამდე. აქ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, მთელი ტანით გაეკრა კიბეს და, რაც კი შეეძლო წაიგრძელა კისერი, ფრთხილად შეიხედა შიგნით.
ხმები როგორც დადიოდა, კოშკში მართლაც ჭერეხივით ეყარა გვამები, მაგრამ რაკიღა სინათლე დიდად არ აშუქებდა იქაურობას, მსახურმა ვერ გაარკვია, მაინც რამდენი გვამი იქნებოდა. ერთადერთი, რაც ბუნდოვნად გაარჩია ამ დომხალში, ის იყო, რომ ზოგ მკვდარს ტანსაცმელი ეცვა და ზოგიც ტიტველი ეგდო. რასაკვირველია, მამაკაცები და დედაკაცები განურჩევლად აღრეულიყო ერთმანეთში. მიყრილ-მოყრილიყვნენ იატაკზე, პირები ღიად დარჩენოდათ, თიხის თოჯინებივით 2
გაეჩაჩხათ ხელები. მათი შემხედვარე კიდეც დაეჭვდებოდა, ნეტა ოდესმე ცოცხალი ადამიანები თუ იყვნენ ესენიო. მკრთალი სინათლე სხეულთა გამობურცულ ნაწილებს აშუქებდა მხოლოდ, მხრებსა თუ მკერდებს, რის გამოც ჩაღრმავებებში ჩრდილები კიდევ უფრო ბნელი ჩანდა. იწვნენ დამუნჯებულები, სამარადისოდ დადუმებულნი.
მსახურს მკვდართა სიმყრალე ეცა და უნებლიეთ ცხვირზე ააფარებინა ხელი. მაგრამ წამიც და, ისე შესძრა უჩვეულო სანახავმა, ცხვირზე ხელის მიფარება ხომ დაავიწყდა და დაავიწყდა, ლამის ყნოსვის უნარიც დაკარგა.
მხოლოდ ამ წამს გაიცხადა მისმა მზერამ გვამებზე დაყუნცული სხეული. თმაჭაღარა დედაბერი იყო, გაჩხინკული, ცქრანტი, მაიმუნისდარი. კიმონო ეცვა ხინოკის ქერქის ფერისა, მარჯვენა ხელში ფიჭვის აპრიალებული კვარი ეჭირა და ერთ-ერთი მიცვალებულის სახეს თვალჩაციებით დასცქეროდა. გრძელი თმა მიანიშნებდა, რომ ქალის გვამი უნდა ყოფილიყო.
შიშითა და ცნობისწადილით ატანილ მსახურს თითქოს სუნთქვაც კი დაავიწყდა. მემატიანის ძველი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, იგრძნო, როგორ «ებურცებოდა თავზე კანი». სანამ მსახური აქეთ ამ დღეში იყო, დედაბერმა იატაკის ღრიჭოში ჩაამაგრა კვარი, ორივე ხელი იმ ამოჩემებული მიცვალებულის თავისკენ წაიღო და სწორედ მაიმუნივით, შვილს რომ თავში ტილებს უხილავს ხოლმე, ქალის გრძელ თმას ღერ-ღერად დაუწყო პუტვა. ეტყობა, თმის ღერებიც ადვილად ჰყვებოდა ამ ქიჩმაჩობას.
იმისდაკვალად, რაც მეტ ღერ თმას დააძრობდა გვამს დედაბერი, ცოტცოტაობით ცხრებოდა მსახურის გულში ჩაბუდებული შიში. იმავე დროს, თანდათან უმძაფრდებოდა დედაბრისადმი ზიზღი. არა, «დედაბრისადმი» ალბათ ვერაა სავსებით მართებული თქმა. უფრო სწორად, მსახურს წამიდან წამზე უძლიერდებოდა ზიზღი საერთოდ ყოველგვარი ბოროტებისადმი. ახლა ვინმეს ერთხელაც რომ მიეცა იგივე კითხვა, რაზედაც თავად ფიქრობდა ქვემოთ, კარიბჭის კიბეზე მჯდომი _ შიმშილით მომკვდარიყო თუ ქურდობა ეკისრა _ უეჭცველად წამითაც არ იორჭოფებდა და შიმშილით სიკვდილს ირჩევდა. ავკაცობისადი სიძულვილი ისე ძალუმად აუბრიალდა გულში, როგორც იატაკში ჩარჭმული აი, ეს კვარი ბრიალებდა.
მსახური, რასაკვირველია, ბაიბურში არ იყო, რისთვის ბდღვნიდა დედაბერი მიცვალებულის თმას. მაშასადამე, ლოგიკურად რომ ითქვას, არც ისე ეცოდინებოდა, სიკეთე იყო ეს თუ ბოროტება. მაგრამ მარტო ისიც კი მიაჩნდა რასიომონის კარიბჭის კოშკში გვამს თმას აგლეჯდნენ. რაღა თქმა უნდა, ის სულ დაავიწყდა, აგერ ახლა თვითონაც რომ ქურდობას ეპირებოდა.
და აჰა, მახვილის ვადაზე მოივლო ხელი. დაძგიბა ფეხები, ერთი ნახტომით შევარდა კოშკში და გრძელი ნაბიჯით მივიდა დედაბერთან. დედაბერი რომ დაიზაფრა, რაღა სათქმელია.
მსახურს თვალი ჰკიდა თუ არა, შურდულნაკრავივით წამოიჭრა, გვამებზე გადაბარბაცდა და, დაბნეულმა, გაქცევა სცადა.
_ შესდექ! სად გარბიხარ! _ დასჭყივლა მსახურმა და გზა უყელა. დედაბერმა მაინც სცადა, მისთვის ხელი ეკრა და გამსხლტარიყო, მაგრამ კაცმა არ გაუშვა, უკანვე წააპორწიალა. ერთხანს ერთმანეთს ჩაფრენილნი სავსებით უჩუმრად იბრძოდნენ გვამთა შორის. მაგრამ იმთავითვე ცხადი იყო, ვინ ვის დასჯაბნიდა. ბოლოს და ბოლოს მსახურმა ადვილად გადაუგრიხა ქათმის ფეხებივით გაჩხინკული, გაძვალტყავებული ხელები და იატაკზე დასცა დედაბერი.
_ თქვი, რასა შვრებოდი! არ იტყვი და ინანებ, იცოდე!
მერე ხელის კვრით მოიცილა იგი, ამოიწვადა მახვილი და ზედ თვალებზე მოუტანა იარაღის მოელვარე წვერი. მაგრამ დედაბერი არას ამბობდა. ხელები უცახცახებდა, ქოშინებდა, თვალები ისე გადმოეკარკლა, ლამის ბუდეებიდან ამოცვენოდა, მაგრამ ჯიუტად დუმდა, როგორც მუნჯი. მაშინღა გაისიგრძეგანა მსახურმა, რომ მთლიანად მის ხელთ იყო ამ დედაბრის სიცოცხლე. ეს რომ შეიგრძნო, როგორღაც შეუმჩნევლად დაუნელდა გულში მოგიზგიზე ბზარი. შერჩა სიმშვიდე და კმაყოფილება, ნებისმიერი საქმის წარმატებით აღსრულებისას რომ ეუფლება ხოლმე ადამიანს. დახედა ძირს გართხმულ დედაბერს და ხმა მოულბა:
_ ყარაული არ გეგონო, წეღან ჩამოვიარე კარიბჭესთან. არც შენს გაბაწვრას ვაპირებ, ოღონდ ეს მითხარი, რას იქმოდი ამ დროს აქ, ამ კოშკში?
დედაბერმა კიდევ უფრო დაჭყიტა ისედაც დაჭყეტილი, ქუთუთოებშეწითლებული თვალები და სახეზე მიაჩრედა მსახურს. მტაცებელი ფრინველის მახვილი მზერით მოაჩერდა. მერე, თითქოს რაღაცას ღეჭავსო, გასძრა დაპრანჭული, თითქმის ზედ ცხვირზე მიმსჭვალული ტუჩ-პირი. წრიპა ყელზე წამოწვეტილი ხვანჩიც აუმოძრავდა. და ამ ყელიდან მსახურის ყურს მოედინა ყრუ, ხლიჩინა ხმა, თითქოს ყვავმა დაიყრანტალაო:
_ თმას ვაგლეჯდი... თმას... პარიკისათვის.
ეს ითქვა და მსახურიც განიხიბლა: მოლოდინის საწინაღმდეგოდ, სავსებით ჩვეულებრივი გამოდგა დედაბრის პასუხი. იმედი გაუცრუვდა. ამ იმედგაცრუებასთან ერთად ხელხახლა მოეძალა სიბრაზე, ოდნავ ზიზღნარევი. დედაბერმა, ეტყობა, იგრძნო ეს. კვლავ დაიყრანტალა, თან არც გვამის თავზე აბდღვნილ თმას უშვებდა ხელს.
_ მართალია, იქნება კია ცუდი საქმე, მიცვალებულს რომ თმას აგლეჯს ვინმე, მაგრამ ეგენი, აქ რომ წვანან, ყველაფრის ღირსები არიან. თუ გინდა, ეს ქალი აიღე, ახლა რომ თმას ვაგლეჯდი: ოთხ-ოთხი სუნის სიგრძეზე ჭრიდა გველებს, ახმობდა და მერე ხმელ თევზად ასაღებდა, სასახლის მცველები ყიდულობდნენ... ამით ედგა სული. ჭირს რომ არ მოეკლა, ახლაც ამით იცხოვრებდა. არადა, ხალხი ლაპარაკობდა, ძალიან გემრიელ თავზს ყიდისო. ჩაფრები საუზმეზე სულ ამის თევზსა ჭამდნენ. მაინც ვერ ვიტყვი, ცუდს შვრებოდნენ-მეთქი. სხვა რა გზა ჰქონდა, ასე რომ არ მოქცეულიყო, შიმშილით ამოძვრებოდა სული. მეც მაგიტომ მგონია, არც მე ვშვრები, არა, ცუდს! მეც შიმშილით მოვკვდები, ასე რომ არ ვქნა! ჩემი ნებით არა ვარ ცუდის მქნელი. ეს ქალი რომ წამოდგეს, არც დამადანაშაულებდა, ამან ხომ კარგად იცოდა, გაჭირვება რასაც ჩაადენინებდა ხოლმე კაცს.
აი, რა თქვა დედაბერმა.
მსახური გულცივად ისმენდა მის ნაუბარს, მახვილი ჩაეგო, მარცხენა ხელი დაედო დავაზე. თავისთავად იგულისხმებოდა, რომ არ დროს მარჯვენა ხელს ხანგამოშვებით ავლებდა ლოყაზე ამოწიფინებულ ძირნაგარას. ოღონდ ეგაა, სანამ დედაბერს უსმენდა, მის გულში თანდათან მტკიცდებოდა გამბედაობა. ის გამბედაობა, ადრე, კარიბჭის საფეხურებზე მჯდომს რომ არ ჰყოფნიდა. და იგი მიმართული იყო სწორედ რომ საპირისპიროდ იმ სულისკვეთებისა, რაც აგერ ახლა ამოძრავებდა კოშკში ამოსულსა და დედაბრის შემპყრობელს. უკვე აღარ ყოყმანობდა, შიმშილით მომკვდარიყო თუ ქურდობას შესდგომოდა; ეგ კი არა, ამ წუთში, დასტურ, ისე შორს იყო შიმშილით სიკვდილზე ფიქრისაგან, რომ ეს ფიქრი აზრდაც ვერ მოუვიდოდა თავში.
_ აი, თურმე რა ყოფილა! _ დამცინავად ჩაილაპარაკა მან, როცა დედაბერმა სათქმელს თავი მოუსკვნა. მერე წინ წადგა ნაბიჯი, უცებ ხელი უშვა ძირმაგარას, დედაბერს ქეჩოში სწვდა და დაჰყვირა: _ აბა, მეც გართმევ და არ დამემდურო! სხვაფრივ მეც შიმშილით უნდა მოვკვდე!
მსწრაფლ შემოაცალა კიმონო, მერე როცა დედაბერი სამოსელზე დაებღაუჭა, წიხლი მიაზილა და პირდაპირ გვამებზე მიაგდო. კიბეზე ხუთიოდე ნაბიჯი იყო. მსახურმა ამოიღლიავა დედაბრისათვის წანაგლეჯი კინომო ხინოკის ქერქის ფერისა, თვალისდახამხამებაში ჩაირბინა ციცაბო კიბე და შეერია ღამეულ წკვარამს.
დიდ ხანს არ გაუვლია, მკვდარივით უძრავად მწოლიარე დედაბერიც წამოიმართა გვამებიდან. შიშველი იყო. კაცი ვერ გაიგებდა, ტიროდა თუ ბურტყუნებდა. ჯერაც მოპრიალე კვარის შუქზე გასასვლელამდე მიფორთხდა. დაიხარა, ძირს გადაიხედა, ჭაღარა თმის მოკლე ბურძგები ჩამოეშალა შუბლზე.
ბნელი, უძირო ღამე მოსდგომოდა კარიბჭეს.
მას შემდეგ მსახური უკვალოდ გაქრა.
აპრილი, 1915წ.