სუსანოო-ნო-მიკოტო ხანდაზმულობისას
კოსელი გველეშაპი რომ დაამარცხა, სუსანოო-ნო-მიკოტომ კუსინადა-ჰიმე შეირთო ცოლად და ერთ-ერთი დაბის უფროსი გახდა ასინატუცის სამფლობელოში.
ასინატუციმ ახალგაზრდებს უზარმაზარი სასახლე აუშენა სუგაში, იძუმუს ოლქში. სასახლე იმ სიმაღლე იყო, რომ სახურავი ღრუბლებში იკარგებოდა.
მშვიდი ცხოვრება დაიწყო სუსანოომ. მას კვლავ აღელვებდა ქარის შრიალი, ზღვის ტალღების დგაფუნი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მაგრამ ძველებურად აღარ ეცალა ძველი სამეფოს უკიდეგანო ველებში სახეტიალოდ, რადგან მალე მამა უნდა გამხდარიყო. აქ, ამ მყუდრო სასახლეში, რომლის თეთრი და წითელი კედლები ნადირობის სცენებით იყო მოხატული, სუსანოომ პირველად იგრძნო საკუთარი კერიის სითბო. ტაგამაგაჰარას ქვეყანაში მას ასეთი ბედნიერება არ განუცდია.
სუსანოო და მისი ცოლი ერთად სადილობდნენ, ერთად აწყობდნენ მომავალი ცხოვრების გეგმებს, ერთად სეირნობდნენ უსიერ მუხრანში, რომელიც ირგვლავ ერტყა სასახლეს და ჩიტების მომაჯადოებელი გალობით ტკბებოდნენ. სუსანოო ალერსიანად ექცეოდა ცოლს. ვერც ლაპარაკში, ვერც გამოხედვასა და სიარულში ვერ შეატყობდით, რომ წინათ სახელგანთქმული მეომარი იყო.
დროდადრო მაინც ესიზმრებოდა ურჩხულები, ხედავდა წყვდიადში უხილავი ხელით აღმართული ხმლის ელვარებასა და გარდასულ დროთა გახსენება კვლავ საომრად უჩქროლებდა გულს. თუმცა ეს მხოლოდ სიზმარში ხდებოდა, გამოფხიზლებისთანავე ცოლზე და დაბის საქმეებზე იწყებდა ფიქრს და წარსულის ზმანება უკვალოდ უქრებოდა.
მალე ვაჟი შეეძინათ. სუსანოომ იასიმაძინუმი დაარქვა შვილს. ბიჭი ლამაზი იყო, მშივიდი, უფრო დედას ჰგავდა.
დრო კი მდინარესავით მიდიოდა და მიდიოდა.
სუსანოომ კიდევ მრავალჯერ იქორწინა და კიდევ შეეძინა ვაჟიშვილი. რომ დაიზრდებოდნენ, მამა ჯარს აძლევდა და უცხო ქვეყნების დასაპყრობად გზავნიდა.
შვილთა და შვილიშვილთა სიმრავლემ სუსანოოს კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. სულ ახალი და ახალი ქვეყნები უგზავნიდნენ ხარკსა და ძღვენს. აბრეშუმით, ბეწვეულითა და იასპით დატვირთული გემები ზედიზედ შემოდიოდა ნავსადგურში. ხალხი ნაპირზე გადმოსხდებოდა და სუგას სახელგანთქმულ სასახლეს ათვალიერებდა.
ერთხელ სუსანოომ ტაკამაგაჰარას ქვეყნიდან ჩამოსულებში სამი ყმაწვილი შენიშნა, სამივე ბრგე და ახოვანი იყო, როგორც თვით სუსანოო გახლდათ ახალგაზრდობაში. მან ახალგაზრდები სასახლეში მიიწვია და საკეთი გაუმასპინძლდა. ასეთი დაფასება არავის ახსოვდა ამ მკაცრი მბრძანებლისაგან. პირველად ახალგაზრდები ცოტა არ იყოს დაფრთხნენ, ვერ გაეგოთ, რად მიიპატიჟა სუსანოომ სასახლეში, მაგრამ საკე რომ შეუჯდათ თავში, გამხიარულდნენ, დოლის მაგივრად საკეს დაცლილ ქოთნებზე დაიწყეს დაკვრა და ომახიანად დასჭექეს მშობლიური სიმღერები.
როცა ახალგაზრდებმა სასახლე დატოვეს, სუსანოომ ხმალი გაუწოდა მათ და უთხრა:
_ ეს ის ხმალია, კოსელ გველეშაპს რომ ამოვაძვრე კუდიდან. წაიღეთ და თქვენს დედოფალს მიართვით.
ახალგაზრდებმა ხმალი გამოართვეს, მუხლი მოიყარეს და შეჰფიცეს, თქვენს ბრძანებას აუცილებლად შევასრულებთო.
შემდეგ სუსანოო მარტოდმარტო გავიდა ზღვის ნაპირზე სტუმრების გასაცილებლად, დიდხანს იდგა ქარაფზე და უმზერდა ნისლში გახვეულ გემის იალქნებს.
სიკვდილი არავის ივიწყებს და სუსანოოს სასახლის კარსაც მიადგა.
იასიმაძინუმი რომ დავაჟკაცდა, დედამისი კუსიდანა-ჰიმე დასნეულდა და ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. სუსანოოს სხვა ცოლებიც ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ კუსინადა-ჰიმე უყვარდა თავდავიწყებით. ამიტომ, სანამ კუსინადა-ჰიმეს დაკრძალავდნენ, შვიდი დღე და ღამე უჯდა ცოლის ნეშტს, ჯერაც ავ თვალს რომ არ დაენახვებოდა, და ცრემლად იღვრებოდა.
მთელი სასახლე გოდებდა. ყველაზე მწარედ იასიმაძინუმის ერთადერთი და, სუსერი-ჰიმე მოთქვამდა. მისი ხმა სახლის გარეთ ისმოდა და უცხოებსაც კი უთუთქავდა გულს. იასიმაძინუმი თუ დედას ჰგავდა სიმშვიდით, სუსერი-ჰიმე მამასავით ფიცხი და თავშეუკავებელი იყო.
კუსინადა-ჰიმე სასახლის მახლობლად, ბორცვზე დამარხეს, თან თავისი ტანსაცმელი, სამკაულები და სარკეები ჩაატანეს. სუსანოომ არც მოახლეები დააკლო _ თერთმეტი მოახლე მომვლელებად გააყოლა საიქიოში. ისინი უხმოდ დამორჩილდნენ ბედს. მაშინ მოხუცები აბუზღუნდნენ, ჩუმ-ჩუმად კილავდნენ სუსანოოს.
_ მხოლოდ თერთმეტი მოახლე გაატანა! სულ არაფრად აგდებს ძველ ადათებს. პირველი ცოლი მოუკვდა და თერთმეტზე მეტი ვერ გაიმეტა! ეს საქმეა?! მხოლოდ თერთმეტი მოახლე!
როცა დაკრძალვის ცერემონიალი დასრულდა, სუსანოომ მოულოდნელად მმართველობა იასიმაძინუმის გადასცა, თვითონ კი სუსერი ჰიმესთან ერთად ზღვის გაღმა, ნენოგატასუს ქვეყანაში გადასახლდა.
სუსანოომ ერთ უკაცრიელ კუნძულზე დაიდო ბინა. ამ კუნძულზე ახალგაზრდობაში ემოგზაურა და მაშინ მოხიბლულიყო მისი სილამაზით. კუნძულის სამხრეთით მდებარე ბორცვზე სასახლე ააშენა, ლერწმით დახურა და გადაწყვიტა, დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა აქ.
სუსანოო მთლად გაჭაღარავდა, ოღონდ თვალებში დროდადრო ახალგაზრდული ცეცხლი გამოუკრთებოდა იმის მაუწყებლად, რომ გული ჯერ არ დაბერებოდა. შეიძლება ითქვას, უფრო მხნედ გამოიყურებოდა, ვიდრე სუგაში. ხანდახან ბრძოლის ჟინიც კი წამოუვლიდა ხოლმე.
სუსანოომ და მისმა ქალიშვილმა, სუსერი-ჰიმემ, ფუტკრის და გველის მოშენებას მიჰყვეს ხელი, ფუტკარს ნექტარი მოჰქონდა მინდვრიდან, გველის მომაკვდინებელ შხამში კი სუსანოო ისრის წვერებს ავლებდა. ქალიშვილს ნადირობას, თევზაობას და ჯადოქრობას ასწავლიდა. სუსერი-ჰიმე გამოაწრთო ასეთმა ყოფამ, იგი ვაჟკაცსას არ დაუდებდა ტოლს, გარეგნულად კი კვლავ დედამისივით ნაზი და თვალწარმტაცი დარჩა.
მრავალჯერ ამწვანდა სასახლის ირგვლივ ატეხილ ჭალაში მუკუს ფოთლები. სუსანოოს ბანჯგვლიან სახეს ნაოჭები ემატებოდა, სუსერი-ჰიმე კი სულ უფრო და უფრო მშვენდებოდა.
ერთხელ, როცა სუსანოო სასახლის წინ, მუკუს ხის ქვეშ იჯდა და ვეება ირემს ატყავებდა, სუსერი-ჰიმე ზღვიდან დაბრუნდა და თან ვიღაც უცნობი ახალგაზრდა მოიყოლა.
_ მამილო, აი, ეს ბატონი ახლახან შემხვდა ნაპირთან და წამოვიყოლე.
ამ სიტყვებით წარუდგინა მამას უცნობი. სუსანოო ფეხზე წამოდგა და სტუმარი შეათვალიერა.
უცნობი ლამაზი, მხარბეჭიანი ახალგაზრდა იყო. ყელს იასპის წითელ-ყვითელი ფარღული უმშვენებდა, ქამარზე ჩელთა ხმალი ეკიდა, თვითონ სუსანოოც ასე გამოიყურებოდა ახალგაზრდობაში.
ჭაბული მოწიწებით მიესალმა სუსანოოს, მაგრამ მან სალამზე არ უპასუხა და უკმეხად ჰკითხა, რა გქვიაო.
_ ასიჰარასიკოოს მეძახიან, _ მიუგო სტუმარმა.
_ რატომ მოადექი ამ კუნძულს?
_ სანოვაგე და წყალი მინდოდა მომემარაგებინა. _ მშვიდად უპასუხა ჭაბუკმა.
_ კეთილი, აი იქ შედი და ისაუზმე. სუსერი-ჰიმე, მიხედე სტუმარს!
ახალგაზრდები სასახლეში შევიდნენ. სუსანოო კი ხის ქვეშ დარჩა და კვლავ ირემს მიუბრუნდა, მაგრამ თანდათან რაღაც გაურკვეველმა შეშფოთებამ მოიცვა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მოწმენდილ ცაზე ქარიშხლის მომასწავებელი შავი ღრუბელი დაინახაო.
როცა ირემი აქნა და სასახლეში შევიდა, კუნძულზე უკვე ბინდი წვებოდა. სუსანოომ ფართო კიბე აიარა და თეთრ გამჭვირვალე ფარდას მიადგა. ფარდის მიღმა დიდი დარბაზი ჩანდა. სუსერი-ჰიმე და ასიჰარასიკოო დამფრთხალი ჩიტებივით წამოფრთხიალდნენ სუგადატამიდან. სუსანოო მოიღუშა და დინჯად შეალაჯა დარბაზში. ასიჰარასიკოოს ბოროტი მზერა ესროლა და თითქმის ბრძანების კილოთი უთხრა:
_ დღეს შეგიძლია ჩვენთან გაათიო ღამე. ცოტა ხომ უნდა დაისვენო?
ასიჰარასიკოომ გაიღიმა და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა, მაგრამ აშკარად შეეტყო, რომ მასპინძლის სიტყვებმა შეაცბუნა.
_ ჰოდა, მოემზადე დასაძინებლად. სუსერი-ჰიმე! _ მიუბრუნდა ახლა ქალიშვლს და უკმეხად უთხრა: _ სტუმარს საფუტკრის გზა უჩვენე.
სუსერი-ჰიმე გაფითრდა.
_ იქნებ ცოტა ააჩქარო ფეხი! _ დათვივით დაუღრიალა მამამ, როცა შენიშნა, რომ ქალიშვილი ყოყმანობდა.
_ მივდივარ! აქეთ მობრძანდით!
ასიჰარასიკოომ კვლავ მოწიწებით დაუკრა თავი სუსანოოს და ხალისიანად გაჰყვა სუსერი-ჰიმეს.
4
როცა დარბაზიდან გავიდნენ, სუსერი-ჰიმემ მხრებიდან თავსაფარი მოიხსნა, ასიჰარასიკოოს მისცა და ჩასჩურჩულა:
_ საფუტკრეში რომ შეხვალთ, სამჯერ დაიქნიეთ ეს თავსაფარი და ფუტკრები აღარ დაგნესტრავენ.
ასიჰარასიკოო ვერ მიუხვდა ნათქვამს, მაგრამ კითხვის დროს აღარ იყო, რადგან სუსერი-ჰიმემ უკვე გააღო საფუტკრის პატარა კარი და სტუმარს შიგ შეუძღვა.
საფუტკრეში კუნაპეტი სიბნელე იდგა. ასიჰარასიკოო ხელის ცეცებით ეცადა მოეძებნა სუსერი-ჰიმე. თითები ქალიშვილის თმას შეეხო. იმავე წამს სწრაფად მოჯახუნდა კარი _ სუსერი-ჰიმე საფუტკრიდან გავიდა.
ასიჰარასიკოო დაბნეული იდგა და ხელში თავსაფარი ეჭირა. ცოტა ხნის შემდეგ თვალი შეაჩვია სიბნელეს და ჭერიდან ჩამოშვებული ვეება კასრისოდენა ფიჭები გაარჩია. ფიჭებზე უზარმაზარი ფუტკრები დაღოღავდნენ _ მისი ხმლის სიგრძეს აღემატებოდნენ სიდიდით.
ასიჰარასიკოო უნებლიეთ უკუიქცა და კარს მივარდა. რამდენი ეცადა, მაგრამ ვერაფრით გააღო. ამ წვალებაში რომ იყო, ერთი ფუტკარი ფიჭიდან ჩამოფრინდა და მისკენ წამოვიდა ბზუილით. ასიჰარასიკოომ დააპირა გაეჭყლიტა, მაგრამ ფუტკარი აფრინდა და შეუტია. სხვა ფუტკრებმაც შენიშნეს იგი და ყოველი მხრიდან დაესიენ ბზუილით...
სუსერი-ჰიმე დარბაზში დაბრუნდა და კედელზე დამაგრებული კვარი აანთო. კაშკაშა ალზე ისლით ნაქსოვ ტატამზე წამოწოლილი სუსანოო გამოჩნდა.
_ ნამდვილად საფუტკრეში შეიყვანე? _ კვლავ მწყრალად ჰკითხა სუსერი-ჰუმეს და ეჭვიანად მიაჩერდა თვალებში.
_ ჯერ არასოდეს გადავსულვარ თქვენს ბრძანებას მამავ ბატონო, _ მიუგო ქალიშვილმა და მამის მზერას რომ გაქცეოდა, ბნელ კუთხეში მიჯდა.
_ მართალია. იმედია მომავალშიც ასე დამიჯერებ, _ უთხრა სუსანოომ და დამცინავად ჩაიღიმა. სუსერი-ჰიმემ პასუხის ნაცვლად თავის ყელსაბამს დაუწყო თვალიერება. _ პასუხს არ იძლევი? იქნებ ურჩობას აპირებ?
_ არა, მაგრამ ასე რატომ მელაპარაკები, მამიკო...
_ თუ კვლავ ძველებურ ჭკუაზე ხარ, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები: იცოდე, არაფრით არ მიგათხოვებ იმ ახალგაზრდას. სუსანოოს ქალიშვილი მარტო იმას გაჰყვება ცოლად, ვინც სუსანოოს ნდობას დაიმსახურებს. გასაგებია? კარგად დაიხსომე!
გვიან ღამით, როცა სუსანოო ხმამაღლა ხვრინავდა, მიუსაფარი და სევდიანი სუსერი-ჰიმე კვლავ სარკმელთან იჯდა და უმზერდა, როგორ ეშვებოდა ზღვაში მოწითალო მთვარე.
მეორე დილას სუსანოო, ჩვეულებისამებრ, ზღვის კლდოვან სანაპიროსაკენ გაემართა საბანაოდ და ძალიან გაუკვირდა, როცა შენიშნა, რომ უკან ასიჰარასიკოო მოჰყვებოდა. ასიჰარასიკოომ მხიარულად შეანათა თვალები სუსანოოს და დილა მშვიდობისა უსუსრვა.
_ რაო, კარგად გეძინა? _ ჰკითხა სუსანოომ და გამომცდელად შეათვალიერა ჭაბუკი, ნეტა რატომ არ დანესტრეს ფუტკრებმა ეს მხიარული ახალგაზრდაო! _ ფიქრობდა გაოცებული. არადა, სულ სხვაგვარად ჰქონდა გაანგარიშებული.
_ გმადლობთ, თქვენი წყალობით, შესანიშნავად გამოვიძინე, _ ზრდილობიანად მიუგო ასიგარასიკოომ, შემდეგ დაიხარა, ვეება ლოდი აიღო და ზღვაში გადაისროლა. ლოდმა უზარმაზარი რკალი მოხაზა, ვარდისფერ ღუბლებში გაუჩინარდა და მერე შორს, შორს ჩავარდა ზღვაში. ამ სიშორეზე თვითონ სუსანოოსაც გაუჭირდებოდა ტყორცნა. იგი კუშტად მისჩერებოდა გაფრენილ ლოდს და სიმწრით იკვნეტდა ტუჩებს.
ისინი სასახლეში დაბრუნდნენ და საუზმედ დასხდნენ. სუსანოომ უხმოდ გამოხრა ირმის ბარკალი, მერე თვალი თვალში გაუყარა ასიჰარასიკოოს და უთხრა:
_ თუ აქაურობა მოგწონს, შეგიძლია, კიდევ რამდენიმე დღეს დარჩე.
სუსერი-ჰიმემ ჩუმად ანიშნა ასიჰარასიკოოს, უარი თქვიო, მაგრამ ასიჰარასიკოო თევზის ჭამით იყო გართული, და არც გაუგია ქალიშვილის რჩევა. მან დიდი მადლობა გადაუხადა მასპინძელს და უთხრა, სიამოვნებით დავრჩები კუნძულზე კიდევ ორ-სამ დღესო.
საბედნიეროდ, საუზმის მერე სუსანოომ ჩათვლიმა. ახლაგაზრდებმა დრო იხელთეს, ფეხაკრეფით გავიდნენ სასახლიდან, მონახეს მყუდრო ალაგი ზღვის პირას, კლდის ნაპრალში, სადაც ასიჰარასიკოოს ნავი ება და ნეტარებას მიეცნენ. სურნელოვან წყალმცენარეებზე მისვენებული სუსერი-ჰიმე ერთხანს მონუსხულივით უმზერდა ასიჰარასიკოოს, შემდეგ დაუსხლტა მის მკლავებს, წამოჯდა და აღევებით უთხრა:
_ შენი აქ დარჩენა აღარ შეიძლება. ჩემზე ნუ იდარდებ, ახლავე გაეცალე აქაურობას.
ასიჰარასიკოომ კი ბავშვივით გაიღიმა, ჯიუტად გააქნია თავი და უთხრა:
_ სანამ შენ აქა ხარ, არსად არ წავალ, სიკვდილიც რომ მეუქრებოდეს, მაინც.
_ კი მაგრამ, ხიფათს რომ გადაეყაროთ...
_ არ გინდა ერთად გავიქცეთ?
სუსერი-ჰიმემ ვერ გაბედა თანხმობის მიცემა.
_ მაშინ მეც არ მოვიცვლი აქედან ფეხს, _ უთხრა ასიჰარასიკოო და დააპირა კვლავ გულში ჩაეკრა ქალი, მგარამ სუსერი-ჰიმე გაუსხლტა და წამოხტა.
_ მამა მეძახის, _ თქვა შეშფოტებულმა და შველივით გაიქცა სასახლისაკენ.
ასიჰარასიკოო ღიმილით უმზერდა სატრფოს, სანამ თვალს არ მიეფარა. შემდეგ დაბლა დაიხედა და იქ, სადაც სუსერი-ჰიმე იწვა, ისეთივე თავსაფარი დაინახა, წუხელ რომ იხსნა ფუტკრებისაგან.
საღამოს სუსანოომ თვითონ მიაცილა ასიჰარასიკოო საფუტკრის პირდაპირ მდგარ შენობასთან, სადაც სტუმარს უნდა დაეძინა.
აქაც ისე ბნელოდა, როგორც საფუტკრეში, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ აურაცხელი მანათობელი წერტილი კიაფობდა ირგვლივ, იტყოდი, მიწიდან ძვირფასი ქვები ამოციმციმებენო.
ასიჰარასიკოო დააეჭვა ამ მოკიაფე წერტილებმა. გაუნძრევლად იდგა, ხოლო როცა თვალი შეაჩვია სიბნელეს, ეს ვარსკვლავებივით მოკიაფე წერტულები უზარმაზარი გველების თვალები აღმოჩნდა. იმოდენანი იყვნენ, შეეძლოთ ცხენი გადაეყლაპათ. თანაც ვერ დათვლიდი. ყველგან ფუთფუთებდნენ, ზოგი სახურავის კოჭებს შემოხვეოდა, ზოგი ბოძს, ზოგი კი დაგორგლილი მიწოლილიყო კუთხეში.
ასიჰარასიკოომ ხმალზე გაისვა ხელი, მაგრამ აღარ ამოუღია. იფიქრა, ერთი რომ მოვკლა, მეორე მაშინვე დამახრჩობსო. ერთი გველი უკვე ამართულიყო კუდზე და თვალებში შესცქეროდა, მეორე, უფრო დიდი, ჭერიდან ჩამოსრიალებულიყო და მისკენ მიიკლაკნებოდა. კარი, რაღა თქმა უნდა, ჩაერაზათ. გარეთ ალბათ თმაგათეთრებული, ბოროტად მოღიმარი, სუსანოო დგას, აყურადებს, რა ხდება ჩაკეტილ კარს შიგნით. ასიჰარასიკოო ერთ ადგილას გახევებულიყო, მაგრად ჩაებღუჯა ხმლის ვადა და გველებს მიშტერებოდა. ამასობაში მის ფეხებთან დაგრაგნილი ვეება გველი სულ უფრო და უფრო წამოყელყელავდა, აშკარად ყელში წვდომა დაუპირა. უცებ ასიჰარასიკოოს გონება გაუნათდა: გუშინ, ფუტკრების ჯარი რომ დაესია, თავსაფარი დაუქნია სამჯერ და გადარჩა; იქნებ ეს თავსაფარიც, სუსერი-ჰიმეს რომ დარჩა ზღვის ნაპირას, სასწაულმოქმედია? ასიჰარასიკოომ თავსაფარი გაშალა და სამჯერ დაიქნია...
მეორე დილას სუსანოოს კვლავ შეხვდა ასიჰარასიკოო ზღვის კლდოვან სანაპიროზე. ახალგაზრდა გუშინდელზე უფრო მხიარული ჩანდა.
_ როგორ გეძინა წუხელ? _ ჰკითხა სუსანოომ.
_ მადლობელი ვარ. თქვენი წყალობით ძალიან კარგად გამოვიძინე.
გაცეცხლებულმა სუსანოომ ბოროტი მზერა ესროლა ასიჰარასიკოოს, მერე მოთოკა თავი და გულწრფელად უთხრა:
_ კეთილი და პატიოსანი. მოდი, ახლა ერთად ვიცურაოთ.
ტანთ გაიხადეს და აღელვებულ ზღვაში გადაეშვნენ. სუსანოოს, ჯერ კიდევ ტაკამაგაჰარას ქვეყანაში ყოფნის დროს, ბადალი არა ჰყავდა ცურვაში. ასიჰარასიკოოც დელფინივით ცურავდა. ზღვის ზედაპირზე მოჩანდა ორი თავი _ თეთრი და შავი,
95
ორივე «მიძურას» ყაიდაზე დავარცხნილი. მოცურავეები სწრაფად შორდებოდნენ ფრიალო ნაპირს.
ყალყზე შემდგარ ზღვას თოვლივით თეთრი ქაფი მოედო თავზე და შხეფების კორიანტელს ატრიალებდა. სუსანოო დროდადრო ქიშპით გადახედავდა ხოლმე ასიჰარასიკოოს, მაგრამ ჭაბუკი არაფრად აგდებდა მტრად ამართულ ტალღებს და დაუბრკოლებლივ მიიწევდა წინ.
მალე მან თანდათან გაასწრო სუსანოოს. სუსანოო შეეცადა დასწეოდა, მაგრამ ზედიზედ აღმართულ ტალღებში ვეღარ გაატანა. მალე ასიჰარასიკოო სულ მიეფარა თვალს.
«მე კი იმედი მქონდა, ზღვაში დავახრჩობდი», _ გაიფიქრა სუსანოომ და იგრძნო, რომ ვერ მოისვენებდა, სანამ ასიჰარასიკოოს მოკლავდა. «არამზადა! ნეტა ნიანგებმა მაინც შესანსლონ!»
მაგრამ ასიჰარასიკოომ ნიანგივით სწრაფად გამოცურა უკან და შორიდანვე ღიმილით დაუძახა სუსანოოს, კიდევ ვიცურაოთ, თუ ნაპირზე გავიდეთო. სუსანოო ჯიუტი იყო. მაგრამ ამჯერად ნაპირისკენ აიღო გეზი.
ნაშუადღევს სუსანოომ კუნძულის დასავლეთ მხარეს წაიყვანა სტუმარი კურდღლებზე და მელიებზე სანადიროდ. ორივენი კლდეზე ავიდნენ და ხმელი ბალახით დაფარულ თვალუწვდენელ ველს გახედეს. ბალახი ქარის დაბერვაზე ზღვასავით ღელავდა. სუსანოო კარგა ხანს მდუმარედ ტკბებოდა ბუნების სილამაზით. მერე ისარს ლარი ჩაუგდო კილოში და ასიჰარასიკოოს მიუბრუნდა:
_ ქარი კი ხელს შეგვიშლის, მაგრამ ვნახოთ, ვინ უფრო შორს გატყორცნის ისარს. მოდი, შევეჯიბროთ.
_ კეთილი, ვცადოთ!
ეტყობა, ასიჰარასიკოოს თავის იმედი ჰქონდა.
_ მზადა ხარ? ერთად გავისროლოთ!
სტუმარ-მასპიძელი გვერიგვერდ დადგნენ, ლარი მოზიდეს და ერთდროულად გატყორცნეს ისრები. ორივე ისარი ერთად გაფრინდა, თანაბარი სიჩქარით მიდიოდნენ და ბრწყინავდნენ მზეზე, მერე ქარმა მოიტაცა ორთავე და დასალიერში გააუჩინარა.
_ აბა, რომელმა ვაჯობეთ? _ იკითხა სუსანოომ.
_ ძნელი სათქმელია. მოდი, კიდეც ვცადოთ.
სუსანოო მოუღუშა და თავი გააქნია:
_ რამდენიც გინდა ვცადოთ, იგივე განმეორდება. მაგას ჯობს, ჩაირბინო და ისარი ამომიტანო. ხომ არ გეზარება? ძალიან მიყვარს ეგ პრიალა ისარი. ტაკამაგაჰარადან მაქვს წამოღებული.
ასიჰარასიკოო მაშინვე მორჩილად დაეშვა კლდიდან და ქარისაგან აშრიალებულ მაღალ ხმელ ბალახებს შეერია. სუსანოომ კი სწრაფად ამოიღო ქამარზე ჩამოკიდებული ქისიდან კვეს-აბედი, კლდის ძირას ჩავიდა და ხმელ ბალახს ცეცხლი წაუკიდა.
თვალის დამხამხამებაში კვამლის შავი ღრუბლები ავარდა ცაში. ტკაცატკუცით იწვოდა კვამლში გახვეული ხმელი ბალახი, ბუჩქები და ნორჩი ლერწამი.
_ ახლა კი მოვუღებ ბოლოს!
მაღალ კლდეზე იდგა იგი მშვილდს დაყრდნობილი და ბოროტი ღიმილით მანჭავდა ტუჩებს.
ცეცხლი სწრაფად მიიწევდა წინ. ჩიტები საცოდავი ჟივჟივით მიისწრაფოდნენ შავ-მეწამული ცისაკენ, მაგრამ მხოლოდ ზოგი თუ ასწრებდა სამშვიდობოს გასვლას. უმეტესობას ალის ენები ეწეოდა და დაბლა ყრიდა. შორიდან ისე მოჩანდა, თითქოს ქარიშხალი ამოვარდა და ხეებს ნაყოფი დააყრევინაო.
_ ახლა კი მოვუღე ბოლო! _ კვლავ შვებით ამოისუნთქა სუსანოომ, მაგრამ იმავე წამს გულზე მძიმედ დააწვა რაღაც გამოუცნობი სევდა და სიმძიმილი...
იმავ საღმოს სუსანოო გულხელდაკრეფილი იდგა სასახლის წინ და გამარჯვებული სახით გასცქეროდა კვამლის ღრუბლით შეჯანღულ ცისკიდურს. ამ დროს სუსერი-ჰიმეც მოვიდა, ვახშამი მზადააო, უნდა ეთქვა. ტანთ თეთრი სამოსი ეცვა, სამგლოვიარო, თითქოს ახლობელი ნათესავი მოჰკვდომოდეს.
დანაღვლიანებული ქალიშვილი რომ დაინახა, სუსანოომ დაცინვა დაუპირა:
_ აბა, ცაში აიხედე. ასიჰარასიკოო ახლა უკვე...
_ ვიცი, _ გააწყვეტინა სუსერი-ჰიმემ და მამას თვალი აარიდა. სუსანოო გააოცა შვილის უკმეხობამ.
_ მართლა იცი? _ ჩეაკითხა იგი, _ ალბათ ძალიან გეწვის გული, არა?
_ დიახ, ძალიან. თქვენ რომ მომკვდარიყავით, მამავ, ბატონო, ასე ძალიან არ ვინაღვლებდი.
სუსანოოს სახე შეეშალა სიბრაზით, მაგრამ რატომღაც ვერ შეძლო თავხედობისათვის დაესაჯა სუსერი-ჰიმე. ჯერ იყუჩა, მერე კი უთხრა, თუ ასე ნაღვლობ, იტირეო, სწრაფად შეტრიალდა და სასახლისაკენ გააბოტა. კიბეზე რომ ადიოდა, ჩაიბურტყუნა, სხვა დროს ამდენს არ ვალაპარაკებდი, ერთი მაგრად მივტყეპავდიო...
მამის წასვლის შემდეგ სუსერი-ჰიმემ კარგა ხანს უმზირა ალმოდებულ ღამეულ ზეცას ცრემლჩამდგარი თვალებით, შემდეგ მიტრიალდა და ბარბაცით წავიდა სასახლისაკენ.
სუსანოომ ის ღამე თეთრად გაათენა _ ასიჰარასიკოოს აჩრდილმა არ მოასვენა. მთელი ღამე მასზე ფიქრობდა, ნანობდა, რატომ მოვკალიო და თვითონვე უკვირდა, რატომ ვწუხვარ, განა სულ იმას არ ვცდილობდი, როგორმე თავიდან მომეშორებინაო? შამფურივით ტრიალებდა ნედლი ისლით ნაქსოვ სუგადატამიზე, მაგრამ თვალზე რული არ ეკარებოდა.
ზღვაზე ჩამოწოლილ წყვდიადს კი თანდათან ცივი და მოწყენილი განთიადი ცვლიდა.
ეს მოხდა მეორე დილას, როცა მზის სხივები ზღვას მოეფინა. ღამენათევმა სუსანოომ კაშკაშა მზეს თვალები მოუჭუტა, ნელი ნაბიჯით გამოვიდა სასახლიდან და კიბის საფეხურზე სასწაული იხილა: ასიჰარასიკოო და სუსერი-ჰიმე ისხდნენ და მხიარულად საუბრობდნენ.
სუსანოოს დანახვაზე ახალგაზრდები შეკრთნენ. ასიჰარასიკოო მკვიცხლად წამოხტა ფეხზე, პრიალა ისარი გაუწოდა და უთხრა, აი, ვიპოვე თქვენი ისარიო.
სუსანოო პირველად თვითონაც დაიბნა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ჭაბუკის დანახვა უხაროდა.
_ საბედნიეროდ, უვნებელი გადარჩი?
_ დიახ. სრულიად შემთხვევით გადავრჩი. ისრის ასაღებად რომ დავიხარე, ხანძარი წამომეწია. ისარი ავიღე, კვამლის ღრუბლები გავარღვიე და წინ გავიქეცი, მაგრამ დასავლეთის ქარი ქროდა და ალი ფეხდაფეხ მომდევდა... _ ასიჰარასიკოო გაჩუმდა, მამა-შვილს შეჰღიმა და გააგრძო: _ უკვე იმედი გადამეწურა, მაგრამ უეცრად ფეხქვეშ მიწა გამეხსნა და უზარმაზარ ხაროში აღმოვჩნდი. ირგვლივ ბნელოდა, მაგრამ მალე ხაროს ნაპირებზეც მოედო ცეცხლი ხმელ ბალახს, ხარო მთლიანად განათდა, მაშინ დავინახე, მინდვრის თაგვებს აევსოთ იქაურობა. იმდენი იყვნენ, ძირზე მიწა არ ჩანდა.
_ კარგია, რომ თაგვები იყვნენ. აი, გველები რომ ყოფილიყვნენ… სუსერი-ჰიმეს ერთდროულად ჩაუდგა თვალებში ცრემლიც და ღიმილიც.
_ თუმცა, არც თაგვებთან ბრძოლა იყო იოლი. აი, ნახეთ, ისარს ფრთები აღარა აქვს, თაგვებმა მოაღრღნეს. საბედნიეროდ, ცეცხლმა სწრაფად გადაიარა ხაროს თავზე და ამოვედი.
სუსანოომ იგრძნო, რომ ამ მოხერხებული ჭაბუკისადმი კვლავ სიძულვილი განუახლდა. იმასაც მიხვდა, რახან ერთხელვე მისი მოკვლა ჩაიდო გულში, ვერ მოისვენებდა. პატოვმოყვარეობა არ ასევენებდა, პატვმოყვარეობა იმ კაცისა, რომელმაც არ იცოდა, რა იყო მარცხი.
_ ბედი გქონია, მაგრამ არ უნდა დაივიწყო, რომ ბედი ქარსა ჰგავს: ხან აქედან დაუბარევას, ხან იქიდან... თუმცა ახლა ამას აღარა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ გადარჩი. ახლა კი სასახლეში შევიდეთ. თავი მინდა მომიხილო.
ასიჰარასიკოოსა და სუსერი-ჰიმეს სხვა რა დარჩენოდათ, შეჰყვნენ სასახლეში და მზით განათებულ თეთრ ფარდას მოეფარნენ.
ბრაზითა და ბოღმით აღვსილი სუსანოო შუა დარბაზში მოირთხა და «მიძურას» ვარცხნილობა გაიშალა. გამხმარი ლელქაშის ფერის გრძელი თმა ჰქონდა, მდინარესავით გრძელი!
_ მე ჩვეულებრივი მკბენარები არა მყავს თავში, _ გააფრთხილა სუსანოომ ჭაბუკი.
ასიჰარასიკოომ მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია და მოხილვა დაუწყო, მაგრამ თმები გადაუწია თუ არა, დაინახა, რომ სუსანოოს თავში ვეება, სპილენძისფერი, შხამიანი სკოლოპენდრები უფუთფუთებდნენ.
ასიჰარასიკოო დაიბნა მაგრამ ისევ სუსერი-ჰიმემ უშველა: ხელში წითელი თიხის გუნდა და მუკუს ნაყოფი ჩაუდო. ასიჰირასიკოო მოკბეჩდა მუკუს ნაყოფს, ცოტა თიხას გაურევდა, დაღეჭავდა და იატაკზე გადმოაფურთხებდა, თითქოს სკოლოპენდრებს ხოცავდა და ძირს ყრიდა.
სუსანოო უძინარი იყო და ჩათვლიმა... სიზმრად ნახა, ვითომ ტაკამაგაჰარას ქვეყნიდან გამოძევებული, რომელიღაც მთაზე ადიოდა ციცაბო ბილიკით. ფრჩილები სულ დასძრობოდა კლდეებზე ფორთხვით. კლდეთა ნაპრალებში აქა-იქ გვიმრა ამოსულიყო, ციდან ყორნების საზარელი ჩხავილი ისმოდა, ზეცას ფოლადისფერი ჰქონდა გადაკრული, ირგვლივ ყველაფერი პირქუშად გამოიყურებოდა.
_ რა დავაშავე, რა ჩემი ბრალია, იმათზე ძლიერი რომ ვარ. განა ეს დანაშაულია? ხალხია ეგენი? მლიქვნელი, ორპირა კაცუნები! _ ბრაზობდა სუსანოო და გაჭირვებით მიიწევდა მთის მწვერვალისაკენ. მოულოდნელად კლდებზე ლითონის სარკე შენიშნა. სარკეს ექვსი ეჟვანი ეკიდა გვერდებზე. სუსანოომ სარკეში ჩაიხედა და ახალგაზრდა სახე დაინახა, მაგრამ თავისი კი არა, ასიჰარასიკოოსი, რომლის მოკვლასაც რამდენჯერმე შეეცადა.
სუსანოოს გამოეღვიძა და დილის მზის სხივებით განათებულ დარბზს მოავლო თვალი. ასიჰარასიკოო და სუსერი-ჰიმე არსად ჩანდნენ. სუსანოომ კარისკენ გაიწია, მაგრამ რაღაცამ შეაჩერა, უკან მოიხედა და დაინახა, რომ თმით, სამ ნაწნავად დაწნული თმით იყო მიბმული ჭერის კოჭებზე.
_ აი, შე არამზადავ! _ დაღრიალა სუსანოომ, რადგან ყველაფერს მიხვდა და მთელი ძალით გაიქნია თავი. სასახლის სახურავიდან გამაყრუებელი ხმაურით ჩამოცვივდა ჭერის კოჭები. სუსანოომ მარჯვენა ხელით მძიმე ციური მშვილდი აიტაცა, რომლითაც ირმებზე ნადირობდა, მარცხენათი ციური ისრებით სავსე კაპარჭი, ღონე მოიკრიბა, ფეხზე წამოხტა, ჩამონგრეული კოჭები აიღია, ამაყად თავაწეული გამოვიდა სასახლიდან და ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. ქარიშხალივით გადაიარა სუსანოომ სასახლის ირგვლივ ატეხილი მუკუს ხეების ჭალა და კბოდეს მიადგა. აქედან უკვე ზღვა იწყეობოდა. სუსანოო კბოდის ნაპირას შეჩერდა. თვალები ხელისგულით მოიჩრდილა და ცისკიდურს დაუწყო თვალიერება. ირგვლივ ყოველაფერს _ ცას, ჰაერს და თვით ზეცას კი ზღვისფერი დასდებოდა. შორს, ლურჯ ტალღებში ნაცნობი ნავი შენიშნა.
სუსანოო მშვილდს დაეყრდნო და ნავს მიაშტერდა. ჭილოფის იალქნიანი პატარა ნავი მსუბუქად მისრიალებდა ტალღებზე. კიჩოზე ასიჰარასიკოო იდგა, ქიმზე კი სუსერიჰიმე.
სუსანოომ მშვიდად მოზიდა თავისი ციური მშვილდი და ციური ისარი ნავს დაუმიზნა, მაგრამ ისარი არ გაფრენილა. სუსანოოს თვალებში ღიმილის მაგვარი გაუკრთა. ღიმილი და ცრემლები ერთდროულად ჩაუდგა თვალებში... მან მხრები აიჩეჩა, მშვილდი მოსიროლა და ხმამაღლა ახარხარდა. ისე ახარხარდა, იტყოდი, ნიაღვარი მოვარდაო.
_ დამილოცნიხართ! _ გასძახა სუსანოომ ახალგაზრდებს თავისი ბოხი, ძლიერი ხმით და ხელი დაუქნია, _ ჩემზე ძლიერნი ყოფილიყავით, ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე... _ წამიერად დადუმდა და ხმადაბლა დაუმატა: _ ჩემზე ბედნიერნი!
მისი სტყვები ქარმა ზღვას მოჰფინა. იმ წუთებში სუსანოო უფრო მშვიდი და დიადი იყო, უფრო წააგავდა ციურ ღმერთს, ვიდრე მაშინ, როცა ოჰირუმემუტის ერკინებოდა, როცა ტაკამაგაჰარას ქვეყნიდან გამოაძევეს, ან მაშინ, როცა კოსელ გველეშაპს მოუღო ბოლო.
მაისი, 1920წ.