თაბუკაშვილი რევაზ
გაზიარება

უდაბნო 

რა არის სიცოცხლე? _ მხოლოდ ქარავანი
ამ მწირ უდაბნოში სულ მოხეტიალე,
მოვედით ყველანი, რომ ვპოვოთ სავანე,
გვეფაროს სამუმის ფრთა ოხერტიალი.
შორ ოაზისებზე გვამხნევებს ოცნება,
მივდივართ გვდაღავენ მდუღარე ქვიშანი,
ხან გვხვდება ნაღველი და ხან საოცრება,
ჩვენს შემდეგ არ რჩება კვალი და ნიშანი.
უდაბნოს სიკვდილი მარტოდმარტო აზის,
ხალხნი კი ლანდი ვართ დარდით დაბარდნილი,
თუ შევხვდით ოდესმე სანატრელ ოაზის _
ჩვენ მაშინ ჩაგვქოლავს ქვიშა ავარდნილი.
მოქარავნეები უდაბნოს მხარეში,
დგამენ ობელისკებს თავისი სახელით...
ზოგ მათგანს დალეწავს დრო-ჟამის თარეში,
ზოგი გადარჩება მრავალის მნახველი.
ჩვენ წავალთ, გავქრებით, ჟამს მოვეფარებით
და საუკუნეთა დაგვფარავს თავანი,
ისევ გაიღება უდაბნოს კარები
და მოვა ამ ქვეყნად სულ სხვა ქარავანი.
კვალს ვერსად შენიშნავს მდუღარე სილაზე,
შეხედავს ობელისკს დამცინავ ხველებით,
ზოგთან გაჩერდება ამბორით, სინაზით,
ზოგს თვითონ დალეწავს უწყალო ხელებით.
დარჩება მწირი და მრისხანე უდაბნო,
დარჩება სამუმი მტარვალის დიდებად,
გაქრება მრავალი სახელი უდაფნო
და ზოგი აღდგება მძლე პირამიდებად.

??????