ყრმობის სიზმრები
მტკვარგაღმა დაგრჩა ბავშვობის კერა,
დედის ცრემლი და მამის ჭაღარა,
აქ სხვა ჭადარმა მოგაპყრო მზერა
და სხვა ფოთლები შემოგაყარა.
შენი ბალღობის და სიყრმის მხარე
ახლა სხვაგვარი შუქით ნათდება,
ცაზე თვალდათვალ იზრდება მთვარე,
ყრმობის სიზმრებში მიემართება.
მოულოდნელად იელვებს მტკვარი,
როგორც იელვა მამის ჭაღარამ,
გაღმა ანთია ცრემლი კვარივით
და ცრემლის შუქი ვინ მოგახალა?
მოულოდნელად იელვებს მტკვარი,
დედის ნაღველმა როგორც იელვა,
როცა მიჰგვარე უცნობი ქალი,
ვით სიყრმის ცოდვა და პატიება.