მამა
იმისათვის გამაჩინე,
მამა,
რომ თაყვანსა გცემდე და
არასოდეს გიხდიდე
ამაგს.
შენ თურმე
იმისთვის გამაჩინე,
თვალის ჩინო,
მამა,
რომ სული გატკინო და
მაინც არ დაიმჩნიო,
მამა!..
ვაიმე, ახლოვდება
საღამოს ლანდი და
ხმები,
მამა.
საყვედურივით დამდევს
შენი პატარა,
საცოდავი მხრები,
მამა!..
ვაიმე,
შენ ეწევი იაფ,
სულ იაფ სიგარებს,
მამა,
მათ მყრალი სუნი აქვთ
და
აღარ მიკარებ,
მამა!..
ვაიმე,
უშენოდ
სიცოცხლის ხე ვარ და
ვხმები,
მამა!
მინდა:
ავწიო და
პატიოსან ქვეყანას ვუჩვენო
შენი ნაჯაფარი მხრები,
მამა!