აკუტაგავა რიუნოსკე
გაზიარება

სანემონის დანაშაული 

ეს მოხდა ბუნსეის მეოთხე წელს. ტირისდენის თვეში. კაგას მფლობელის, თავად ხარუნაგას ვასალმა, ქეშიკმა ხოსიო სანემონმა მოკლა ჭაბუკი კაძუმა, კინუგასა ტახეის, მისივე რანგის ქეშიკის, უმცროსი ვაჟი. მაგრამ ორთაბრძოლაში როდი მოუკლავს. _ შემოაკვდა. ერთხელ როცა სანემონი მგოსანთა შეკრებიდან ბრუნდებოდა, ძაღლის ჟამისას საჯირითო მოედანს ჩაუარა და სწორედ ამ დროს ხმალამოწვდილი კაძუმა დაეცა თავს, მაგრამ მისივე ხელით დაიღუპა.
ამბავი ესე მისწვდა თავადის ყურს და ხარუნაგამ უბრძანა სანემონს, მის წინაშე გამოცხადებულიყო. არც არავის გაკვირვებია ეს ბრძანება.
ჯერ ერთი, _ ბრძენკაცად იცნობდნენ ხარუნაგას. ყველა მნიშვნელოვან საქმეს თავად გადაწვეტდა ხოლმე. ვასალებს არ ანდობდა. ვიდრე ძირამდე არ ჩასდევდა ფესვს საქმისას, ვიდრე თავად არ განსჯიდა ჯერისამებრს, ვერ მოისვენებდა... განა ამას არ ადასტურებს ამბავი მისი ორი ბაზიერისა? ერთი რომ დააჯილდოვა, მეორე რომ დასაჯა? ამ ამბიდანაც ხომ ჩანს, რა კაცი ბრძანდებოდა ხარუნაგა, კაგას პატრონი. ამიტომაც არ იყო ზედმეტი ამის გახსენება.
ერთხელ ერთმა ბაზიერმა, მძლევარი ფრინველების თვალთვალი რომ ევალებოდა, აცნობა, _ იტიკავას სოფლის ყანებში წითელნისკარტა წეროების გუნდი დაეშვაო. მისი ბრწყინვალება დიდად გაახარა ამ ცნობამ. ხვალისათვის მოითავეს მზადებანი და დილაადრიან გაემართნენ იტიკავას სანახებისკენ. ბაზთაგან უკეთესი შევარდენი, ფუძი-ცუკასას ჩვეულებრივ სამურაი აიმოტო კიძაემონი ბაზიერობდა, იმ დღეს კი თავად მისმა ბრწყინვალებამ მოინება საკუთარი ხელით ეტარებინა შევარდენი. რაღაც ხიფათად ამასწინანდელი წვიმებისაგან ყანებზე გამავალი ბილიკი მოლიპულიყო, და მის ბრწყინვალებას უცაბედად ფეხი დაუსხლტა, შევარდენი ოსწყდა მის ხელს. შეინავარდა და იმავე წამს აფრინდა წითელნისკარტა წეროების გუნდი, ცაში გაუჩინარდა. ამის დანახვისას კიზაემონმა, ბრაზისაგან გონდაკარგულმა, ერთი მაგრად შეუზახა:
_ რა ჰქენი, ბრიყვო! _ მაგრამ იმავე წამს გონს მოეგო, იაზრა, რომ მის წინაშე მისი ბრწყინვალება იდგა, მუხლებში ჩაუვარდა თავადს, ცივმა ოფლმა დაასხა. ასე ელოდა თავადის მოქნეულ ხმალს. მისმა ბრწყინვალებამ კი მხოლოდ გაიღიმა და ბრძანა:
_ ჩემი ბრალია! მომიტევე, დამნაშავე ვარ!
ციხე-კოშკში დაბრუნებისას კიძაემონის ერთგული სამსახურითა და გულწრფელობით ნაამებმა თავადმა ახლად გატეხილი ყამირი მიწა უწყალობა, ასი კოდი ბრინჯის მოსავლიანი, და თანაც ბაზიერთუხუცესად დაადგინა.
იმხანად ფუძი-ცუკასას, შევარდენს, ვინმე სამურაი, სახელად იანასა სეიხატი მიუჩინეს. და მოხდა ისე, რომ შევარდენს რაღაც სენი შეეყარა. გამოიძახა მისმა ბრწყინვალებამ სეიხატი და ეკითხება:
_ როგორაა ფუძი-ცუკასა, ჩემი შევარდენი?
ამ დროისათვის შევარდენი უკვე გამოჯანსაღებულიყო და სეიხატიმაც უპასუხა:
_ საღადაა! იმდენად საღად, რომ კაცის დაკაწვრაც არ გაუჭირდება.
ეტყობა, არ ეთნო მის ბრწყინვალებას ასეთგვარი ტრაბახი, ამიტომაც ბრძანა:
_ კეთილი, მაშ, გვაჩვენე კიდეც, როგორ დაეცემა კაცს.
რა ღონე ჰქონდა, იმ დღიდან სეიხატი დაადებდა ხოლმე თავზე თავის შვილს სეიტაროს თევზსა ან ნანადირევის ნამუსრევს, ან სხვა საქნიერს რასმე და მთელი დღეებით წვრთნიდა ფუძი-ცუკასას, ისე რომ, შევარდენი თანდათან შეაჩვია კაცის თავზე დაჯდომას. მაშინ ბევრი აღარ უფიქრია სეიხატის და ბაზიეთუხუცესის პირით შეუთვალა თავადს. მზად ვარ გიჩვენო შევარდენით კაცზე ნადირობაო, _ რაზეც მისმა ბრწყინვალებამ ბრძანა:
_ დიდად სასეიროა! ხვალვე ყველანი ერთად გავემართებით სამხრეთის ასპარეზზე. დაე, შევარდენმა შეიპყრას უფროსი სამურაი, ობა ძიუგენი, ჩაის სმის წესებს რომ განაგებს.
დილაადრიან, სისხამზე, მიადგა მისი ბრწყინვალება სამხრეთის ასპარეზს. ბრძანა, შუაგულ მინდორში დაეყენებინათ ობა ძიუგენი. ასეც მოიქცნენ და თავადმაც შესძახა:
_ გაუშვი შევარდენი, სეიხატი!
_ ამწუთას, თქვენო ბრწყინვალებავ! _ და სეიხატიმ გაუშვა შევარდენი. ისარივით გავარდა ფრთოსანი, «ერთის იეროგლიფივით სწორი ხაზი გააავლო ჰაერში და ობა ძიუგენს დააცხრა თავზე.
_ მოხვდა! _ დასცა ყიჟინა სეიხატიმ, მოკლე სატევარი იშიშვლა (ფრინველთა გულ-ღვიძლის ამოსართმევად რომ ხმარობენ მონადირენი) და ობა ძიუგენს მიჰვარდა, რათა იქვე დაეკლა, მაგრამ ამ დროს გაისმა თავადის ხმა:
_ რას სჩადი, სეიხატი!
გონს როდი მოეგო სეიხატი, წარმატებით გაბრუებული ცდილობდა მახვილი ეძგერებინა ობა ძიუგენისათვის, თან ბურტყუნებდა:
_ რაკი შევარდენმა მოინადირა ნადირი, ხო უნდა ამოვართვა გულ-ღვიძლი.
მაშინ რისხვამ აიტანა მისი ბრწყინვალება და ბრძანა:
_ თოფი! _ მიართვეს თოფი და იმავ წამს მოცელილივით დაეცა სეიხატი. უებრო მსროლელი გახლდათ თავადი…
ეს ერთი. მეორე ის იყო, რომ თავადი ხარუნაგა დიდი ხანია, რაც გულისყურით აკვირდებოდა სანემონს. ერთხელ მოხდა ასეთი ამბავი: მოჯანყეთა დაშოშმინებისას თავში დაჭრეს სანემონი და კიდევ ერთი სამურაი. ეს სამურაი წარბებს შუა იყო დაჭრილი, სანემონს კი მარცხენა საფეთქლის ცისფერი ძარღვი შესიებოდა. ხარუნაგამ მოიხმო ორთავენი და გაკვირვებით იკითხა:
_ სასწაული არაა? _ მერე: _ გტკივათ? _ რაზეც იმ სამურაომ მიუგო:
_ სულაც არ მტკივა. ბედზე გადავრჩი!
ხოლო სანემონმა პირქუში სახით ჩაიბურტყუნა:
_ არ მტკივაო? მხოლოდ მკვდარს თუ არ ეტკინება ასეთი ჭრილობა.
მას შემდეგ დარწმუნდა ხარუნავა, რომ სანემონი პატიოსანი და გულმართალი კაცი იყო, სიცრუე არ ამოვიდოდა მისი პირიდან. «სხვისა რა მოგახსენოთ, ამ კაცს კი ვენდობი», _ გაიფიქრა მაშინ თავადმა.
ასეთი კაცი იყო ხარუნაგა, კაგას მფლობელი. ამიტომაც ასე გადაწყვიტა: მოულოდნელი მკვლელობის გამოსაკვლევად პირადად დაეკითხა სანემონი.
თავადთან ხლების ბრძანება რომ მიიღო, გულჩათხრობილი წარდგა მის წინაშე სანემონი. გარნა დამნაშავე და მონანიე კაცის სახე არ ჰქონდა. დაძაგროდა ხმელი პირისახე, მღელვარებისგან გაქვავებოდა, რაღაც შინაგან შეუპოვრობას შეეპყრო.
_ ამბობენ, კაძუმა მოულოდნელად დაგცემია თავს, სანემონ, _ უქარაგმოდ დაიწყო თავადმა. _ ალბათ გმტრობდა. რას გერჩოდა?
_ მტრობის საბაბი ვერ გამიხსენებია.
მცირე ხანს დააყოვნა ხარუნაგამ და ისე ჰკითხა, თითქოს ცდილობდა კარგად მიეხვედრებინა სანემონისთვის შეკითხვის აზრი:
_ კარგად გაიხსენე, იქნებ მიგიძღვოდა რაიმე ბრალი?
_ არ მახსენდება... თუმცა კი მაქვს ერთი ვარაუდი... შესაძლოა ერთი რამის გამო გამინაწყენდა...
_ მაინც რის გამო?
_ ოთხი დღის უკან მოხდა ეს შემთხვევა. ფარიკაობის სკოლაში ყოველწლიური ასპარეზობა იყო გამართული. თქვენი ბრწყინვალების მასწავლებლის, იამამოტი კოძაემონის ნაცვლად მე დამადგინეს მსჯავრად. თუმცა მე ყოველთვის წვრთნადაუმთავრებელი სამურაების ორთაბრძოლას ვმსაჯობდი ხოლმე. კაძუმასც მე დამევალა ამჯერად.
_ ვინ იყო მისი მეტოქე?
_ სამურაი, სახელად ტამონი, თქვენი ბრწყინვალების ვასალის, ხირატა კიდაის ვაჟიშვილი და მემკვიდრე.
_ და კაძუმა დამარცხდა ორთაბრძოლაში?
_ დამარცხდა, თქვენო ბრწყინვალებავ. ორგზის შეეხო ტამონი კაძუმას მაჯას და ერთხელ თავს მისას. ამან კი ვერც ერთხელ ვერ უჩხვლიტა მოწინააღმდეგეს. სამივე წრეში სასტიკი მარცხი იწვნია კაძუმამ. მსაჯზე თუ დაიბოღმა, ჩემზე მოგახსენებთ, თქვენო ბრწყინვალებავ.
_ ხომ არ იფიქრა კაძუმამ, მიკერძოებით სჯიდაო მსაჯი? ამას ვარაუდობ?
_ ასე ვვარაუდობ, თქვენო ბრწყინვალებავ. მაგრამ მე არასოდეს მჩვევია ასეთი რამ. არც რაიმე საბაბი მქონია ოდესმე, ვინმესთვის მიმენიჭებინოს უპირატესობა. მაინც ვფიქრობ, რომ კაძუმა დაეჭვდა ჩემს სამართლიანობაში.
_ მანამდე ხომ არ წალაპარაკებიხართ ერთმანეთს? ცილობა ხომ არ ჩამოვარდნილა თქვენ შორის? აბა, გაიხსენე?
_ არა, არასდროს შევცილებივართ ერთმანეთს ოღონდ... _ აქ ენა დაება სანემონს, ყოყმანისგან როდი; ჩანდა უზუსტეს სიტყვებს ეძებდა. რათა უკეთესად გამოეთქვა აზრი. _ ოღონდ ერთხელ... ასპარეზობის წინადღით კაძუმამ ცემდა მოულოდნელად პატიება მთხოვა, უკმეხად მოგექეციო ამას წინათ. მე ვერაფერი გავიხსენე და ვკითხე, რას გულისხმობ-მეთქი. კაძუმას არაფერი უპასუხნია; ერთი კი გაიღიმა დარცხვენილმა. მაშინ ვუთხარი, არაფერი არ გადანაშაულებ, არაფერი მაქვს საპატიებელი მეთქი. მე მომეჩვენა, რომ დამიჯერა კაძუმამ, რაკი უკვე მშვიდად ჩაილაპარაკა, «მომჩვენებია... გთხოვ, გულიდან გადაიგდო ეს საუბარი...» ახლა კი მაგონდება, რომ ამის თქმისას კვლავ გაეღიმა კაძუმას, მაგრამ მორცხვად როდი, რაღაც ავი ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში...
_ მაინც რას გულისხმობდა?
_ ვერაფერს მივმხვდარვარ. რაღაც უმნიშვნელო რომ კი უნდა ყოფილიყო... ეს არის და ეს. სხვა რამ ცილობა ჩვენ არ გვქონია...
ერთხანს ორთავენი დუმდნენ.
_ რა ზნის კაცი იო კაძუმა? ეჭვიანობა ხომ არ შეგიმჩნევია მისთვის?
_ არა, არ შემიმჩნევია... კეთილი ზნისა იყო, გულგაშლილი... გრძნობების გამომჟღავნებისა არა რცხვენოდა. ფიცხი კი იყო... _ დადუმდა ამ სიტყვებზე სანემონი. მერე ამოხვნეშით ჩაილაპარაკა: _ ეს კია, რომ... ტამონთან ორთაბრძოლა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო.
_ ძალზე მნიშვნელოვანი? რატომ?
_ კაძუმას გავლილი ჰქონდა წინასწარი გამოცდები. ამ ბოლოს რომ გაემარჯვა, მისი წვრთნა დასრულებულად ჩაითვლებოდა. თუმცა ტამონსაც ასე ჰქონდა საქმე. ორთავენი _ ტამონიცა და კაძუმაც _ ჭაბუკ სამურაებს შორის ყველაზე ნიჭიერი მოფარიკავეები იყვნენ.
ხარუნაგა ფიქრს მიეც ანაზდად, თითქოს რაღაც ახალი აზრი გაუჩნდაო. იმ საბედისწერო ღამის გამო გამოკითხვა დაუწყო ვასალს.
_ ნამდვილად გიდარაჯებდა საჯირით მოედანთან კაძუმა?
_ ასე გამოდის. იმ სუსხიან საღამოს მარტომ ჩავუარე მოედანს. მოსასხამი არ მქონდა თან და ქოლგის გაშლა მომიხდა. ანაზდად გაძლიერდა ქარი, თოვლმა ირიბად იწყო ცვენა და მეც მარცხნივ გადავხარე ქოლგა. სწორედ ამ დროს დამეცა კაძუმა და ამიტომაც ამცდა მისი მახვილი. მხოლოდ ქოლგას მოხვდა და გაფატრა.
_ ისე მოგიქნია მახვილი, რომ არც კი შეგეხმიანა?
_ ასე გამოდის.
_ იცანი? რა იფიქრე?
_ გაფიქრებაც ვერ მოვასწარი. მეყსეულად მარცხნივ ვუგანე და იმავ წამს გამიმეორა დარტყმა. ერთ მტკაველზე გამიფატრა ხალათის სახელო. კვლავ განზე გავხტი, მახვილი ვიშიშვლე და ვაძგერე. მკერდი გამიფატრავს მისთვის. რაღაც წამოიყვირა...
_ მაინც რა?
_ არ მახსოვს. ისე, უბრალოდ წამოიყვირა, რაღაც გამძვინვარებულმა... მაშინღა მივხვდი, კაძუმა რომ იყო.
_ შენ ამბობ, ხმაზე ვიცანიო?
_ არა, მაგას არ ვამბობ!
_ მაშ, როგორღა მიხვდი, კაძუმა რომ იყო?
დუმდა სანემონი, არაფერი უპასუხნია თავადისთვის. მაშინ ხარუნაგამ მეტი დაჟინებით განუმეორა კითხვა. მაგრამ სანემონი კვლავ დუმდა, თავი დაეხარა და თავის ხამლებს ჩაშტერებოდა: ჰგავდა, არც კი აპირებდა ხმის ამოღებას.
_ აბა, სანემონ! _ ერთბაშად გადასხვაფერდა თავადი, მრისხანე და დიდებული იერი მიეცა. მსგავსი წამიერი ფერისცვალებანი სჩვეოდა ხარუნაგას. თავი არც აუწევია. ისე განახვნა სანემონმა ჯიუტად მოკუმული ბაგენი. მაგრამ მისთა ბაგეთაგან აღმომხდარი სიტყვები პირდაპირი პასუხი არ იყო პატრონის შეკითხვაზე. ხარუნაგას გასაოცრად, ეს იყო დანაშაულის თვინიერი აღიარება.
_ დიახ, მძიმე ბრალი მაწევს, ტყუილუბრალოდ დავღუპე სამურაი, თქვენი ბრწყინვალების ძვირფას სამსახურში მდგარი.
მოიღრუბლა პატრონი. მიუმხვდარობა ეწერა სახეზე, მაგრამ მზერა, სანემონისკენ მიმართული, კვლავ მრისხანე და დიდებული იყო.
_ სრული უფლება ჰქონდა კაძუმას ვძულებოდი, _ განაგრძო ყმამ, _ უსამართლოდ ვსჯიდი მათ ორთაბრძოლას.
კიდევ უფრო ჰქონდა კაძუმას ვძულებოდი, _ განაგრძო ყმამ, _ უსამართლოდ ვსჯიდი მათ ორთაბრძოლას.
კიდევ უფრო მოიღრუბლა ხარუნაგა.
_ წეღან პირუთვნელობა ახსენე შენი. ირწმუნებოდი, ფიქრადაც არ მომსვლია, ვინმესთვის უპირატესობა მიმენიჭებინაო.
_ მერწმუნეთ. მართალი ვთქვი წეღან. მზადა ვარ იგივე გავიმეორო... _ დიდის ძალისხმევით არჩევდა სიტყვებს სანემონი, თითქოს მთელი გულისნადების გაცხადება სურსო. _ აი, სად იყო უსამართლობა: მე მართლაც არ მქონია განზრახული
ხელი შემეწყო ტამონის გამარჯვებისა და კაძუმას დამარცხებისათვის. ჭეშმარიტად ასე ეს, როგორც წეღან მოვახსენე თქვენს ბრწყინვალებას. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ეს ჯერ კიდევ არაა იმის დასტური, თითქოს მე პირუთვნელად მოვიქეცი. მე შეგნებულად მეტ იმედებს ვამყარებდი კაძუმაზე. ტამონის ხელოვნება მანკიერია, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისაკენ მიისწრაფვის, ოღონდ გაიმარჯვოს, არაფერს არ დაგიდევს, სიმდაბლისაც არ შერცხვება. კაძუმა სხვაა _ მისი ხელოვნება ამაღლებულია, კეთილშობილური. იგი ჭეშმარიტი ხელოვანია, ალალმართალი და პირდაპირი, მუდამ რომ მზადაა პირისპირ შეხვდეს მოწინააღმდეგეს. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ორი-სამი წლის შემდეგ ტამონი აღარ ივარგებდა კაძუმას მეტოქედ...
_ მაშ, რად მიუსაჯე დამარცხება კაძუმას?
_ საქმეც ეგაა... სიმართლე გითხრათ, მე კაძუმას გამარჯვება მწადდა და არა ტამონისა. მაგრამ მე არ მავიწყდებოდა, რომ მსაჯი ვიყავ, ხოლო მსაჯმა გულიდან უნდა გადაიგდოს პირადი თანაგრძნობანი. როცა მარაომომარჯვებული დგახარ მოასპარეზეთა შორის, მხოლოდ ზეციურ კანონებს უნდა მისდევდე და არა გულისთქმას. ასეთია ჩემი რწმენა. ამიტომაც იმ ორთაბრძოლის დროს მარტოოდენ უზენაეს სამართალზე ვფიქრობდი. ოღონდ, წეღანაც მოგახსენებდით, გულის სიღრმეში მაინც მწადდა კაძუმას გამარჯვება. გულისხმიერი სასწორი მის სასარგებლოდ დაიწონა. და მოხდა ისე, რომ პინების გასაწონასწორებლად ტამონის პინაში ერთი მცირე საწონი ჩავაგდე... გვიანღა მივხვდი, ზედმეტი რომ მომივიდა; ძალზე ლმობიერად მოვექეც ტამონს, ხოლო კაძუმას მიმართ მეტისმეტი სისასტიკე გამოვიჩინე.
სანემონი კვლავ დადუმდა. თავადიც დუმდა ამბის მოლოდინში.
_ აი, დგანან ერთმანეთის პირისპირ, დაძაბულან, თვალს არ აშორებენ ერთურთის ხმლის წვერს. არც ერთი არ იწყებს ბრძოლას... უცებ წამი მოიხელთა ტამონმა და შეეცადა ხმლის წვერით შეხებოდა კაძუმას თავს. კაძუმამ ბრწყინვალედ მოიგერია დარტყმა, საბრძოლო ყიჟინა დასცა და იმავ წამს მაჯაში მოახვედრა ტამონს ხმალი. სწორედ ამ წუთიდან ვიწყე უსამართლო სჯა. მე, რა თქმა უნდა, გამარჯვებად ჩავთვალე კაძუმას დარტყმა. მაგრამ გულში გავივლე თუ არა, «მარჯი-მეთქი», _ მაშინვე ეჭვმა გამკრა, «მეტისმეტად სუსტი ხომ არ იყო-მეთქი დარტყმა?»... ამ ყოყმანმა შეარყია ჩემი სიმტკიცე: და მე არ აღვმართე მარაო კაძუმას თავზე, თუმცა ამგვარად კი უნდა მოვქცეულიყავ. მოწინააღმდეგენი ერთხანს კვლავ გაუნძრევლად იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ზვერავდნენ ერთურთს. ამჯერად დაძუმა გახტა წინ, ტამონის მაჯა ამოიღო მიზანში. მაგრამ ტამონმა მოიგერია დარტყმა, იერიშზე გადავიდა მეყსეულად და კაძუმას ხელს შეახო ხმლის წვერი. ეს დარტყმა უფრო სუსტი, გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე წეღანდელი, კაძუმასეული. ყოველ შემთხვევაში უფრო მარჯვე დარტყმად ვერ ჩაითვლებოდა ტამონისეული დარტყმა... მაგრამ მე იმავ წამს აღვმართე მარაო ტამონის ტავზე. ამრიგად, პირველ შეტაკებაში გამარჯვება ტამონს ხვდა წილად. «ეს რა ჩავიდინე-მეთქი», _ გამიელვა თავში შიშნეულმა ფიქრმა, მაგრამ მაშინვე რაღაც სხვა ხმამაც ჩამჩურჩულა: «არა, მსაჯი არ შეცდებოდა. და თუ ახლა მეჩვენება, რომ შეცდომა დავუშვი, ეს მხოლოდ იმის გამოა, რომ ზედმეტად ვწყალობ კაძუმას...»
_ შემდეგ რა მოხდა? _ წყენანარევი ხმით იკითხა ხარუნაგამ, რაკი სანემონი კვლავ დადუმდა.
_ მეტოქენი კვალვ ერთმანეთის პირდაპირ დადგნენ. შეტაკება ამჯერად დიდხანს გაგრძელდა. ანაზდეულად ხმალი გადაუჯვარედინა ტამონს კაძუმამ და ყელში მოარტყა ხმლის წვერი. ეს იყო ელვისებური დარტყმა, ძლიერი და სუსტი.
_ მაგრამ წამსაც არ გაუვლია, რომ ახლა კაძუმას თავს შეეხო ტამონის ხმალი. მე მათ შორის აღვმართე მარაო, რათა ფრე გამომეცხადებინა. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ არც კი ვიყავ სწორი... ალბათ გამიძნელდა გამოცნობა, ვინ სჩხვერა პირველმა... თუმცა არა, ყელს უფრო ადრე მომიხვდა ხმალი, ვიდრე მეორე ხმალი თავს მოხვდებოდა. ასე მომივიდა, რა ვქნა. ფრეს გამოცხადების შემდმეგ მეტოქენი მესამეგზის შეემზადნენ შესარკინებლად, კვლავ დადგნენ წესისამებრ და ზვერავდნენ ერთმანეთს. ახლაც პირველმა კაძუმამ დაიწყო ბრძოლა, ამჯერადაც მიზანში მოწინააღმდეგის ყელი ამოიღო. წინ გახტა, მაგრამ ძალზე მაღლა მოუვიდა ხმლის აწევა და ტამონს შეეძლო მისწვდენოდა მის მკერდს... ამის შემდეგ კიდევ ათი წუთი მძვინვარებდა ორთაბრძოლა. საბოლოოდ ტამონის ხმალი მისწვდა კაძუმას თავს...
_ როგორი იყო დარტყმა?
_ ბრწყინვალე და უზუსტესი. ახლა კი ყველა ცხადად დაინახავდა ტამონის უპირატესობას. ამ ხელმოცარვამ გააცოფა კაძუმა. ასერიგად აღელვებულს რომ ვხედავდი, კიდევ უფრო მომინდა მისი გამარჯვება. მომინდა და კიდევ უფრო მომეძალა ყოყმანი: ვერა და ვერ გავბედე, კაძუმას თავზევით ამეწია მარაო. მეტოქენი კვლავ შებნენ ერთმანეთს და უცებ კაძუმა _ ვერც კი მივხვდი რას ეპირებოდა _ შეეცადა ახლოს მიდგომოდა ტამონს. ვერ მივხვდი-მეთქი, იმიტომ მოგახსენებთ, რომ კაძუმა ჩვეულებრივ არ იყენებდა ახლოდგომის ილეთს. სუნთქვა შემეკრა. მოსახდენი მოხდა: ტამონმა მკერდი გამოაჩინა და იმავ წამს მისი ხმლის წვერი ელვის სისწრაფით შეეხო კაძუმას თავს... მესამედ მომიხდა მარაოს აწევა ტამონის თავზე... აი, სად ვუღალატე პირუთვნელობას, შესაძლოა ერთადერთი ზედმეტი ბუმბული დავაწონე ჩემი სულის სასწორის პინას... და ესეც საკმარისი გახდა, რომ წონასწორობა დარღვეულიყო: კაძუმამ წააგო მისთვის ეგზომ მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა. ამიტომაც მეჩვენება ახლა, რომ იგი სამართლიანად გაწყრა ჩემზე...
_ ამან ხომ არ მიგახვედრა, რომ იმღამინდელი თავმდამსხმელი კაძუმა იყო?
_ დარწმუნებული არ ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ ახლა, როცა ყველაფერს ვიხსენებ, თანდათან ვრწმუნდები, რომ დანაშაულის გრძნობა ბუდობდა ჩემში, სადღაც, სულის ფსკერზე... სწორედ დანაშაულის გრძნობამ მიმახვედრა, რომ კაძუმა იყო, ვინც თავს დამესხა.
_ ნანობ, რომ შემოგაკვდა?
_ ვნანობ, თქვენო ბრწყინვალებავ. რაც მთავარია, ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ ასე სასტიკად მოვუსპე სიცოცხლე სამურაის, თქვენი ბრწყინვალების მოყმეს... _ სიტყვა გაწყვიტა სანემონმა და ჩაჰკიდა ბრალეული თავი. დეკემბრის სუსხის მიუხედავად, ოფლს მოეცვარა მისი შუბლი. თავადმა ხარუნაგამ კი, რომელიც ამასობაში კარგ გუნებაზე დამდგარიყო, რამდენჯერმე დაუქნია თავი, თითქოს საკუთარ აზრებს დასცაო დასტური.
_ კეთილი... კეთილი... გატყობ, რა ცეცხლი გიკიდია. იქნებ არც კი მოიქეცი კარგად. მაგრამ რას იზამ, საშველი არ არის... ამიერიდან კი ეცადე, რომ, _ შუაზე გაწყვიტა უცებ სათქმელი ხარუნაგამ და სწრაფი მზერა ესროლა ყმას. _ როცა მახვილი ჩაეცი, ხომ იცოდი უკვე, რომ შენ წინაშე კაძუმა იყო? რატომ მოჰკალ?
პასუხად ჯიქურ ასწია თავი სანემონმა. მისი თვალები, ალმასებივით რომ კიაფოდნენ შავგვრემან სახეზე, წინანდელი შეუდრკელობით ენთნენ.
_ მოვალე ვიყავ, მომეკლა! სანემონი ტქვენი ბრწყინვალების მსახურია. ამას გარდა სამურაიც ხომ გახლავთ იგი. რაც უნდა მებრალებოდეს ახლა კაძუმა, ავაზაკს ვერ შევიბრალებდი!
 
დეკემბერი, 1923წ.

??????