თოვლი
თოვლი მოსულა,
თოვლი მოსულა,
ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით...
მე, უსასრულო სივრცის მოსურნე _
ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი.
და მაღლდებიან მთები ზეცამდე
და მზისკენ იწევს სვეტი სიცივის,
გარეთ სიჩუმე დგას უეცარი
და თოვლზე ხტუნავს შენი სიცილი.
მშვიდობით, ჩემო ლურჯო სიზმარო,
ნახვამდის, ჩემო თეთრო გვირილავ,
მთელი სიცოცხლე უნდა ვიწვალო,
რომ მოგაწვდინო მთიდან ყვირილი.
თოვლი მოსულა,
თოვლი მოსულა,
ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით...
მე, უსასრულო სივრცის მოსურნე _
ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი.