ჩარკვიანი ჯანსუღ
გაზიარება

თბილი წვიმა 

ახლა რა ვუყო, როცა აღარ ხარ,
ხარ ატანილი ვარსკვლავთა მიერ,
ჩემთან მტვერია ისევ ამაღამ
და წვიმა მოდის თბილი და მღვრიე.

ახლა რა ვუყო, როცა მარტო ვარ,
ატანილი და სადღაც მიმქრალი,
შენი წვიმებით მინდა დათრობა
და შენი მკერდისფერი ჭიქებით.

ერთხელ სინათლეს მომტაცებ, ალბათ,
სიმწვანით შეცვლი ჩემს მწუხარებას,
ყველაზე ლამაზს ჩაიცვამ კაბას
და გამიტაცებ თეთრი ქარებით...

ერთხელ კი, ერთხელ და მჯერა ერთხელ,
მაგრამ ამაღამ არის სიცივე,
თბილი წვიმები ძვალში გამტეხენ,
შენც მიმატოვე და მომიცილე.
ერთხელ კი, მაგრამ მითხარი _ როდის,
მე მინდა ახლა, როცა მარტო ვარ.
ამქვეყნად ყველას საშველი მოდის _
მე შენი წვიმით მინდა დათრობა.

??????