მაჭავარიანი მუხრან
გაზიარება

საბა 

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა.
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, _
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
_ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! _ თქვა და თითქოს კიდეც ინანა.
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა, _ ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
_ წვიმა არ არი! _
საბას კაბა დაუსველა რამ?!
_ თოვლი არ არი! _
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
_ ყინვა არ არი! _
სულხან-საბას აკანკალებს რა?
_ რამ დაასველა?!
_ რამ დაათეთრა?!
_ რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!...
...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, _
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, _
სტამბოლში შვილი დედას სტირის, _ ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, _ მუხლზე დაცემულს).
_ რამდენს აფასებ მაგ პატარას? _ ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
_ უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! _
წარმოსთქვა ბალღმა, _ ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
_ არა პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
_ უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?...
საბას ცრემლები მოეძალა, _ ატირდა კაცი, _
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი, _ საქართველოც, _ ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან...
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, _ სასაცილოა! _
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევსდა...
_ მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! _
გულს ნუ გაიტეხ! _ მუხა კვლავაც შეიმოსება!

??????