ჩხენკელი თამაზ
გაზიარება

*** "თმებს ნუ ჩამოიშლი, ისე  

თმებს ნუ ჩამოიშლი, ისე დაღამდება,
ღამე წამოდგება ცისკრით გათელილი,
ბევრჯერ დაჩოქილი კრძალვით ამ ხატებთან
ერთხელ დავიწვები წმინდა სანთელივით.
ერთხელ, ალბათ ერთხელ ყველა დაიწვება
და შენც კრიალოსნის მძივად გაიბნევი,
ისე შეგიყვარდა ჩემი დამიწება,
როგორც შეღამებას ძველი აივნები.
ქუჩებს გადავუგდებ ღამეს გასათეველს,
ღვინით აივსება მთების ჩაფხუტები.
ქარში გადაცვენილ ვერცხლის სასანთლეებს
გულში ავინთებდი შენი ჩახუტებით.
მაგრამ სიჭაბუკეს სადღაც მიეძინა,
თურმე სიყვარულმაც იცის დავიწყება.
მთვარე ამოვიდა, _ ზეცის მუეძინი,
მალე ღამეების ლოცვა დაიწყება.
თმებს ნუ ჩამოიშლი, ისე დაღამდება,
ღამე წამოდგება ცისკრით გათელილი,
ბევრჯერ დაჩოქილი კრძალვით ამ ხატებთან
ერთხელ დავიწვები წმინდა სანთელივით.

??????