ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

ციხე-ტაძართა საგალობელი 

I ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება _
ციხე-ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად.
წევს ვეფხვის ტყავზე საქართველო _ მზისწილხვდომილი,
თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი.თითქო ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს
და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს.
თრთის ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები...
თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების...II
ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი _ გაფრენა,
ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.
ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი გინება,
ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება!
ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი გასროლა,
ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოჩანს სასწორად.
წლებმა იხუვლა, იხვართქლა და ციხეს შეება:
ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად.
თითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,
დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია.III
დიდება თქვენდა, თოროსანო ბერო მამებო,
თქვენ შეგინახავთ ენა, რჯული, ერი, სამეფო,
წიგნებს უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები,
და, საქართველოვ, სულს იკაჟებ, გოლიათდები!
ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი,
დიდება მის ლანდს, მე არა ვარ მეტის მთხოველი.
კურთხეულ იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია,
სულით განათლდეს, ვინც აკვანი მისი არწია.
ვინაც პირველად დაიმღერა `ვეფხვი და მოყმე~,
იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო!
კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო,
თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ _ ღმერთმა შეგინდოთ!
IV
ო, ციხის ლოდო, ჩამოშლილო, ჩამომსხვრეულო _
შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო ჩემო სხეულო.
ო, გოდოლ-ბურჯნო, გალავნებო, ნაგებო მკვრივად,
ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა.
გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო _
შენ _ საქართველოს ფარ-აბჯარო, ჯაჭვის პერანგო.
ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა
და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი
დგას მეციხოვნედ მარადისობა!..

??????