ართილაყვა რევაზ
გაზიარება

პირამიდები 

საეჭვოდ დუმან პირამიდები,
ჯიუტად დუმან პირამიდები,
დუმან პირქუში პირამიდები,
პირდაპირ პასუხს პირამრიდები.
ვარ მითებიდან ამონარიდი,
ხარბად ვისრუტავ ფიქრთა ნიკოტინს,
მთას მიმაჯაჭვეს ამირანივით
და ყვავ-ყორანი გულღვიძილს მიკორტნის.
მე უნებლიეთ ლანდი დავლანდე
ცაში თამამად აჭრილ ორბების,
კაცობრიობის ცოდვა და მადლი
მატყვია, როგორც ნაჭრილობევი.
მონადირენი საფარში სხედან,
აფრთხობს მწევრების ყეფა ნადირებს,
მე კი შემომრჩა მსოფლიო სევდა
ამ ცხოვრებისგან ყოფანატირებს.
ჯიუტად დუმან პირამიდები,
საეჭვოდ დუმან პირამიდები,
დუმან პირქუში პირამიდები,
პირდაპირ პასუხს პირამრიდები.
მე უნებლიეთ კვალი დავკარგე
ცხელ უდაბნოში გაჭრილ ლომების,
კაცობრიობის ავი და კარგი
მაჩნია, როგორც ნაჭრილობევი.
ვარ საზრუნავით სავსე ყელამდე,
სამყაროს ბედი მე მაბარია.
მე მიმადლიან ქვეყნად ყველაფერს,
ქვეყნად ყველაფერს მე მაბრალიან.
არა, არ ვითხოვ ბოდიშის მოხდას,
რაცა ვარ, ეს ვარ, რაც მთავარია.
ჩემი ბრალია, ქვეყნად რაც მოხდა
და რაც არ მოხდა _ ჩემი ბრალია.
სულის სიმშვიდეც და ამბოხებაც
გაისმის, როგორც მძიმე ბრალდება,
რაც მოხდება და რაც არ მოხდება,
სუყველაფერი მე დამბრალდება.
დუმან პირქუში პირამიდები,
საეჭვოდ დუმან პირამიდები,
ჯიუტად დუმან პირამიდები
პირდაპირ პასუხს პირამრიდები.

??????