შამანაძე ნოდარ
გაზიარება

შენი მშვენება 

ისევ შორს მიჭრის თვალთა ისარი,
კვლავ ჩემსკენ არის ღმერთი,
ზოგ ქვეყანაში ჩემი ხნისანებს
მოხუცებული ეთქმით.
სიმწარე მოაქვთ მათ დღეებს დათვლილს,
ჟამი რბის გულთა რბევით,
სამოცი წელი ნატვრაა მათთვის,
სამოცდაათი _ ბევრი!..
მე კი ბიჭურად ვაცეცებ თვალებს,
ყრმობის ჯავარი მომდევს,
კვლავ მკერდზე ვიკრავ
გაბადრულ მთვარეს,
ვით სიჭაბუკის ორდენს.
სამოცი წელი რა არის ჩემთვის?! _
შუადღე არის ცხელი,
გული მიუვალ მწვერვალებს ელტვის,
დარახტული მყავს ცხენი.
ჩემო ქვეყანავ, ეს რა ჯადო გაქვს,
რა თილისმა და ხვითო,
არწივს მთებიდან ცეცხლი გადმოაქვს
და სულში გვაღვრის სითბოს.
ციდან გვიგზავნი რა მზეს, რა ფერებს,
მიწით სიხარულს ბადებ,
შენი მშვენება გვიან გვაბერებს,
შენზე დარდი გვკლავს ადრე.

??????