*** "სულ ერთმა ჭიქამ"
სულ ერთმა ჭიქამ, სულ ერთმა ჭიქამ
დამათრო ასე და მომაგონდი.
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...
ვიფიქრე _ წავალ, გავივლი გზაზე,
შემხვდები ალბათ ამ ქუჩის ბოლოს,
სხვა ფერის კაბა გეცმება მხოლოდ,
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
მერე რამდენი შენ მიგამსგავსე
რხევით,
ღიმილით,
ხმით და სიცილით!
მომინდა უცებ შენი სიცივეც...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა _
ოქტომბრით სავსე და შენით სავსე.
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...