*** "წუხელ თოვლი მოვიდა"
წუხელ თოვლი მოვიდა,
ნეილონის თოვლი,
არც ანტენა ირხეოდა,
არც ხე,
არც ფოთოლი.
როგორც ლიფტში უცნობი,
ისე შემხვდა დილით
ორი კვირის უნახავი
საკუთარი ჩრდილი.
ახლა უფრო ცხადად ვხედავ
ნეილონის თოვლზე
ჩრდილის სახლებს,
ჩრდილის ხეებს,
ჩრდილის ანგელოზებს.
ნეილონის თოვლი
უფრო ანამდვილებს
მაღალ-მაღალ ბიჭებივით
მაღალ-მაღალ ჩრდილებს.
მინდა სიტყვა,
სიმართლე
და სიმაღლე მინდა,
ნეილონის თოვლივით
აშკარა და წმინდა.
მინდა
თოვლი წავიდეს,
მაგრამ დარჩეს ასე
თოვლის ნეილონი და
თოვლის სილამაზე.
წავალ,
არც კი შევხედავ
მზის და ოქროს ზვინებს:
ნეილონის თოვლის
ჩრდილში დავიძინებ.