ნაცნობი
არაფრის თავი არ ჰქონდა,
უყვარდა მხოლოდ ბანქო და
ყველგან, ყოველთვის გაჰქონდა
თავი, რომელიც არ ჰქონდა.
ისე მიიჭრა მიზანთან,
როგორც მრისხანე დრაკონთან,
ბუზს არასოდეს ისვამდა
თავზე, რომელიც არ ჰქონდა.
მუდამ ამაყად ეჭირა -
გამოსულს სადალაქოდან -
და მამულს ბევრჯერ შესწირა
თავი, რომელიც არ ჰქონდა.
ბოლოს დაღვინდა მაჭარი,
ბოლოს უმღერეს ოდა,
ბოლოს საქვეყნოდ მოეჭრა
თავი, რომელიც ჰქონდა.