კახიძე მედეა
გაზიარება

მაგრამ არ იცის წყარომ 

წყარო ჟღურტულებს კლდეში,
მაგრამ, არ იცის წყარომ,
ვინ იკლავს წყურვილს პეშვით,
ვის არწყულებს და სწყალობს.
გვრიტის ხმა ისმის მჟღერი,
ჟრჟოლას გვრის ირგვლივ მთა-ტყეს,
განა იმიტომ მღერის,
მისი გალობით დავტკბეთ.
ჯიხვთა რქის ცემა ისმის,
ტორტმანებს ტანი მკვრივი,
იბრძვიან არა მისთვის,
გვაყურებინონ კრივი.
ჩვენ მიწა სტომაქს გვიძღობს,
ის კი გვზრდის თავის საზრდოდ,
მიწა გვთავაზობს ნაყოფს,
სესხად და არა საძღვნოდ.
მაინც ტოლს ეძებს ტოლი,
წყვილს უწყვილდება წყვილი,
და ჩვენს თავზემოთ ქორი
გულისწამღებად წივის!

??????