ნეფარიძე ჯიბო
გაზიარება

ვარსკვლავთა ღილაკებით 

ბობოქარ ქალაქის ქუჩებში გადავეშვი,
არც ვალი მიმყვება, არც ვეძებ– ვის რა მართებს.
იქ ყოფნის წუთები ჩავყარე სანაგვეში,
ქარს ვატან იმ ჩემს ძველ თარსიან მისამართებს.
იქ აღარ დარეკო, გზა-კვალი გამოვცვალე,
შორს დამრჩა ნაძრახი ბერმუდის სამკუთხედი.
იქ სანთლებს ამაოდ ვუნთებდი სალოცავებს,
იქ სულსაც სიწმინდეს ამაოდ ვაკურთხებდი.
ხელთ ვიგდე თეთრონი თუ არა – მყის შევკაზმე,
მუქარის ხმა მომდევს სატანურ გამეტებით.
მეგონა გათენდა, მაგრამ ჯერ ცის ეკრანზე
ყვავები დაჰქრიან – ბნელ ღამის ნაფლეთები.
ამევსო უდინარ ცრემლების საგუბარი,
იანვრის ქარებით და ჭირხლით ვილაქები.
შენ! თუ კი მოგინდეს ჯიმერთან საუბარი,
აკრიფე ნომერი ვარსკვლავთა ღილაკებით.
ბინა და მარანი მე აღარ მაბადია,
თბილისში ყველა ხეს ვიხურავ ქოლგასავით.
მწუხრიდან ჩემს თავზე მთიებთა ქათქათია,
მეტეხთან მაფრთხილებს მრისხანე გორგასალი.
ცა გასკდა თუ მიწა გაირღვა, – განგაშია!
დასასრულს მივადექ თუ, ღმერთო, რა არის ეს?!
ყორანი ჩემს ლანდზე ნადირობს, განა შია?
კარგად ჩანს თუ როგორ, საიდან რა არიეს.
სად, რომელს, ან რამდენს დარდები ვუგერიო,
დაკარგულ კაცს ამ დროს იპოვი? – მპოვნელზე.
ვის რაღად სჭირდება ღატაკი, უკერიო,
უიღბლო პოეტი და მისი პოეზია.
იქ აღარ დარეკო, იქ აღარ დამიგულო,
შეცდომებს იობის წამებით ვინანიებ.
შენ, ჩემო ძირმწარე დარდების თაიგულო,
შეგირევ თებერვლის ამ პირველ ია-იაებს.
ამევსო უდინარ ცრემლების საგუბარი,
იანვრის ღია ცით ვერცხლისფრად ვილაქები.
ვინც უნდა იყო შენ, თუ გინდა საუბარი,
აკრიფე ციფრები ვარსკვლავთა ღილაკებით!

??????