ღუდეშაური იორამ
გაზიარება

განცდათ ჭიდილი 

ბარდნაა, ჟამი გულკუპრობს...
რას ვიზამთ, ზამთრობს ზამთარი.
დღე მოდის– უფრო და უფრო
ისმის ზვავთ ზავთი, დგანდგარი.
ქარი ყეფს, ყური ყრუვდება,
გული წყლულდება მომრჩალი,
ბაგე ვედრებას უნდება,
თითებს აცვდება `ლოცვანი”;
ფიქრი საფიქრალს არ სწყდება,
თავის ბაკანს ხდის გონქთარი,
სული სასულეს აწყდება
ამოსასვლელად მომდგარი...
რადა ღირს ამ დროს ბუხარი,
შიგ ხმელი მუხის ტკრციალი,
სტუმრები, გულში მდუღარი
აზრი და განცდა ზიარი.
იმ დღისთვის შემონახული,
გზნებით ზენაარ ფრთიანი, –
კახურის – სულის მსახურის,
ეშხით ძარღვების რიალი;
ზეცით ჩამოჭრა სხივისა,
მუზა რომ ჰქვია, ტიალი,
კაფია... პოეზიისა
მიუწვდომელი ტრფიალი... –
ჯანდაბას მაშინ... გაგრძელდეს
ბუნების ორომტრიალი.
..................
უპურმარილო დიაცი,
საბჭოთა ჯორზე შემჯდარი,
მტრისამც სახლის კარს შეაღებს
ისეთ დროს ყუყაგამჯდარი!

??????